ჰერცოგინია ქეით მიდლტონმა და პრინცმა უილიამმა ახალდაბადებული შვილი საზოგადოებას გუშინვე აჩვენეს. მანამდე პრინცმა უილიამმა თავისი უფროსი შვილები-პრინცესა შარლოტა და პრინცი ჯორჯი სამშობიაროში უმცროსი ძმის მოსანახულებლად მიიყვანა.
აღსანიშნავია, რომ ქეით მიდლტონს, რომელიც საზოგადოების და მედიის წინაშე ჩვილით ხელში წარსდგა, იმავე სტილის და შეფერილობის სამოსი ეცვა, რაც მის გარდაცვლილ დედამთილს – ლედი დაიანას, 34 წლის წინ. მაშინ, პრინცესა დაიანამ ასევე პუბლიკას ახალდაბადებული პრინცი ჰარი წარუდგინა და მას სწორედ წითელი ფერის კაბა ეცვა, რომელსაც „პიტერ პენის“ თეთრი საყელო ამშვენებდა. როგორც ცნობილია, ქეითის წითელი კაბა, უკვე შეფასდა დაღუპული ლედი დაიანას მიმართ პატივისცემის უმაღლეს გამოხატულებად. როდესაც ქეითს პრინცი ჯორჯი შეეძინა, ასევე მისი ბებიის პატივსაცემად, მას იმავე პრინტის მქონე ცისფერი კაბა ემოსა, რაც ლედი დაიანას 1982 წელს, როდესაც უილიამი გააჩინა.
საზოგადოებისთვის ახალდაბადებული პრინცის სახელი ჯერ ცნობილი არ არის. უილიამი და ქეითი, კამერების წინაშე პოზირების შემდეგ, შენობაში შებრუნდნენ, ბავშვის სავარძელი აიღეს და ავტომანქანაში ჩასხდნენ. მიდლტონი ბავშვთან ერთად უკანა სავარძელზე დაჯდა, ხოლო უილიამი საჭეს მიუჯდა. სახლში პატარა პრინცს უფროსი და-ძმა სულმოუთქმელად ელოდა.
სხვა სიახლეები