საკვებითა და წყლით ინტოქსიკაცია მწვავე დაავადებაა, რაც ხასიათდება გულისრევით, ღებინებით, ფაღარათით ან ნევროლოგიური სიმპტომებით.
ბაქტერიული კვებითი ინტოქსიკაციის ყველაზე ხშირი გამომწვევია ოქროსფერი სტაფილოკოკებით საკვების დაბინძურება, ასევე, დაბინძურება სალმონელათი, ბაციდუს ცერიუსით, კლოსტრიდიუმ პერფრინგენსით. მაგალითად, სტაფილოკოკით საკვები მაშინ ბინძურდება, თუ მისი მომზადების ან შენახვის წესი ირღვევა. განსაკუთრებით ეს საკონდიტრო ნაწარმს ეხება, რომელიც ოთახის ტემპერატურაზეა დატოვებული რამდენიმე საათის განმავლობაში. ასეთ შემთხვევებში, ამ პროდუქტებში იქმნება სტაფილოკოკის გამრავლებისთვის კარგი პირობები და ხდება ენტეროტოქსინის წარმოქმნა. სწორედ ეს არის ის ტოქსინი, რომელიც დაავადების განვითარებას იწვევს.
ადამიანის ორგანიზმში სალმონელა ხვდება საკვებით – განსაკუთრებით კვერცხიდან, ხორციდან და ისეთი პროდუქტებიდან, რომლებიც სათანადოდ არ არის თერმულად დამუშავებული. ასეთ დროს ხდება მასობრივი ინფიცირების ბევრი შემთხვევა.
კლოსტრიდიუმ პერფრინგენსი ფართოდაა გავრცელებული წყალში, ნიადაგში, ადამიანისა და ცხოველის განავალში. სპორები ძალიან ადვილად მრავლდება და ინტენსიურად აბინძურებს საკვებ პროდუქტებს. ეს დაავადება ძირითადად შემოდგომით იჩენს თავს.
სტაფილოკოკური დაავადების დროს, პირველი 5-6 საათის განმავლობაში იწყება გულისრევა, მუცლის ტკივილი, ფაღარათი, ხანდახან შოკური მდგომარეობაც კი ვითარდება. ამ დროს ტემპერატურა ოდნავ იმატებს. ადამიანი თავს ცუდად გრძნობს.
სალმონელათი დაბინძურებული საკვებით ინტოქსიკაცია ხშირია ძირითადად ბავშვებში. ამ დროს აღინიშნება ღებინება, ტემპერატურის მკვეთრი მატება, სისუსტე, თავისა და მუცლის ტკივილი, კანი შრება, მუცელი კი იბერება. ადამიანს ეწყება ფაღარათი. განავალი თხელია, ქაფიანი და ლორწოვანი. ამ დროს ხშირია გონების დაკარგვა, კრუნჩხვა, კიდურების გაციება. ეს სიმპტომები ვითარდება საკვების მიღებიდან დაახლოებით 6-დან 40 საათის განმავლობაშიც კი.
კლოსტრიდიებით გამოწვეული მოწამვლა იწყება საკვების მიღებიდან 6-დან 12 საათის განმავლობაში. ამ დროს ტემპერატურა იმატებს, ავადმყოფს აღენიშნება ფაღარათი, ღებინება, მუცლის შეტევითი ხასიათის ტკივილები.
საკვებით ინტოქსიკაციის დროს უნდა მიიღოთ, რაც შეიძლება ბევრი სითხე ან გაიკეთოთ გადასხმა. ამით შეძლებთ, დაკარგული სითხის ანაზღაურებას. ზოგჯერ კი აუცილებელი ხდება ანტიბიოტიკების მიღებაც. პროფილაქტიკას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. უბრალოდ, უნდა დაიცვათ საკვების შენახვისა და მომზადების სანიტარული და ჰიგიენური წესები და დაავადების შემთხვევაში, დროულად მიიღოთ ზომები.
წყარო:http://www.for.ge