როგორ ეხმაურებიან “კურიერის” წამყვანები არხის დატოვებას სოცქსელში

“კურიერის წამყვანები” – მიხეილ სესიაშვილი და დიანა ჯოჯუა გულისამაჩუყებელი და სენსიტიური გამოსამშვიდობებელი ტექსტებით ემშვიდობებიან მაყურებელს.
„13 წელია, ამ სტუდიიდან გესალმებით და დღეს იმაზე მეტად ვღელავ, ვიდრე მაშინ, როდესაც პირველად ვთქვი – “ეთერშია “კურიერი” 09:00 საათზე”. სწორედ 13 წლის წინ შევუერთდი გუნდს, რომელიც დაარსებიდან დღემდე წერდა ქვეყნის ისტორიას. მოვედი საკმაოდ ემოციურ ფონზე, მახსოვს, მოვედი ბევრი შინაგანი განცდით, როგორ მიმიღებდნენ და მივიღებდი ადამიანებს, რომლებთან ერთადაც 13 წელს ვიმუშავე. ამ ხნის განმავლობაში იყო, კრიზისები, იყო სიმწვავე, იყო შერბილებული ტონი ან კომპრომისი. მე და ჩვენმა გუნდმა ამ არხზე ბევრი ომი გამოვიარეთ. “რუსთავი ორი” და “კურიერი” არ დამიტოვებია არც მაშინ, როდესაც ახალი ამბების სტუდია რუსული ბობმდამშენების სამიზნე იყო. არასოდეს დამავიწყდება უამრავი გაფრთხილების მიუხედავად გაუტეხელი ადამიანებით სავსე შენობა, ფრონტის წინა ხაზზე ჩემი თავგანწირული კოლეგები, ურყევი შემართება და ყველა “რუსთავი 2-ელის” უშიშარი მზერა და ქვეყნის სადარაჯოზე დგომის სურვილი. ეს ყველაფერი იყო და ეს არის “რუსთავი 2-ის” ისტორია. მე ამ სივრცეში გამოვიარე ყველაფერი, ყველა დრო და განსაკუთრებული თავისუფლება მოიტანა ბოლო 7-მა წელმა, რისთვისაც მადლობა მინდა, ვუთხრა ნიკა გვარამიას. “კურიერის” სარედაქციო პოლიტიკის, თავისუფლების ხარისხის გარანტი ჩემთვის, ასევე, იყო ნოდარ მელაძე. ის დღეს ივანიშვილის რეჟიმმა გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან, ჩემთვის მასთან მუშაობის 2 წლის განმავლობაში მივხვდი, რა არის პროფესიონალიზმი და თავისუფლება. “რუსთავი ორი” არ არის ლოგო. ეს იყო ჩვენი ცხოვრება და, როგორც ნოდარ მელაძემ თავის ერთ-ერთ ბოლო ეთერში თქვა, თავისუფლების ტერიტორია. ეს არხი ადამიანებია, პროფესიონალი და ერთგული ადამიანების ერთობა. ყველას წარმატებას ვუსურვებ, მათ შორის მათ, ვისაც ჯერ კიდევ სჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილის ტელევიზიაში შეინარჩუნებს თავისუფლებას. მე, დიანა ჯოჯუა, აფხაზეთიდან კრემლის მიერ გამოგდებული, ვერცერთი მიზეზით, ვერანაირი დაშვებით, ვერავითარი გამართლებით დავჯდები იმ ეთერში, რომელიც ამ ქვეყანაში კრემლის მთავარი მოსამსახურის – ბიძინა ივანიშვილისაა. დღეს მე იძულებული ვარ, გითხრათ – ნახვამდის. ჩვენ ვიომეთ, თუმცა დღეს ბიძინა ივანიშვილმა საბოლოოდ მოახდინა არხის ოკუპაცია. ჩვენ წაგვართვეს თავისუფალი სიტყვა. მე არ ვიმუშავებ ტელევიზიაში, საიდანაც ვეღარ გეტყვით, რეალურად რა ხდება ქვეყანაში, რომელიც უფსკრულისკენ მიექანება. ამიტომაც ვტოვებ ადგილს, რომელიც იყო ჩემი მეორე სახლი. ვტოვებ ჩემს საყვარელ “კურიერსა” და ადამიანებს, რომლებთან ერთადაც 13 წელს ვიცხოვრე. წარმატებები ყველა “რუსთავი 2-ელს” და მას, ვინც აქ, ჩემს ადგილას დაჯდება და ყოველ საღამო ეტყვის ქვეყანას, რომ “ეთერშია “კურიერი.” და ბოლოს, მადლობა იმ ადამიანებს, რომლებთან ერთადაც ვაკეთებდი ქვეყნის ყველაზე რეიტინგული არხის ყველაზე მაგარ საინფორმაციო გამოშვებას და, რა თქმა უნდა, მადლობა თქვენ – ჩემს მაყურებელს; მადლობა ნდობისთვის; მადლობა, რომ ირჩევდით “რუსთავი ორს”. მე გემშვიდობებით, შევხვდებით სხვა სივრცესა და სხვა არხზე. ქვეყნის გადარჩენისთვის ომი გრძელდება“, – განაცხადა დიანა ჯოჯუამ. 13 მისთვის თარსი რიცხვი აღმოჩნდა.
“ეს ჩემთვის დასასრულია”, – განაცხადა, ასევე, “კურიერის” წამყვანმა – მიხეილ სესიაშვილმაც.
„წითელი ხაზები გადაკვეთილია. “რუსთავი 2-ში” ტოტალური წმენდა დაიწყო. ეს ჩემთვისაც დასასრულია, დასასრული ისეთი “რუსთავი 2-ის”, რომელიც მიყვარდა და რომელსაც აფასებდა მაყურებელი. 12 წლის განმავლობაში ვმუშაობდი გუნდთან, რომელიც გაცილებით მეტი იყო, ვიდრე სამსახური, რომელიც იყო ოჯახი, ერთი იდეის გარშემო გაერთიანებული ადამიანების ერთობა, ბრძოლაში გამოწრთობილი ადამიანების ერთობა, რომელიც ქმნიდა თავისუფალ სივრცეს ამ ქვეყანაში და საუკეთესო სატელევიზიო პროდუქტს. მე დღეს ვტოვებ “რუსთავი 2-ს”, მაგრამ ვიტოვებ იმედს, რომ ისევ შევხდებით. ბრძოლა გრძელდება უკეთესი მომავლისთვის, თავისუფალი საქართველოსთვის“, – თქვა მიხეილ სესიაშვილმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები