როგორ გახდა ეკონომისტი მსოფლიო დონის დიზაინერი – დემნა გვასალია საქართველოსა და ჟურნალისტად მუშაობის პერიოდზე
“ჩაკეცილი ფეხსაცმელი”, “კროქსები”, ორიგინალური ჩანთები და სამოსი – ქართველი ცნობილი დიზაინერი დემნა გვასალია მსოფლიო მოდის ინდუსტრიამ განსხვავებული კონცეფციით გაიცნო. როგორ მოხვდა იგი მოდის ინდუსტრიაში და საიდან იწყება მისი ისტორია?
Vetements-ის შემქმნელის, Balenciaga-ს კრეატიული დირექტორის, დემნა გვასალიას ისტორია სოხუმიდან იწყება, სადაც ის 1981 წელს დაიბადა. მას შემდეგ, რაც აფხაზეთის ოკუპაცია 1990 წელს რუსეთმა მოახდინა, დემნასა და მისი ოჯახის წევრებს ათასობით მცხოვრებთან ერთად საცხოვრებლის იძულებით დატოვება მოუწიათ.
დემნა საქართველოში 17 წლის განმავლობაში ცხოვრობდა, შემდეგ მამის სამსახურის გამო ქვეყნის დატოვება მოუწია, საბოლოოდ კი საფრანგეთში აღმოჩნდა.
უცხოეთში წასვლამდე დემნამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტი დაამთავრა, როგორც ცნობილია, იგი საქართველოში მცირე ხნით ჟურნალისტად “საქართველოს ტელევიზიაშიც” მუშაობდა.
შემდეგ სფერო შეიცვალა და ანტვერპენში, ბელგიაში Royal Academy of Fine Arts-ში სწავლობდა. 2009 წელს საფრანგეთში “მარჯიელას” მოდის სახლში სამუშაოდ წავიდა, სამკვერვალო ტექნოლოგია და მეთოდოლოგია სწრაფად შეისწავლა. შემდეგ Louis Vuitton-თან მუშაობდა, საბოლოოდ, 2014 წლიდან საკუთარ საქმეს მოჰკიდა ხელი, Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი გახდა და Vetements-ის ცნობილი ბრენდი შექმნა, რომელიც მსოფლიო მოდამ სწრაფად აიტაცა.
Vetements-ის წარმატება, როგორც მოდის გამოცემები წერენ, მისმა კონცეფციამაც განაპირობა. Vetements-ი დაფუძნებულია კულტურაზე, ინტერნეტში არსებულ ტენდენციებზე, ქუჩაში არსებულ ყოველდღიურობასა და თანამედროვე გარდერობზე, რომელშიც სეზონურობა გათვალისწინებული არ არის.
“მოდა აქამდე ოცნებებს უკავშირდებოდა, მე კი მგონია, რომ ახალგაზრდა თაობა უფრო პრაგმატულია და ეს პრაგმატიზმი გულწრფელობას მოითხოვს,” – განაცხადა დემნა გვასალიამ Vetements-ის ერთ-ერთი პირველი ჩვენების შემდეგ.
ამავე პერიოდში დემნა ერთ-ერთ ინტერვიუში საქართველოში ცხოვრების პერიოდსა და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ყვება:
– ჩემი ოჯახი ყოფილი საბჭოთა საქართველოდან დიუსელდორფში 2000 წელს გადავიდა საცხოვრებლად, სადაც წელიწადნახევრის განმავლობაში დავრჩი. სწორედ აქ მივხვდი, რა მინდოდა. ეკონომიკის გარკვეული საფუძვლები საქართველოში ვისწავლე, რადგან ჩემს მშობლებს არ სჯეროდათ, რომ დიზაინერობა შეიძლებოდა რეალური პროფესია ყოფილიყო. სწორედ ამიტომ ეკონომიკაში ბაკალავრის ხარისხი ავიღე და როცა გერმანიაში ჩავედი, ოჯახში გაჩნდა იდეა, რომ ბანკში დამეწყო მუშაობა, თუმცა, მე გადავწყვიტე დიუსელდორფში მაინც ის გამეკეთებინა, რაც რეალურად მინდოდა. სწორედ ამიტომ 2002 წელს Royal Academ of Fine Arts-ში, ანტვერპენში დავიწყე სწავლა.
დემნა იხსენებს, რომ საქართველოში მას საბჭოთა ბავშვობა ჰქონდა, სტალინისტურ, ლენინისტურ და კომუნისტურ იდეებზე იზრდებოდა და რეალურ ინფორმაციას მოკლებული იყო.
“მხოლოდ ორი ჟურნალი არსებობდა, სადაც დასავლეთში მიმდინარე მოდის ტენდენციებზე არაფერი იყო ნათქვამი. შემდეგ საბჭოთა კავშირი ჩამოიშალა და საქართველო გაიხსნა. ეს აფეთქებას ჰგავდა, უცებ საშუალება მოგვეცა, დაგველია “ფანტა”, “კოკა-კოლა” წაგვეკითხა Vogue-ი. შემდეგ გაჩნდა “მაკდონალდსი”, სადაც დაბადების დღის გადახდა ძალიან პოპულარული იყო. მახსოვს, ერთხელ დაბადების დღე იქ მეც გადავიხადე და ეს ისეთი საოცარი იყო, თითქოს პარიზში, Caviar Kaspia-ში მივდიოდი. Happy Meal-ი ხალხს ნამდვილად ჰგვრიდა ბედნიერებას”, – იხსენებს დემნა გვასალია.
დემნა გვასალიას “ჩაკეცილი ფეხსაცმელი” 1360 დოლარი ღირს 14 წლის ასაკში დემნას ძალიან უყვარს ჰიპ-ჰოპი, მისი გმირი კი Notoriuous B.I.G იყო და როგორც თავად იხსენებს, ორ დაპირისპირებულ ჯგუფს შორის, საიდანაც ერთ-ერთს 2Pac-ი უფრო მოსწონდა, დემნა Notorious B.I.G-ის თაყვანისმცემლების ჯგუფში იყო.
“შემდეგ განსხვავებული რაღაცები აღმოვაჩინე და Sisters of Mercy-ს მოსმენა დავიწყე. 16-17 წლის ასაკი განსაკუთრებით რთული იყო, რაც ჩემი აზრით, ნორმალურია, გავხდი ასოციალური, დეპრესიული, ყველაფერი მძულდა. შემდეგ კი გერმანიაში გადავედი საცხოვრებლად, სადაც კულტურული შოკი მივიღე – აღმოვაჩინე მუსიკა, მოდა, ხელოვნება, ყველაფერი, რაც წლების განმავლობაში არ მქონდა. რაც გერმანიაში 12 წლის ასაკში აღმოაჩინეს, იმ ყველაფრის შესახებ მე 19 წლის ასაკში შევიტყე,” – აღნიშნავს დემნა.
ტანსაცმლის დიზაინით დაინტერესებული ყოველთვის იყო. როგორც თავად იხსენებს, ბავშვობაში ტანსაცმლის დიზაინის ცვლილება ძალიან მოსწონდა.
“ამას იმიტომ ვაკეთებდი, რომ ახალი დიზაინის მორგება მომწონდა, ეს ხომ საბჭოთა ქვეყანა იყო, სადაც ყველა ბავშვს ერთნაირად ეცვა, შესაბამისად, რაზეც ვმუშაობდი, ყველაფერზე ხელმისაწვდომობა შეზღუდული იყო, თუმცა რაღაცის ნაკლებობას შეუძლია შორს წაგიყვანოს. ასევე ძალიან მომწონდა იმის შესწავლა, თუ ქალებს ჩემს გარშემო როგორ ეცვათ. საქართველოში მცხოვრებ ხალხს რუსებისგან ძალიან განსხვავებული გემოვნება აქვს, მაშინ, როცა მათი სტილის რუსულთან ასოცირება ხდება. ქართველების სტილში არის ბევრი შავი, ძალან დრამატული, ოდნავ სიცილიური, თუმცა უფრო ექსტრემალური სამოსი, რასაც თან ერთვის ბევრი მაკიაჟი და დეკორაცია, რომელიც ასევე მუქია. ბებიაჩემი ყოველთვის ცდილობდა, სამოსი საკუთარ თავზე მოერგო და ახლაც ასე იქცევა, ყველაზე ექსცენტრული ადამიანია, ვინც კი მინახავს. 75 წლისაა და პლატფორმის ძირის მქონე ფეხსაცმელი აცვია,” – იხსენებს დემნა.
განაგრძეთ კითხვა: https://www.allnews.ge