36 წლის მაკა ზ. სამი შვილის დედაა. 19 წლიდან ნარკოტიკების აქტიური მომხმარებელია. მაკა ინტერვიუზე მხოლოდ იმ პირობით დაგვთანხმდა, რომ მის იდენტიფიცირებას არ მოვახდენდით. მას ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში შევხვდით. მაკა ბოლო ორი წელია მეტადონის პროგრამაში ზის.
ნარკოტიკები მის ფსიქიკასა და გარეგნობაზეც აისახა, თუმცა გვეუბნება, რომ ადრე გაცილებით ლამაზი და მომხიბვლელი იყო, ნარკოტიკებმა კი მისი ცხოვრება კოშმარად აქცია. წამლის გამო შვილებთან ურთიერთობაც გაწყვიტა, სამი პატარა ხანდაზმულ დედას დაუტოვა და თავად ქუჩის ცხოვრებით ცხოვრობდა, ხშირად უწევდა ბრძოლა ნარკოტიკებისთვის საჭირო ფულის საშოვნელად. კერძო მევახშეები, ბანკები, ლომბარდები და ზოგჯერ დანაშაულიც კი მის ყოველდღიურობად იქცა.
მაკა ზ.:
– სამი ბავშვი მყავს, მაგრამ შვილებთან დიდი ხნის განმავლობაში ურთიერთობა არ მქონია. უფრო სწორად დედის მოვალეობებს არ ვასრულებდი. მათ ბებია ზრდიდათ ძირითადად, მე კი ჩემი პრობლემებით ვიყავი დაკავებული. 24 საათი მარტო წამალზე ვფიქრობდი. ამის გამო დიდი ვალები დამედო და დღესაც სერიოზული პრობლემები მაქვს მევალეებთან, მიუხედავად იმისა, რომ წამლის საშოვნელად ქუჩაში აღარ მიწევს სირბილი. უცებ მეგობრებისგან, ნათესავებისგან სრულიად გარიყული აღმოვჩნდი. შევეშვი ხატვასაც, რომელიც ჩემი გატაცება იყო, დღესაც ვოცნებობ გამოფენის გაკეთებაზე. მოკლედ, საშინელი დღეები მაქვს გამოვლილი, ჯარიმებიც გადამიხდია ნარკოტიკების მოხმარების გამო.
– როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?
– მაშინ ისეთი პერიოდი იყო, უბანში ბიჭების უმრავლესობა წამალს იკეთებდა. მე ბავშვობიდანვე უფრო ბიჭებთან ვმეგობრობდი. სულ ერთად დავდიოდით, ერთად ვეწეოდით სიგარეტს… ჩემი მეგობარი მამაკაციც ამ წრიდან იყო, რომელთანაც სასიყვარულო ურთიერთობა მქონდა. პირველად მან გამასინჯა ნარკოტიკი, შემდეგ, ფული რომ არ ჰქონდა, მე მთხოვდა. მაშინ ჩემს ოჯახს არ უჭირდა… მთელ ფულს წამლის საყიდლად ვხარჯავდით, ერთად ვიკეთებდით… ასე, ნელ-ნელა მთელი სახლი დავაცარიელე, თუკი რაიმე ოქროული გაგვაჩნდა, ყველაფერი გავყიდე. ახლა ძალიან მრცხვენია, ბევრ ჩემს ახლობელს, მათ შორის დედასაც, თვალებში ვერ ვუყურებ… საბედნიეროდ, რაღაც შეიცვალა და იმედი მაქვს, საბოლოოდ ყველაფერი დალაგდება. მე ცოცხალი ვარ, მაგრამ ჩემი სამეგობროდან უამრავი ადამიანი შეიწირა ნარკოტიკმა.
– მეტადონის პროგრამაში ჩართვა რატომ გადაწყვიტე?
– იმიტომ, რომ ასე გაგრძელება აღარ შემეძლო. საკუთარი თავი მეზიზღებოდა. ადრე ვერ ვბედავდი, მაგრამ ორი წლის წინათ გადავწყვიტე ამ პროგრამაში ჩართვა, ახლა ნელ-ნელა ვუბრუნდები ადრინდელ ცხოვრებას, ვცდილობ, ბავშვებთანაც გამოვასწორო ურთიერთობა. ვნახოთ, რა იქნება. იქნებ გამოფენის გაკეთებაც მოვახერხო და „პრაიმტაიმსაც“ მოგიწვევთ აუცილებლად. პორტრეტებს ვხატავ, უკვე 234 პორტრეტი მაქვს შესრულებული.
– მჯერა, რომ ყველაფერი გამოგივა…
– ღმერთმა ქნას. ძალიან მეხმარება ეს პროგრამა, ამიტომ მადლობა მინდა გადავუხადო ნარკომანიის ცენტრს. ჩემნაირი ადამიანებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
მაკა საქართველოში ერთადერთი ნარკოდამოკიდებული ქალბატონი არ გახლავთ. მხოლოდ მეტადონის პროგრამაში 30 ქალია ჩართული, თუმცა ცხადია, სტატისტიკურად მამაკაცების რაოდენობა გაცილებით დიდია. როგორ უნდა მოხვდეს ნარკოტიკების მომხმარებელი ზემოხსენებულ პროგრამაში და რა უჯდება სახელმწიფოს ერთი ნარკოდამოკიდებულის მკურნალობა? ამის გასარკვევად ჩვენ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალურ დირექტორს, ლაშა კილაძეს ვესაუბრეთ:
– დღეის მდგომარეობით სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროგრამაში ჩართულია 2200-მდე ბენეფიციარი, პარალელურად „გლობალ ფონდის“ მიერ დაფინანსებულ პროგრამაში 600-ზე მეტი ბენეფიციარი მკურნალობს, ანუ, საბოლოო ჯამში, 2800-მდე ბენეფიციარზეა საუბარი მთელი საქართველოს მასშტაბით. მათ შორის არიან ქალბატონებიც. არსებული მონაცემებით, მეტადონის პროგრამაში 30 ქალია ჩართული.
– რამდენად ეფექტურია ეს პროგრამა?
– ფაქტობრივად, 3000-მდე მომხმარებელს აღარ უწევს ყოველდღიური სირბილი იმისთვის, რომ ნარკოტიკული შიმშილი მოიკლას, მათ შეუძლიათ, ცივილიზებულად მივიდნენ და მიიღონ მეტადონი, ეს თავისთავად უზარმაზარ პოზიტიურ სოციალურ დატვირთვას ატარებს. ამ ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა ამ პროგრამამ ჩამოაშორა კრიმინალურ სფეროს. რაც შეეხება ზიანის შემცირებას ჯანმრთელობის კუთხით, მინდა გითხრათ, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, თავიდან არის არიდებული ისეთი რისკები, რომელიც შიდსსა და ინფექციური გზით გადამდებ სხვა დაავადებებს უკავშირდება.
– ზედოზირების შემთხვევები რამდენად ხშირია?
– ძალიან ხშირად „პერედოზირების“ დროს თავს არიდებდნენ სასწრაფოს გამოძახებას ან შესაბამის სტაციონარში გადაყვანას, რადგან სამედიცინო პერსონალი ვალდებული იყო, მომართვის შემთხვევაში, შეტყობინება გაეკეთებინა პოლიციაში. დღეს ეს კანონი შეცვლილია და მედიკოსი აღარ არის ვალდებული, პოლიციას აცნობოს. ამის გათვალისწინებით, მიმართვიანობა გაიზარდა. გაზრდილი მიმართვიანობის შემთხვევაშიც კი „პერედოზირებით“ გარდაცვლილთა მაჩვენებელი მნიშვნელოვნადაა შემცირებული. მაგალითად, თუ 2007 წელს „პერედოზირებით“ 39 ადამიანი გარდაიცვალა, 2014 წელს გარდაცვალების მხოლოდ 6 ფაქტი დაფიქსირდა.
– რა პროცედურების გავლაა იმისთვის საჭირო, რომ ადამიანი მეტადონის პროგრამაში მოხვდეს?
– უპირველეს ყოვლისა, მან უნდა გამოხატოს ამის სურვილი, ადამიანი უნდა იყოს ობიოდურ ნარკოტიკებზე დამოკიდებული, რაც მოიცავს ჰეროინს, დეზომორფინს და სხვა მსგავსი ტიპის ნარკოტიკულ საშუალებებს. შესაბამისი სურვილისა და სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ ობიოდურ ნარკოტიკებზე დამოკიდებულ ადამიანს შეუძლია მეტადონის პროგრამაში ჩაერთოს.
– რაც შეეხება ფინანსურ საკითხს… რა უჯდება სახელმწიფოს ერთი ნარკოდამოკიდებულის მკურნალობა?
– ეს თანხა შეადგენს თვეში დაახლოებით 215 ლარს, 50 პროცენტს სახელმწიფო აფინანსებს, ნაწილის გადახდა კი თანადაფინანსებით ხდება, თუმცა თანადაფინანსება არ ეხება სოციალურად დაუცველ კატეგორიას, ასევე, შიდსით დაავადებულ პირებს. გარდა ამისა, თბილისის მერია გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებს უნაზღაურებს თანადაფინანსების თანხას. საბოლოო ჯამში კი, შეიძლება ითქვას, რომ პროგრამაში ჩართული ადამიანების დაახლოებით 35 პროცენტს თანადაფინანსება არ უწევს.
წყარო: http://primetimenews.ge