განო მელითაური, რეჟისორი:
– მე და კოტეს და საერთოდ მთელ ჩვენს ოჯახს, ძალიან გვიყვარს ეს დღესასწაული. მაგ პერიოდში ჩვენს ემოციებს ვერაფერს შევადრი. სულ ვცდილობთ, რომ ტრადიციები არ დავარღვიოთ, მაგრამ წელს ისე დაემთხვა, რომ კოტეს გარეშე მოგვიწევს აღდგომის ღამის შეხვედრა, რადგანაც გადაღებაზე უცხოეთში მიემგზავრება, თუმცა 14-ში ჩამოფრინდება. მოკლედ, მე ბავშვებთან და მეგობრებთან ერთად ვიქნები.
აღდგომას ყოველთვის განსაკუთრებული მოლოდინი მაქვს. სულ მგონია, რომ იმ ღამეს საოცრება მოხდება, რაღაც ახალი იმედებით და ემოციებით ვეგებებით. რაც შეეხება სამზადისს, ამ დღესასწაულისთვის გამორჩეულად ემზადება ჩვენი გოგონა – ტასო. სამი წლიდან ჩართულია კვერცხების შეღებვის რიტუალში. ცხადია, კვერცხებს ენდროთი წითელ პარასკევს ვღებავთ, მაგრამ ფერად-ფერადი ორნამენტებიანი კვერცხებიც გვაქვს ხოლმე და იმ საღებავებს მე და ტასო მანამდე საგულდაგულოდ ვარჩევთ. ჯეჯილსაც ვთესავთ, მაგრამ წელს გადატვირთული ვიყავი და რაღაც ვერ მოვახერხე, სამაგიეროდ, ტასოს მასწავლებელმა აჩუქა…ჯეჯილს აუცილებლად კვერცხებით გავაფორმებთ. საღამოს ბავშვებთან და მეგობრებთან ერთად ეკლესიაში ლიტანიობაზე წავალ, კვირა დღეს კი მე და მეგობარმა ასე გადავწყვიტეთ, რომ ბავშვებს დავუთმოთ. საღამოს კი მეგობრები ერთად შევიკრიბებით, სადაც ტასოსაც წავიყვან, რადგანაც უკვე ჩემზე მატად იპრანჭება და ჩემს მეგობრებთან თავს კომფორტულად გრძნობს. თარაში კი ჯერ პატარაა და იმედი გვაქვს, რომ წელს მაინც, კვერცხების შეღებვას დაგვაცლის, შარშან ეს რიტუალი ლამის ჩაგვიშალა. ნახევარი კვერცხები დაგვიმტვრია. ხელებს აპარტყუნებდა. რაც მთავარია, ბავშვებს ეს ყველაფერი უხარიათ.
წყარო: ambebi.ge