როგორ ვუშველოთ ბავშვის ღამის შიშებს და ცუდ სიზმრებს – ღამის შიშები და კოშმარით გამოწვეული შფოთვა სხვადასახვა მიდგომას მოითხოვს

როცა ბავშვი ღამით მოულოდნელად იღვიძებს, ტირის და რაღაცის ეშინია – რითი შეიძლება აიხსნას ეს მოვლენა და რა უნდა გააკეთოს მშობელმა ასეთ დროს? ამ კითხვებზე ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის ბავშვთა ნევროლოგი, თამარ ედიბერიძე გპასუხობს:

– ღამის შიშები და კოშმარები გავრცელებული პრობლემაა სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვებში. ორივე მათგანი, თავისთავად საკმაოდ კეთილსაიმედო პროგნოზის მქონე მდგომარეობაა, თუმცა მნიშვნელოვნად არღვევს ოჯახის წევრების ცხოვრების ხარისხს. დამეთანხმებით, რომ ბავშვის ძილის ნებისმიერი ტიპის დარღვევა, პირდაპირპროპორციულად აისახება ოჯახის უფროსი წევრების ძილზე. ღამის კოშმარების ქვეშ იგულისხმება ცუდი სიზმარი, რომელიც აშინებს ბავშვს. ის იღვიძებს ტირილით, შეიძლება ჰქონდეს საწოლიდან და ოთახიდან გაქცევის მცდელობა, ეხუტება მშობლებს, შეძლებისდაგვარად უყვება სიზმრის შინაარსს. ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ ოჯახის ზრდასრულმა წევრებმა შეინარჩუნონ სიმშვიდე, მოუსმინონ ბავშვს და დაარწმუნონ გარემოს უსაფრთხოებაში. ამისთვის მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, თავად მშობელი იყოს მშვიდად. წინააღმდეგ შემთხვევაში, დამშვიდების მცდელობა არ იქნება დამაჯერებელი. ღამის კოშმარი, ჩვეულებრივ, კარგად ახსოვთ მეორე დღეს. ამიტომ, თუ მას რეგულარული ხასიათი აქვს, სასურველია, რომ დღის მანძილზე ვესაუბროთ ბავშვს მათზე. შევარბილოთ მათი დამოკიდებულება შიშის ობიექტთან, “გავაკეთილშობილოთ” ის “მონსტრი”, რომელიც უფრთხობს ძილს. ამის პარალელურად, ვცადოთ ავუმაღლოთ თვითშეფასება, რომ რაც უნდა საშიში ჩანდეს შიშის ობიექტი სიზმარში, თვითონ უფრო ძლიერი და ღონიერია, უფრო გონიერი და მოხერხებულიც, შესაბამისად, მონსტრი ვერ დაამარცხებს.

რაც შეეხება ღამის შიშებს, ამ დროს, იმის მიუხედავად, რომ ბავშვს ჩვეულებრივ თვალები აქვს ღია და ახორციელებს გარკვეულ მოძრაობებს, რეალურად ისევ ძილის მდგომარეობაშია, ნაკლებად რეაგირებს ჩვენს საუბარზე და დამშვიდების მცდელობაზე. დილით, როგორც წესი, არაფერი ახსოვს. ამ დროს მნიშვნელოვანია ბავშვის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, რომ ძილში არამიზანმიმართული მოძრაობებით შემთხვევით რამე არ დაიზიანოს. სხვა მხრივ, ზედმეტი ჩარევა და დამშვიდების მცდელობა, პირიქით, უშედეგოა ხოლმე და შეიძლება უკუეფექტიც ჰქონდეს. თუ ძილის შიშების ტიპის ქცევა ხშირია, ეპიზოდები მეტისმეტად ხანმოკლეა (რამდენიმე წუთი) და ძალიან ჰგავს ერთმანეთს, მით უფრო, თუ ღამეში რამდენიმე ეპიზოდი შეიძლება დაფიქსირდეს, მიზანშეწონილია, რომ გავიაროთ ნევროლოგთან კონსულტაცია, რათა ძილის პაროქსიზმული მდგომარეობები გამოირიცხოს. სხვა შემთხვევაში, ექიმისგან რჩევა-დარიგების მიღება, რა თქმა უნდა, გვეხმარება, თუმცა დამატებითი კვლევა ან მკურნალობა, როგორც წესი, საჭირო არ არის ხოლმე. პაროქსიზმულ მდგომარეობებთან დიფერენცირების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ექიმს მაქსიმალურად ზუსტად ავუღწეროთ ღამით მიმდინარე მოვლენები. თუ ოჯახი ვიდეო ჩანაწერსაც გააკეთებს და აჩვენებს ექიმს, ეს მნიშვნელოვნად გააიოლებს საქმეს.

წყარო: https://mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები