როგორ გახდა ფიქრია ლომიძე ბაქარ ორჯონიკიძის სიდედრი

მსახიობი ფიქრია ლომიძე „ჩემი ცოლის დაქალებს“, ცოტა ხნის წინ, ბაქარის სიდედრის როლით შემოუერთდა.

ფიქრია ლომიძე: სერიალში ქასთინგის მეშვეობით მოვხვდი, რომელიც პანდემიიდან გამომდინარე, ონლაინ გავიარე. „ჩემი ცოლის დაქალებს“ აქამდეც ვუყურებდი. ვერ ვიტყვი, რომ სერია არ გამომიტოვებია, მაგრამ ვუყურებდი და მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით მსახიობი ვარ, მასში მონაწილეობაზე არასდროს მიფიქრია. ერთ დღეს გადავწყვიტე, ბედი მეცადა და გამოვიდა. ჩემი პერსონაჟი ასე იყო დასათაურებული – „დეპრესიული ქალი“, თუმცა ამის მიზეზები ჯერ არ ჩანს და ჩემთვისაც უცნობია, როგორ განვითარდება მოვლენები. აქამდე დადებით პიროვნებებად მოვედით და ვნახოთ, რა იქნება მომავალში.

– დეპრესია და მელანქოლია რამდენად არის თქვენთვის ნაცნობი მდგომარეობა?

– სიმართლე გითხრათ, არ ყოფილა ჩემი ცხოვრება ძალიან ეკლიანი, მაგრამ ია-ვარდით მოფენილი არავის გზა არ არის. არის ჩავარდნები, უხასიათობები, მაგრამ დროებითი. დეპრესია ნაკლებად, ვცდილობ, ასეთ მდგომარეობაში არ აღმოვჩნდე, რადგან იქიდან გამოსვლა რთულია. ეს დეპრესია და უხასიათობა, წარუმატებლობასთან ერთად, ყველას ეთამაშება, მაგრამ ვაკონტროლებ. არ მინდა ჩემში შემოვიდეს, მაგრამ ვგრძნობ, რომ ძალიან ახლოს არის. საკუთარ თავს არ ვაძლევ უფლებას, დავნებდე, თორემ ძალიან ხშირად დამტრიალებს თავს. მე ძალიან მშვიდ გარემოში დავიბადე და გავიზარდე. მერეც ისეთი გარემო შევუქმენი თავს, რომ ასე გაგრძელებულიყო. პირადი ცხოვრებიდან გამომდინარე, მქონია სირთულეები, მაგრამ გადამილახავს და დეპრესიას ავცილებულვარ. ვერ გეტყვით, რომ ცხოვრება ასი პროცენტით აწყობილი მაქვს, მაგრამ არც საწუწუნოდ მაქვს საქმე.

– პოპულარობა უკვე იგრძნობა და ალბათ, სასიმოვნოა, როცა ყურადღებასა და სითბოს გრძნობთ…

– მე ვაკონტროლებ თავს, ვცდილობ, ყოველთვის კორექტული ვიყო და არაფერმა გამომიყვანოს წყობიდან. თუმცა ამის მიზეზი ცნობადობა არ არის. მე ურთიერთობა მაქვს ბავშვებთან, მათ ვასწავლი, საბავშვო თეატრი მაქვს და ვცდილობ, აღელვებულზე მათთვის ისეთი ადამიანის მაგალითი არ გავხდე, როგორიც მე თვითონ არ მომწონს. ამიტომ საკუთარი თავი სულ კონტროლის ქვეშ მყავს. ცნობადობას რაც შეეხება, ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებულად ცნობილი ვარ. ამ მხრივ, ძალიან მორიდებული ვარ, თანამშრომლებიც რომ დაიწყებენ ხოლმე ჩემზე საუბარს, მინდა, მალე დაასრულონ, ძალიან მეუხერხულება. დღეს ბანკის რიგში ვიდექი, თინეიჯერი გოგონა მოვიდა და დიდი სიყვარული გამოხატა ჩემ მიმართ. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა და ყველას მთელი გულით ვუსურვებ წარმატებას, ეს ჩემთვის დიდი სტიმულია.

– როგორი იყო თქვენი ბავშვობა, სად დაიბადეთ და გაიზარდეთ?

– საჩხერეში დავიბადე და ჩემი არაჩვეულებრივი ბავშვობა ძალიან მშვიდ გარემოში გავატარე დედმამიშვილებთან და მშობლებთან ერთად. სკოლა რომ დავამთავრე, მაშინ თეატრალური არ იყო საოცნებო ადგილი, სადაც ჩაბარებასაც მშობლები სიხარულით შეხვდებოდნენ. სამი წელი ვაბარებდი და ვერ მოვხვდი, მაგრამ მიზნად დავისახე, რომ მე ამას გავაკეთებდი. მთელი ეს დრო ოჯახში არავინ იცოდა, სად ვაბარებდი და სახლში რომ მოვედი და ვთქვი, თეატრალურზე ჩავირიცხე-მეთქი, მახსოვს მამას გაბრწყინებული სახე. დედას რომ გაუხარდებოდა, ეს ვიცოდი, რადგან მისი ძმა საქართველოს სახალხო არტისტი – დავით გაჩეჩილაძე გახლდათ. უცხო არ იყო ჩვენი ოჯახისთვის ეს სამყარო. ვერ გეტყვით, ამ საქმეში კონკრეტულად რა მომწონდა, ვერც იმას გეტყვით, რომ სკოლაში სპექტაკლებს ვდგამდი და წინა პლანზე ვიყავი. შეგნებულად მორიდებული გახლდით. სხვისი ზედმეტი საქციელი არ მომწონდა და საჭიროდ არ ვთვლიდი, იქ გამომეჩინა თავი. სწავლის დასრულების შემდეგ, გიორგი შავგულიძის დამოუკიდებელი თეატრიდან დავიწყე საქმიანობა, შემდეგ ახმეტელის სახელმწიფო თეატრში გადავედი, მაგრამ რაღაც პერიოდი, ოჯახური პირობებიდან გამომდინარე, სხვა ქვეყანაში მომიწია ცხოვრება. იქიდან ჩემს პატარა ქალაქში, საჩხერეში დავბრუნდი და ცხოვრება აქ გავაგრძელე.

– როგორც ხდება ხოლმე, მატერიალური მდგომარეობის გამო წახვედით ემიგრაციაში?

– არა, ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოგვიწია წასვლა და ექვსი წელი დავრჩით საფრანგეთში. მე იქ დროის ფასი ვისწავლე. ბავშვობიდან მოყოლებული ვმუშაობდი, ჩაბარებამდე, სკოლაში მუსიკას ვასწავლიდი, სულ ვაქტიურობდი, მაგრამ იქ სხვანაირად დავაფასე დრო. თუ გინდა, ნორმალურად იყო, სადაც არ უნდა ცხოვრობდე, რაღაც უნდა გააკეთო. საფრანგეთში მხოლოდ განსაზღვრული საათებით შემეძლო მუშაობა, მაგრამ მაინც ვმუშაობდი. მე სოფელი მაქვს, რომელიც ძალიან მიყვარს. იქ რომ დავინახე, როგორი მოწესრიგებული ჰქონდათ მეურნეობა, ისე გულით აკეთებდნენ ამ საქმეს, დადგებოდი და სიამოვნებით უყურებდი. ამან ძალიან მომხიბლა და ჩემი სოფელი და რაიონი უფრო მეტად შემაყვარა. ძალიან რთული იყო ოჯახისგან შორის. მაშინ კომუნიკაცია ასეთი გამარტივებული არ იყო, როგორიც ახლა არის. ტელეფონით დარეკვა ძალიან ძვირი ღირდა და შემეძლო, მთელი ანაზღაურება ერთ დღეში დამეხარჯა ტელეფონის ჯიხურთან. შემდეგ მამა გახდა ცუდად და მის გამო დავბრუნდი. მივხვდი, რომ ჩემს ოჯახს უფრო ვჭირდებოდი, ვიდრე ევროპას. მამა ხუთი წლის შემდეგ დაიღუპა და ხუთი წელი, რომელიც მის გვერდით გავატარე, მამშვიდებს, არ მინდოდა, ჩემი უნახავი წასულიყო ამ ქვეყნიდან.

– დაბრუნების შემდეგ, როგორ გაგრძელდა აქ ცხოვრება?

– დაახლოებით, ხუთი წელი დამჭირდა ყველაფერთან შესაგუებლად, ახლობლების მოსანახულებლად და რომ იტყვიან, გონს მოსასვლელად. თბილისში აღარ მინდოდა, თეატრში თაობა რომ იცვლება, მერე შენ ერთ დღეში ვეღარ დაბრუნდები. ამას ვხვდებოდი და ჩემს საქმეს რომ ვერ ვაკეთებდი, ამის გამო გულის სიღრმეში ძალიან დიდი სევდა გამიჩნდა. ოჯახისთვისაც რთული პერიოდი იყო. მამას რთული დაავადება ჰქონდა და რომ ჩამოვედი, წელს ქვემოთ მოწყვეტილი დამხვდა. თუმცა ამ ხუთი წლის განმავლობაში ფეხზეც გაიარა და მის გამო ძალიან ბედნიერი ვიყავი. ოჯახი მივსებდა პროფესიულ დანაკლისს.

– ოჯახი, შვილები…

– განქორწინებული ვარ. უბედური არასდროს ვყოფილვარ და არც ახლა ვარ. ცუდი მოგონება არ მაქვს, მაგრამ ჩემთვის ვარ. ეს ურთიერთობა იყო და დასრულდა. შვილები არ მყავს, მყავს დედმამიშვილები, დისშვილები, დის შვილიშვილები და დედა. ერთად ვცხოვრობთ და ძალიან ბედნიერები ვართ ერთმანეთით.

წყარო: თბილისელები

კომენტარები

სხვა სიახლეები