როგორ დაეხმარა ცერებრალური დამბლით დაავადებულ ქალს ქართველი პატრულ-ინსპექტორი – „მადლობა მინდა ვუთხრა შს სამინისტროს ასეთი კარგი თანამშრომლისთვის“

სოციალურ ქსელ Facebook-ის მომხმარებელი ლია ქიმერიძე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს მიმართავს. Facebook-სტატუსში ქიმერიძე პატრულ ინსპექტორ ზვიად აბრამიძეზე და მის ჰუმანურ დამოკიდებულებაზე ჰყვება, რის გამოც სამართალდამცავს ქიმერიძე მადლობას უხდის:

„ღია წერილი შშს-ს მინისტრს ბატონ გომელაურს

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს ვაჟა სირაძეს

მოგახსენებთ, რომ ვარ ბავშვობიდან პირველი ჯგუფის შშმ პირი, ცერებრალური დამბლით დაავადებული ვცხოვრობ მარტო. დამოუკიდებლად გადაადგილება მიჭირს, მაგრამ მიუხედავად ჩემი მდგომარეობისა, მაქსიმალურად ვცდილობ ვიყო დამოუკიდებელი და არასოდეს შევაწუხო ჩემს გარშემო მყოფი ადამიანები. ამა წლის 12/11 ვიმყოფებოდი დიღმის მასივში მე-2-ე კვარტალში მდებარე იფქლის პურის მაღაზიაში. მაღაზიის ახლოს მდებარე ტერიტორიაზე მორიგეობდა საპატრულო პოლიციის პატრულ ინსპექტორი, ზვიად აბრამიშვილი, რომელიც დამეხმარა და ჩემს მიერ შეძენილი პროდუქტი სახლში მიმატანინა და ამავე დროს დამეხმარა, რომ სადარბაზოში კიბეებზე ავსულიყავი, მე ძალიან მადლობელი დავრჩი, რომ ჩემთვის სრულიად უცხო ახალგაზრდამ ჩემდამი ყურადღება და თანადგომა გამოიჩინა და როდესაც იგი წავიდა, მე მაღაზიაში წავედი. შევიძინე ცხელი ხაჭაპურები რომ მას შესვენებისას მიერთვა, ხოლო ტორტი მინდოდა რომ მას თავის ოჯახში წაეღო. ამით მე მინდოდა მისთვის მადლობა გადამეხადა, რაც მან ჩემთვის გააკეთა მან კი თავაზიანად უარი მითხრა ჩემს მიერ მიტანილ პროდუქტზე. ამიხსნა, რომ იმყოფებოდა სამსახურში და შეუძლებელი იყო ამ საჩუქრის აღება, მე ძალიან გული დამწყდა და უხერხულ სიტუაციაში ჩავვარდი, რადგან მან ისევ მომატანინა სახლში ჩემს მიერ მისთვის შეძენილი პროდუქტი.

ამიტომ, გადავწყვიტე ფეისბუქის საშუალებით კიდევ ერთხელ საჯაროდ მოვუხადო მადლობა ბატონ ზვიად აბრამიშვილს, მის მიერ უანგარო თანადგომისათვის და დახმარებისათვის, ასევე მადლობა მინდა ვუთხრა მის მშობლებს ასეთი შვილის აღზრდისთვის, მადლობა მინდა ვუთხრა შს სამინისტროს ასეთი კარგი თანამშრომლისთვის. გისურვებთ თითოეულ თქვენთაგანს ჯანმრთელობას, წარმატებებს და ყოველივე საუკეთესოს. დაგლოცოთ უფალმა! სიკეთე გადამდებია! კეთილი სიტყვა მკურნალია. პატივისცემით ლია ქიმერიძე“, – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

კომენტარები

სხვა სიახლეები