მოკლედ, ჯერ ფხიზელ მდგომარეობაში რომ შექმნი ოჯახს, მაშინ უშვებ შეცდომას და მთვრალ მდგომარეობაში მიღებულ გადაწყვეტილებაზე რაღა უნდა თქვა? თუმცა, ხანდახან მეორე ვარიანტი უფრო ამართლებს ხოლმე.
საქმე ის გახლავთ, რომ ჩემი მეგობრის დაბადების დღეზე გამოვთვერი მაგრად. საერთოდ, არ მიყვარს სასმელი და არც დიდ მსმელად მივიჩნევი, მით უმეტეს, დედა სულ იმას მეუბნებოდა, ქალი რომ დალევს, შეცდომას იოლად უშვებს, ამიტომ არსად დათვრე, რომ გამოუსწორებელი შეცდომა არ დაუშვაო. ყურად არ ვიღე დედის დარიგება და კონიაკს ისე მივეძალე, ჭიქა ვერ გამაგდებინეს ხელიდან.
ამ ”გალოთებას” თავისი წინაპირობა ჰქონდა – შეყვარებულს ვეჩხუბე და რამდენიმე დღის წინ ერთმანეთს დავშორდით. ადრეც გვიჩხუბია და ისევ შევრიგებულვართ. მაშინაც იმედი მქონდა, რომ მოკლე ხანში ყველაფერი მოგვარდებოდა, მაგრამ იმ წუთისთვის სევდა და ჭმუნვა მქონდა “დამართებული”.
იმავე დაბადების დღეზე ერთი ახალგაზრდა მამაკაცი იყო, რომელიც თვალს არ მაცილებდა. რამდენჯერმე ვიცეკვეთ კიდეც და ვიგრძენი, როგორ მიხუტებდა ამ დროს, მაგრამ წინააღმდეგობა არ გამიწევია. პირიქით – მომწონდა კიდეც, თითქოს სამაგიეროს ვუხდიდი ჩემს ყოფილ შეყვარებულს და შურისძიების წყურვილს ვიკმაყოფილებდი. წამოსვლა რომ დავაპირე, გაცილება შემომთავაზა. ვგრძნობდი, რომ ფეხზე ძლივს ვიდექი და მისი მანქანით ვარჩიე სახლში მისვლა. წინა სავარძელზე მოვთავსდი თუ არა, ყველაფერი დატრიალდა… ისე ცუდად ვიყავი, მეგონა, ვკვდებოდი. ცოტას გამოგაფხიზლებო, მითხრა და ქალაქგარეთ გავედით. ძლივს ვიცანი მცხეთა. ისიც ნასვამი იყო, რაღაცებს მიყვებოდა, იცინოდა, მე კი სიცილის თავიც არ მქონდა. ზაფხული იყო და ღამის სიგრილე და ნიავი ძალიან მესიამოვნა. მანქანა გავაჩერებინე. რომ გადმოვედი, მაშინ მივხვდი, რომ სადღაც ბუნებაში ვიყავით. გზიდან გადავედი და ბალახზე დავჯექი. მერე დავწექი და ვარსკვლავებს დავუწყე ყურება.
აზრზე რომ მოვედი, თენდებოდა. ისევ ბალახზე ვიწექი, გვერდით კი ვიღაც მამაკაცი მეწვა. თავი მის მკლავზე მედო და ისე ვიყავით ჩახუტებული, თითქოს არაბულ ტახტზე ვიწექით. რომ გავინძერი, მასაც გაეღვიძა. წამოვხტი. ტანსაცმელი ისეთ დღეში მქონდა, აშკარა იყო, რომ ჩემს კავალერს მშვიდად არ სძინებია. ნელ-ნელა აღვიდგინე ყველაფერი და შოკში ჩავვარდი. ტყეში დავნებდი უცხო მამაკაცს. თვითონაც ცუდ დღეში იყო. ბოდიშს მიხდიდა – რომ მცოდნოდა, ქალწული იყავი, ახლოს არ გაგეკარებოდიო. – შინ წამიყვანე-მეთქი, – გავიძახოდი, ის კი უარს მეუბნებოდა. – ჩემთან წაგიყვან, ცოლად უნდა მოგიყვანო, ასე ვერ მიგატოვებო.
ძალიან დიდხანს ვიტირე, არც შინ მივყვებოდი, მაგრამ დამარწმუნა, რომ ჩემთვის ასე ჯობდა და გავყევი. აღმოჩნდა, რომ მარტო ცხოვრობდა. მასთან მისულმა აღარ ვიცოდი, რა მექნა. ტელეფონი ჩავრთე თუ არა, დედაჩემმა დარეკა გულგახეთქილმა. არ ვპასუხობდი. მკითხა – ვინააო? რომ გაიგო, დედაჩემი იყო, თავად უპასუხა და უთხრა, რომ გავთხოვდი, რომ ჩემი ქმარი იყო და ცოტა ხანში ჩვენ თვითონ შევეხმიანებოდით. პატარა აღარ ვიყავი, 24 წლის გახლდით მაშინ და ჩემი გათხოვებაც მოულოდნელი არ იქნებოდა, რადგან შეყვარებულიც მყავდა და მშობლებმა ამის შესახებ იცოდნენ, მაგრამ დედა იმის გამო იყო გადარეული – შინ რომ არ დავბრუნდი და ტელეფონიც გამოვრთე, სწორედ
ჩემს შეყვარებულთან დაურეკავს და მასთან რომ არ აღმოვჩნდი, აღარ იცოდა, რა ეფიქრა…
მოკლედ, ძალიანაც არ მინდოდა, მაგრამ მამუკას ცოლი გავხდი. თვითონაც გამომიტყდა, რომ საცოლე ჰყავდა და ჩემზე იძულებით დაქორწინდა – ნამუსმა შეაწუხა. მოვილაპარაკეთ, რომ 1-2 თვე ვიქნებოდით ერთად და მერე გავცილდებოდით (ეს ჩემი ინიციატივა იყო). ჩემებმა არ დაიშალეს და ქორწილიც გადაგვიხადეს, მაგრამ ორივენი დაძმარებული სახეებით ვისხედით საკუთარ ქორწილში.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ის 1-2 თვე, რომელიც დათქმული გვქონდა, უკვე 12 წელია, გრძელდება და 3 შვილიც გვყავს. ერთმანეთი ისე შეგვიყვარდა, როცა გაცილების დრო მოახლოვდა (დათქმული დრო), ერთმანეთის გარეშე წუთსაც ვერ ვძლებდით. თან უკვე ფეხმძიმედაც ვიყავი. დღემდე ძალიან კარგი ოჯახი გვაქვს და მამუკა მგონი, შვილებზე მეტადაც კი მიყვარს. ასე რომ, ალბათ ეგ იყო ჩემი ბედისწერა და იმიტომაც მოხდა ასე. ყველას წარმატებას გისურვებთ. ანიჩკა.
წყარო: www.gzapress.ge