როგორ ვმართოთ გრიპით ინტოქსიკაცია ბინის პირობებში – თემურ მიქელაძის რჩევები მშობლებს (ვიდეო)

პედიატრი, პროფესორი თემურ მიქელაძე გადაცემაში “პირადი ექიმი” საუბრობს, როგორ ვმართოთ გრიპით ინტოქსიკაცია ბინის პირობებში და რა უნდა გავაკეთოთ, როცა ბავშვს მაღალი ტემპერატურა აქვს:

– გრიპი, ზოგადად, ინტოქსიკაციით ხასიათდება. ვირუსს ე.წ. ნეიროტროპული მოქმედება გააჩნია და გამოხატულია მაღალი ცხელება, მაღალ ცხელებასთან ერთად, კუნთების, სახსრების ტკივილი, ბავშვი მივარდნილია. შესაძლოა, გრიპს ღებინება და ნაწლავთა გახშირებული მოქმედებაც ახლდეს თან, განსაკუთრებით ადრეული ასაკის ბავშვებში.

ინტოქსიკაციის ნიშნები, განსხვავებით კვებითი ტოქსიკოინფექციისა, მაღალ ცხელებასთან ერთად, შეიძლება, 2-5 დღეც გაგრძელდეს. მაშინ, როდესაც კვებით ტოქსიკოინფექციას შესაძლოა, ცხელება ერთჯერადად ახასიათებდეს. გრიპის შემთხვევაში, ცხელება ყოველ 3 საათში ერთხელ, შემცივნებით გამოიხატება და როგორც წესი, 3-5 დღე გრძელდება. ეს სადიფერენციაციო ნიშნებია. თუმცა, ორივეს, როგორც ტოქსიკოინფექციას, ასევე გრიპს, პრაქტიკულად, ერთი და იგივე მკურნალობა სჭირდება. ეს არის სითხეებით დატვირთვა, თუ ელექტროლიტების დეფიციტი გვაქვს, ელექტროლიტური ხსნარების მიღება. ზოგ შემთხვევაში, ჩვენ თვითონ შეგვიძლია, დავამზადოთ – ლიმონის, ცოტა შაქრისა და მარილის გამოყენებით ნახევარ ლიტრ წყალზე და ბავშვს შევთავაზოთ. ან გაზგასული მინერალური წყალი, გაზგასული სხვა სასმელები მივცეთ.

თუ ჩვენ სხვა შემთხვევებში გარკვეულ პროდუქტებსა და სასმელებს ვკრძალავთ, გრიპის მიმდინარეობის, ნაწლავთა ინფექციისა და ტოქსიკოინფექციის დროს, ბავშვმა ჯობს, ნებისმიერი საკვები მიიღოს. მათ შორის, სწრაფი კვების ობიექტის. რა თქმა უნდა, გაურკვეველი წარმომავლობის მაღაზიებში ნაყიდ პროდუქტებს არ ვგულისხმობ. არ ვარ მომხრე, რომ მსგავსი საკვები ხშირად მიიღონ, მაგრამ გრიპის შემთხვევაში, მთავარია, მაქსიმალურად ავარიდოთ ჰოსპიტალიზაციას, ზედმეტ ინვაზიურ პროცედურებს და არ გადავტვირთოთ ჰოსპიტალური სექტორი

. სხვადასხვა ხრიკის გამოყენებაც შეგვიძლია. მაგალითად, მივცეთ მარილიანი ჩხირები, რომ წყურვილი გაუძლიერდეს. წყალი ყველაზე მთავარი და უნიკალური სითხეა, რაც შეიძლება ასეთ დროს შევთავაზოთ. თუ სითხით დავტვირთავთ, შესაბამისად, ტემპერატურის მართვაც გაგვიადვილდება. ცნობილია, რაც უფრო მცირე ასაკისაა ბავშვი, გამოშრობის რისკი უფრო მაღალია, როგორც ტემპერატურით, ასევე ღებინებითა და ნაწლავთა გახშირებული მოქმედებით. მაგრამ, თუ სითხეს მივცემთ, ტემპერატურის მართვაც გაგვიიოლდება და ე.წ. ფებრილური გულყრები აღარ განვითარდება.

თუ ბავშვს რაიმე ქრონიკული პათოლოგია არ აქვს, პირველი-მეორე-მესამე დღეს კლინიკაში არ უნდა მოვათავსოთ. თუმცა, 50% შემთხვევაში ასე იქცევიან. მერე ამბობენ, რომ კლინიკები გადაიტვირთა. გადაიტვირთება, როცა მორბენალ პაციენტს კლინიკაში აწვენ. არ უნდა შეგვეშინდეს. თუმცა, საკმაოდ ძნელია. ჰოსპიტალი უნდა შევუნახოთ იმ ბავშვებს, რომლებსაც სჭირდებათ.

 

 

 

კომენტარები

სხვა სიახლეები