მობილური ტელეფონის გამოყენებამ 21-ე საუკუნეში მასობრივი ხასიათი მიიღო და ყოველდღიურობა ამ საკომუნიკაციო საშუალების გარეშე უკვე წარმოუდგენლად გვეჩვენება, თუმცა მისი აქტიურად გამოყენებისას, რისკებს, რომლებმაც შესაძლოა, ზეგავლენა ჩვენს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მოახდინოს, ხშირად არ ვაანალიზებთ.
მობილური ტელეფონი გამოყენებისას თავთან ახლო კონტაქტშია, შესაბამისად, მისი დასხივება გარკვეულ ზეგავლენას თავის ტვინსა და კანის ქსოვილებზე ახდენს.
გამოყენებითი ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორის, ვერიკო ჯელაძის თქმით, მობილურ ტელეფონს ან სხვა საკომუნიკაციო საშუალებებს ტვინსა და სხვა სასიცოცხლო ორგანოებზე შესაძლოა, გარკვეული გავლენა ჰქონდეს.
მისი თქმით, გამოყენებისას მობილური ტელეფონი ელექტრომაგნიტურ ველს წარმოქმნის, რომლის ნაწილის შთანთქმაც ადამიანის ორგანიზმში ხდება. “ადამიანში ელექტრომაგნიტური ველის შთანთქმა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგალითად, რა მანძილზეა ტელეფონი ადამიანისგან, რა სიხშირეზე მუშაობს ის. საკომუნიკაციო მოწყობილობის დაბალ სიხშირეზე მუშაობისას, ელექტრომაგნიტური ველი ორგანიზმში უფრო მეტად აღწევს, ვიდრე მაღალი სიხშირის შემთხვევაში. გარდა ამისა, ელექტრომაგნიტური ველის შთანთქმა ადამიანის აღნაგობაზე, თავის ფორმასა და ზომაზე და ტელეფონსა და თავს შორის მოხმარებისას არსებულ მანძილზეცაა დამოკიდებული.
მაღალი სიხშირის შემთხვევაში გამოსხივების შედეგად, ტემპერატურა უსაფრთხოების ზომებს აღემატება, მაგრამ ის ტვინის ნაწილებში ვერ აღწევს, რადგან, ძირითადად, კანსა და ცხიმის ფენაზე ნაწილდება. დაბალ სიხშირეზე კი ქსოვილზე რეაქცია ნაკლებია და უფრო თავის ტვინში აღწევს”, – განმარტავს ის.
ფიზიკოსის თქმით, მობილური ტელეფონის ადამიანის ორგანიზმზე ზემოქმედების შესახებ საუბრისას, ტელეფონში ჩაშენებული ანტენის მდებარეობა და წარმოქმნილი ენერგიის შთანთქმის კოეფიციენტიც (SAR) უნდა გავითვალისწინოთ.
მისი განმარტებით, ანტენა სმარტფონებში ძირითადად, ქვედა მხარესაა ჩაშენებული, ამიტომ ეს ნაწილი თავთან მოშორებით უნდა დავიჭიროთ ან ტელეფონი საუბრის ხმამაღალ რეჟიმზე გადავიყვანოთ.
რაც შეეხება SAR-ს, რომელიც გვიჩვენებს, გამოსხივების შედეგად სხეულში ენერგიის რა ნაწილი შთაინთქმება, მისი კოეფიციენტი თავის არეში 2ვტ./კგ.-ს არ უნდა აღემატებოდეს, სხეულის სხვა ნაწილებში უფრო მეტია დასაშვები, ამიტომ ტელეფონის შეძენისას, უკეთესია, აღნიშნულ მაჩვენებელს დავაკვირდეთ.
მობილური ტელეფონის დაბალ სიხშირეზე ფუნქციონირებისას, კანი გვიცხელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ელექტრომაგნიტური ველის შთანთქმა ძირითადად ქსოვილში მოხდა, ამ შემთხვევაში, ერთვება სისხლის მიმოქცევის ფაქტორი, რაც დაგროვილი სითბოს მთელ სხეულში გადანაწილებას უზრუნველყოფს.
“სისხლის მიერ სითბოს გადატანის გამო, ტემპერატურა თავის ტვინთან დაახლოებით 30%-ით იმატებს და ასევე იმატებს SAR-იც”, – განმარტავს ვერიკო ჯელაძე და ასევე დასძენს, რომ ქსოვილის ტემპერატურის ზრდა 1 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს, ტვინისთვის კი 1 გრადუსზე მცირე უნდა იყოს, რაც, გათვალისწინებული არ არის.
ვერიკო ჯელაძემ კვლევა ტელეფონის გამოყენებისას ხელის ფაქტორის არსებობის შესახებაც ჩაატარა, მისი თქმით, როდესაც ხელის გული ტელეფონში ჩაშენებული ანტენის მხარეს ეხება, ტელეფონის გამოსხივება და რეაქტიული ველი იზრდება და ადამიანისთვის უფრო საზიანო ხდება. ამიტომ ტელეფონზე საუბრისას ხელის ისეთი პოზიცია უნდა შევარჩიოთ, რომ გამოსხივება თავის ტვინში ნაკლებად შთაინთქას.
“როდესაც მობილური ტელეფონი ხელისგულით გვიჭირავს, ენერგიის უმეტესი ნაწილი შთაინთქმება ხელში, რადგანაც მოწყობილობა ხელს უშუალოდ ეხება და თავზე ნაკლებად აისახება, თუმცა როდესაც ტელეფონს ხელის გულით ვფარავთ, გამოსხივების სიმძლავრე ავტომატურად იზრდება, შესაბამისად, თავის არეში უფრო მაღალია ელექტრომაგნიტური ველიც.
მობილური ტელეფონის მხოლოდ თითებით დაჭერისას, თითები ხურდება და თავშიც ელექტრომაგნიტური ველი უფრო მაღალი სიმძლავრით შედის”.
პროფესორის თქმით, მობილური ტელეფონის გამოყენების ხანგრძლივობაც უნდა გავითვალისწინოთ, რადგან როგორც ცნობილია, გამოსხივებასთან დაკავშირებულ მოვლენებს დაგროვებითი ხასიათი გააჩნია, ამიტომ რაც უფრო დიდი ხანი ვსაუბრობთ, მით უფრო მეტი რაოდენობის ენერგია შთაინთქმება და შესაბამისად, ჯანმრთელობისთვის ეს უფრო მეტად საზიანოა.
ვერიკო ჯელაძე გარემოს ფაქტორზეც მიუთითებს, ის ამბობს, რომ საკომუნიკაციო საშუალების ღია სივრცეში გამოყენებისას დასხივების მაჩვენებელი უფრო დაბალია. -“როდესაც ტელეფონზე ოთახში ან ლიფტში ვსაუბრობთ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დღევანდელი შენობები რკინა-ბეტონის კონსტრუქციისგანაა დამზადებული, ენერგია გროვდება და ოთახი ელექტრომაგნიტური ველის წარმოქმნას აძლიერებს.
ეს, რა თქმა უნდა, ადამიანზე კიდევ უფრო უარყოფითად აისახება. უკეთესია, თუ ტელეფონზე ფანჯარასთან ვისაუბრებთ, რათა ოთახში ენერგიის დაგროვება ნაკლებად მოხდეს”, – აღნიშნავს ის.
გამოყენებითი ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორის რეკომენდაციით, ბავშვებსა და ტელეფონს შორის კონტაქტი ხშირად არ უნდა მოხდეს.
“ბავშვის შემთხვევაში, ტემპერატურისა და SAR-ის უფრო მაღალი ნამატი გვაქვს, იმიტომ, რომ
ბავშვის ქსოვილები მეტ წყალს შეიცავს და ელექტრომაგნიტური ველისადმი უფრო მგრძნობიარეა, შესაბამისად, მობილური ტელეფონის გამოყენება ბავშვისთვის უფრო საშიშია და უკეთესია, თუ გამოსხივებას მოვარიდებთ”, – აღნიშნა ვერიკო ჯელაძემ.
ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი ასევე დასძენს, რომ ტელეფონზე საუბრისგან ავტომობილში თავი უნდა შევიკავოთ, რადგან ის მეტალის კორპუსისგან შედგება, რაც ძლიერ რეზონანსულ ველს წარმოქმნის, რომელიც ელექტრომაგნიტურ ტალღებს აძლიერებს და ეს ჩვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.
წყარო:http://www.allnews.ge