აღდგომის დღესასწაულისთვის თქვენს სუფრაზე რომ ლამაზი ჯეჯილი ბიბინებდეს, თადარიგი წინასწარ უნდა დაიჭიროთ.
ბევრმა დიასახლისმა ჯეჯილის გახარება კარგად იცის, მაგრამ ყოველთვის მოიძებნებიან ახალბედები, რომლებსაც ამის გამოცდილება ჯერ არ აქვთ. გთავაზობთ ჯეჯილის გახარების გამოცდილ და მარტივ მეთოდს. გირჩევთ, ეს პროცესი ბავშვებთან ერთად წამოიწყოთ, რადგან მცენარეების შესახებ გარკვეულ ცოდნასაც შეიძენენ და ურთიერთთანამშრომლობაშიც ჩაგეთვლებათ.
1. აიღეთ 500 გრამი ხორბლის მარცვალი. გარეცხეთ, დაასხით ოდნავ შემთბარი წყალი და გააჩერეთ მთელი ღამე.
2. დილით წყალი გადაღვარეთ, ისევ გარეცხეთ, ჩაყარეთ მინის ქილაში და თავზე დააფარეთ. დადგით თბილ ადგილას და გააჩერეთ 24 საათის განმავლობაში.
3. მომდევნო დღეს კიდევ ერთხელ გადაავლეთ წყალი, გაანაწილეთ ლანგარზე 1-1,5 სმ სისქეზე. ლანგარი გამათბობელთან დადგით. რაც უფრო თბილად იქნება, უფრო სწრაფად გაიზრდება.
გაითვალისწინეთ: ლანგარზე დაფენილ ხორბალს მორწყვა არ სჭირდება. მხოლოდ ზემოდან სანამავი პულვიზატორით მოასხურეთ წყალი დილა-საღამოს, რათა არ გამოშრეს.
დაახლოებით ერთ კვირაში თქვენი ჯეჯილი ულამაზესი სანახავი იქნება.
ამ წესით გახარებული ჯეჯილი შეგიძლიათ გასაწურადაც გამოიყენოთ. ცნობილია, რომ ჯეჯილის წვენი იდეალური საშუალებაა გახდომისა და ორგანიზმის გაწმენდისთვის.
სხვა სიახლეები