როგორ გრძნობს თავს ყველასთვის ცნობილი ბეგი ზოოპარკში დაბრუნების შემდეგ – ფოტოკოლაჟი

თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია ზოოპარკიდან გამოქცეული ბეჰემოთის შესახებ ინფორმაციას და ფოტომასალას აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, ბეგი თავს კარგად გრძნობს, მოყოჩაღდა და დროებითი საცხოვრებელიც აითვისა.
„ყველას აინტერესებს, როგორ გრძნობს ამჟამად თავს ბეგი, ჩვენი მსუქანი ბიჭი, რომელმაც მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა იმ გმირობის შემდეგ, რაც გმირულად მოახერხა გმირთა მოედნამდე მიღწევა და ტალახში კოტრიალითა და ჭადრის ფოთლების ღეჭვით იქცევდა თავს მანამ, სანამ მისი იმობილიზაცია და ზოოპარკში დაბრუნება გახდებოდა შესაძლებელი.
როგორც იცით, სტიქიის შემდეგ ბეგი დროებით სპილოების ვოლიერში შევასახლეთ. პირველი რამდენიმე დღე ძალიან დასტრესილი იყო, არ ჭამდა, ფეხზე არ დგებოდა, იწვა და მომვლელები ზემოდან ასხამდნენ წყალს, რომ არ გადახურებულიყო. ახლა უკვე მოყოჩაღდა და დროებითი საცხოვრებელიც აითვისა. ძალიან მოეწონა სპილოების აუზი და დღის ძირითად მონაკვეთს წყალში ატარებს (ჰიპოპოტამები ბუნებაშიც ასე იქცევიან). გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ „ნაქირავები ბინის“ დათვალიერებისას სპილოების ტალახის ორმო აღმოაჩინა და მას შემდეგ ყოველდღიურად იღებს ტალახის აბაზანებს. ჩაეწობა გოჭივით, ამოისარსლება და წევს დიდად კმაყოფილი.
ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შემოდგომამდე როგორმე მოვასწროთ ბეგისთვის ახალი ვოლიერის აშენება. ჰიპოპოტამი თბილი სარტყელის ბინადარია, ამიტომ სიცივეს ვერ იტანს. შესაბამისად, მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ზამთრის ვოლიერი გათბობითა და აუზით. იმედია შევძლებთ საკმარისი თანხების მოძიებას“.

კომენტარები

სხვა სიახლეები