დაშორება ბევრისთვის ემოციურად რთული პროცესია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ურთიერთობა დასრულებულია, მაგრამ წარსულის დავიწყებას დიდხანს ვერ ვახერხებთ. ამ თემაზე ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ მოსაზრებას ამერიკელი კლინიკური ფსიქოლოგი გაი უინჩი გამოთქვამს — მის ცნობილ საჯარო ლექციას თემაზე – „როგორ ვუწამლოთ გატეხილ გულს“ სოციალურ ქსელში მილიონობით მოწონება აქვს.
უინჩი მიიჩნევს, რომ დაშორების შემდეგ განცდილი ემოციური ტკივილი ბუნებრივი რეაქციაა და იგი ხშირად გავლენას ახდენს ადამიანის თვითშეფასებასა და თავდაჯერებაზე. ამიტომ, მნიშვნელოვანია არა ემოციების დათრგუნვა, არამედ მათთან გააზრებული გამკლავება.
გაი უინჩის ძირითადი რეკომენდაციებია:
კონტაქტის დროებითი შეზღუდვა
ფსიქოლოგის თქმით, მუდმივი კომუნიკაცია, სოციალური ქსელების მონიტორინგი ან „შემთხვევითი“ შეხვედრები წარსულთან გამკლავებას ართულებს.
ურთიერთობის იდეალიზაციისგან თავის შეკავება
დაშორების შემდეგ ადამიანები ხშირად მხოლოდ დადებით მოგონებებს ეჭიდებიან. სპეციალისტი მათ ურჩევს, რეალურად შეაფასონ დასრულებული ურთიერთობა — იმ პრობლემების გათვალისწინებით, რომლებმაც კავშირის დასრულება განაპირობა.
ემოციების გაცნობიერება და მიღება
უინჩის თქმით, ტკივილის იგნორირება არ ამცირებს მის ინტენსივობას. ემოციის მიღება და გააზრება აუცილებელი ეტაპია რთული პერიოდის გადალახვისთვის.
ყურადღების გადატანა და ახალი ჩვევების ჩამოყალიბება
ყოფილ პარტნიორზე მუდმივი ფიქრი ემოციურ მიჯაჭვულობას ამყარებს. ასეთ დროს რეკომენდებულია ფიზიკური აქტივობა, სოციალური კონტაქტები და ყოველდღიურობაში ახალი ინტერესების შეტანა.
თავდაჯერების განმტკიცება
დაშორება ხშირად ადამიანის თვითშეფასებაზე უარყოფითად აისახება. ფსიქოლოგი ხაზს უსვამს საკუთარი თავისადმი ჯანსაღი დამოკიდებულების დაბრუნების მნიშვნელობას.
გაი უინჩის შეფასებით, მხოლოდ დრო არ არის საკმარისი — გადამწყვეტია ის, თუ როგორ ვუმკლავდებით დაშორების შემდეგ გამოწვეულ ემოციურ მდგომარეობას ჩვენ თვითონ და რა ნაბიჯებს ვდგამთ პირადი ემოციური ბალანსის შესანარჩუნებლად.