როგორ გავაღვიძოთ ბავშვებში მიზანდასახულობა

მიზანდასახულობა ყოველთვის ბავშვის თანდაყოლილი ხასიათი და თვისება არ არის, მისი განვითარება შესაძლებელია და ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროც კი, რადგან დღევანდელ სამყაროში რთულია გაუმკლავდე თანამედროვე სამყაროს გამოწვევებს. მშობლები ყოველთვის ცდილობენ ფიზიკურად დატვირთონ ბავშვები, რაც სხვადასხვა სპორტსა და აქტივობაზე სიარულს მოიცავს, თუმცა გვავიწყდება, რამდენად აუცილებელია პატარა ასაკიდანვე ბავშვებს ჩავუნერგოთ გამბედაობა, სითამამე მიზნის მისაღწევად.
ნება მიეცით თქვენს შვილს, დაუშვას შეცდომები
ხშირად შეშფოთებული მშობლები არ აძლევენ ბავშვს რაიმეს დამოუკიდებლად კეთების უფლებას, ცდილობენ დაიცვან ის დაცემისა და შეცდომებისგან. მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა მისცენ ბავშვს დამოუკიდებლობის გამოვლენის შესაძლებლობა: დაე, გააკეთოს რამე, დაუშვას შეცდომები ან გამოასწოროს ისინი და ისევ სცადოს. მიუხედავად იმისა, რომ ძნელია უყურო, როგორ ყრის 2-3 წლის ბავშვი ფქვილს თასში, ასხამს წყალს და იცით, ცოტა ხანში მთელი სამზარეულო გასაწმენდი იქნება, მაგრამ ასეთი ქმედებები ავითარებს მოტივაციას, შემოქმედებით საქმიანობას, გამბედაობას და ნებელობას. მშობლების ამოცანაა, წაახალისონ, დაეხმარონ იქ, სადაც ეს ნამდვილად საჭიროა და სწამდეთ შვილის შესაძლებლობების.
დისციპლინა
დაახლოებით ამავე დროს ვიწყებთ ბავშვში თვითდისციპლინის განვითარებას. აქ კი დედებმა და მამებმა საკუთარი თავით უნდა დაიწყონ. მშობლები ადგენენ წესებს და თავად იცავენ მათ. წესები უნდა იყოს გონივრული, მოკლე, ბავშვისთვის გასაგები. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა თავად შეასრულონ ისინი. რომელი ბავშვი იტყვის უარს ტკბილეულზე სადილის წინ, თუ მშობლებიც მუდმივად მიირთმევენ მას?
თანდათან რთულდება წესები და მათ საფუძველზე იწყება ჩვევების ჩამოყალიბება. მაგალითად, დილის ვარჯიშები, ძილის წინ სეირნობა, გაჯეტების გარეშე ჭამა და მრავალი სხვა. ამ მომენტებში ნებისყოფაც ვარჯიშდება.
დაისახეთ მიზანი
ბავშვი იზრდება და უკვე მიზნების დასახვის საჭიროება ჩნდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის სკოლაში მიდის. ბავშვების მიზნები ოცნებებისა და სურვილებისგან ჩნდება. რის გაკეთებას ისურვებდი? რის მიღება გინდა? რა გინდა, იცოდე? თუ ამ კითხვებზე პასუხის გაცემისას ბავშვს თვალები უნათდება, ეს უკვე არის მიზანი. შემდეგ ერთად პოულობთ მისი მიღწევის გზებს. მიზნებზე მუშაობისას მნიშვნელოვანია, ბავშვი მუდმივად გრძნობდეს მშობლის მხარდაჭერას, არ ეშინოდეს შეცდომისა და შენიშვნის. შეუქეთ მონდომება, მცდელობა და აუცილებლად დააფასეთ მცირე ნაბიჯიც კი.
შეაქეთ და იამაყეთ
ხშირად მხოლოდ შეცდომებს ვამჩნევთ, მაგრამ ბავშვი უნდა შეაქოთ თუნდაც მცირე მიღწევისთვის, უფრო ხშირად ჩაეხუტოთ, იამაყოთ მისით. ეს, სხვა საკითხებთან ერთად, ხელს შეუწყობს საკმარისად მაღალი თვითშეფასების, თავდაჯერებულობის და „მე შემიძლია!“ განცდის ჩამოყალიბებას.
ნუ გააკეთებთ მის ნაცვლად
ყველა სიტუაციაში გვახსოვდეს ბავშვის დახმარების საზღვრები. ფსიქოლოგიაში არსებობს ცნებები:
ფაქტობრივი განვითარების ზონა (დავალებები, რომელთა შესრულებაც ბავშვს შეუძლია დამოუკიდებლად),
პროქსიმალური განვითარების ზონა (დავალებები, რომელთა შესრულებაც ბავშვს შეუძლია ზრდასრულის დახმარებით).
მნიშვნელოვანია, რომ თქვენი დახმარება იყოს პროქსიმალური განვითარების ზონაში. ნუ გაუწევთ დათვურ სამსახურს და ნუ გააკეთებთ ბავშვისთვის იმას, რისი გაკეთებაც მას დამოუკიდებლად შეუძლია.
ჩამოუყალიბეთ მაღალი თვითშეფასება
ყველაზე თავდაჯერებულ ბავშვებსაც კი აქვთ კონკურენციის შიში, მით უმეტეს, თუ ახლომახლო წარმატებულ თანატოლებს ხედავენ. ამ შემთხვევაში ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დაეხმარნენ მშობლები ბავშვს მაღალი თვითშეფასების ჩამოყალიბებაში, მათი ძლიერი მხარეების დანახვის უნარში. თუ ამ მხრივ ყველაფერი რიგზეა, ბავშვს აქვს საკუთარი ძალების რწმენა და გრძნობს დედისა და მამის მხარდაჭერას, რომლებსაც უყვართ და აფასებენ შედეგის მიუხედავად, მაშინ ჩნდება აზარტი: “შემიძლია გავიმარჯვო და გავხდე საუკეთესო?”
ეს უნარი ბავშვებს უვითარდებათ კლასგარეშე აქტივობისას, სპორტული თამაშებისას – იმის კეთებისას, რაც მათ აინტერესებთ. იმის გასაგებად, თუ რას აკეთებს ბავშვი უკეთესად, მოგიწევთ სცადოთ სხვადასხვა სექცია და აქტივობა.
არსებობს რამდენიმე რეკომენდაცია, თუ როგორ განუვითაროთ ბავშვს მიზნისკენ სწრაფვის და გამარჯვების მიღწევის უნარი.
ხელი შეუწყვეთ, რომ მისდიოს საყვარელ ჰობის. თუ შეამჩნევთ, რომ ბავშვს უყვარს სპორტი, წიგნების კითხვა, ხელსაქმე, ხატვა, დაეხმარეთ მას: დაესწროს შეჯიბრებებს, იაროს ამა თუ იმ წრეზე.
ბავშვს უნდა მივცეთ საშუალება დაინახოს, რომ გამარჯვება შეუძლია. სხვა ბავშვებს არ უნდა შეადაროთ და არ უნდა გაამახვილოთ ყურადღება სხვების წარმატებებზე ან თქვენი შვილის შეცდომებზე. ყველა თავისებურად უმკლავდება სტრესს, ამიტომ მათაც კი, ვინც ნაკლებად მომზადებულია, მაგრამ წაგების არ ეშინია, შეუძლია გაიმარჯვოს.
აჩვენეთ თქვენს შვილს თვითდისციპლინისა და ნებისყოფის მაგალითი. თუ ოჯახში რეჟიმი არ არსებობს, ყველას სძინავს სადილამდე, მაშინ უაზროა ბავშვისგან მოითხოვოთ დილის 7 საათზე გაიღვიძოს და ივარჯიშოს.
არსებობს გამოთქმა: „მთავარია არა გამარჯვება, არამედ მონაწილეობა“. ზოგიერთების აზრით, ეს გამოთქმა მოტივაციას კლავს. მაგრამ ასეც არ არის. სინამდვილეში ასეთი დამოკიდებულება ამცირებს ბავშვის დაძაბულობის და სტრესის დონეს, მისი მეშვეობით მშობლები შთააგონებენ, რომ დღეს მთავარია ეცადოს, შედეგი კი მომავლის საქმეა.

კომენტარები

სხვა სიახლეები