როგორ გამოიყურება მსოფლიოს უნიკალური ნაკრძალი – ისიმანგალისო (ფოტოები)

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში უნიკალური ადგილი მდებარეობს, რომელსაც ისიმანგალისო ჰქვია. ეს ეროვნული პარკია, რომლის სახელწოდებაც ზულუს ენაზე „სასწაულს“ ნიშნავს. და მართლაც, უნიკალურობის კუთხით, მცირე ტერიტორიაზე მობინადრე სახეობებისა და მრავალფეროვანი ლანდშაფტების გათვალისწინებით, ეს ადგილი შეგვიძლია, ნამდვილ აფრიკულ სასწაულად მივიჩნიოთ.
ისიმანგალისო რესპუბლიკის აღმოსავლეთით მდებარეობს და ოკეანისპირა ხმელეთის 220 კილომეტრსა და, ასევე, ინდოეთის ოკეანის აკვატორიის 5 კილომეტრის სიგანის ფართობზეა განფენილი.
შედარებით მცირე ტერიტორიაზეა ქვიშის პლაჟების, ტბების, ტროპიკული ტყეებისა და სავანების ერთობლიობა. ამავე მიზეზით, ცხოველური სამყაროს მრავალფეროვნებაც უჩვეულოდ დიდია.
პარკში ბინადრობენ აფრიკული ფაუნის ტიპური წარმომადგენლები – ლომები, სპილოები, ჟირაფები, ზებრები, ლეოპარდები, მარტორქები, პრიმატები და ანტილოპების რამდენიმე სახეობა.
ვინაიდან პარკის ტერიტორიაზე წარმოდგენილია წყლოვან-ჭაობიანი ლანდშაფტები, აქ მრავლად არიან ჰიპოპოტამები და ნიანგებიც. ამავე დროს, პარკში გვხდებიან ისეთი ენდემური ტიპებიც, რომლებსაც რეგიონის მიღმა ვერ იპოვით.
საოცარია ისიმანგალისოს ფრინველთა სახეობების მრავალრიცხოვნებაც. აქ ფრინველთა 500-ზე მეტი სახეობაა ბინადრობს.
ასევე, გვხვდება უზარმაზარი მარჯნის რიფები, რომლებიც დიდი რაოდენობის ტროპიკული თევზების, მოლუსკების, ვეშაპებისა და დელფინების სამფლობელოა. სოდვანას ყურეში მარჯნების ძალიან დიდი მრავალფეროვნებაა. ისიმანგალისო მოიცავს ტერიტორიებს, რომლებიც თავისი უნიკალურობისა და მნიშვნელობის გამო რამსარის კონვენციის დაცვის ობიექტია.
ახლო მომავალში იგეგმება ისიმანგალისოს გაერთიანება გვერდით მდებარე ნაკრძალებთან; ეს გასაოცარი ერთიანობა კი, მათ შორის, მეზობელი სახელმწიფოს – მოზამბიკის ტერიტორიაზეც გადაიჭიმება.

კომენტარები

სხვა სიახლეები