”ჩემი ცოლის დაქალებში”ცოტნე ცოტაშვილის როლის შემსრულებელი გიორგი ბახუტაშვილი ივნისში მამა გახდება. მსახიობს ამ ეტაპზე პრესასთან ურთიერთობაში ტაიმ-აუტი აქვს აღებული, ამ სასიამოვნო სიახლეზე მის მეუღლესთან,თაკო შოშიაშვილთან მომავალი მამის გარეშე ვისაუბრეთ.
– სექტემბერში გავიგე, რომ ორსულად ვიყავი. მეც და გიორგიც იმ ეტაპზე გახლდით, როცა ძალიან გვინდოდა ბავშვი და ფეხმძიმობის ამბავმა სასწაულად გაგვახარა.
– როგორი ორსულობა გაქვს?
– საერთო ჯამში, კარგი. პირველი სამი თვე მსუბუქი ტოქსიკოზი მქონდა, მაგრამ მერე ამანაც გადამიარა და აქამდე ნორმალურად მოვედი. ამ ბოლო დროს, გაზაფხულზე გავცივდი, ვირუსი შემხვდა და ექიმთან სირბილმა მომიწია, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგადაა.
– რამდენად პრეტენზიული ორსული ხარ, აწვალებ გიორგის?
– სხვათა შორის, არა. რომ ჰყვებიან, შუაღამისას მინდება რაღაცებიო, ეს ჩემთვის უცხოა. ალუჩა ისედაც მიყვარდა და ახლაც განსაკუთრებულად მინდა. ვიყიდეთ ამას წინათ, მაგრამ ეტყობა, თურქული იყო, არ ვარგოდა, ჰოდა, ახლა ქართული ალუჩის შემოსვლას ველი.
– როგორია გიორგი შვილის მოლოდინში?
– გიჟივითაა უკვე (იღიმის). პირველი თვეები მალე გავიდა, ბოლო ორი თვე კი ძალიან იწელება. ექოსკოპიაზე ბავშვის 3D ფოტოები მოგვცეს და იმას უყურებს ხოლმე, არის განხილვა: შენ გგავს, მე მგავს და ა.შ.
– როგორია შენი ერთი ჩვეულებრივი დღე?
– ჩემი მდგომარეობის გამო ვერ ვმუშაობ, პაუზა მაქვს აღებული. ძირითადად, თავისუფალი ვარ, სახლის საქმეებს ჩვეულებრივად ვაკეთებ, არ მიჭირს, მერე ვსეირნობ, მეგობრებს ვნახულობ.… გიორგი კი არის დაკავებული, მაგრამ ნახულობს დროს იმისთვის, რომ ერთად ვიყოთ. მით უმეტეს, მე ამ ეტაპზე საქმე არ მაქვს და მის გრაფიკზე აწყობა ჩემთვის პრობლემა არაა. როცა სცალია, სულ ერთად ვართ. თუმცა შეიძლება ჰქონდეს ისეთი ერთი თვე ან ორი კვირა, საშინლად დაკავებული იყოს.
– თუ განებივრებს ან გეხმარება საქმეში?
– კი, კი. პირველი სამი თვე, ტოქსიკოზი რომ მქონდა, დილაობით საუზმეს მიმზადებდა, თავბრუ მეხვეოდა და ვერ ვდგებოდი, არ შემეძლო ჩემით მომზადება, გიორგი კი ამ მხრივ მანებივრებდა, საწოლში მოჰქონდა, მივირთმევდი და მერე ვდგებოდი. ახლაც, როცა სახლშია, ცდილობს, რაშიც შეუძლია, დამეხმაროს.
– სქესი უკვე იცით, სახელი?
– სქესი ვიცით, გოგოა, მაგრამ სახელი ჯერ არ გვაქვს მოფიქრებული, შერჩევის პროცესში ვართ.
– სანამ სქესს გაიგებდით, გიორგის, როგორც მამას, ბიჭი ხომ არ უნდოდა?
– არა, ჩემთვისაც და გიორგისთვისაც სქესს არანაირი მნიშვნელობა არ
ჰქონდა, მით უმეტეს, რომ პირველი შვილია. 12 კვირის რომ გავხდი და შესაძლებელი იყო სქესის დაახლოებით გაგება, გვითხრეს გოგოაო, გიორგიც როგორც გოგოს, ისე ეფერებოდა, მამიკოს გოგოო, ეუბნებოდა. შემდეგ ექოსკოპიაზე გვითხრეს ბიჭიაო, რაზეც გიორგის საოცარი რეაქცია ჰქონდა, ამ სიტყვების გაგონებაზე მიუბრუნდა ექიმს და უთხრა, – უკაცრავად, წესიერად ნახეთ, თუ შეიძლება, რა (იცინის). გოგოზე ვიყავით განწყობილნი და ბიჭი რომ გვამცნო, გიორგის საოცარი შეფასება ჰქონდა. ზუსტად დღეს ვიყავი ბოლო ექოსკოპიაზე და მითხრეს, გოგოაო. როგორც ჩანს, წინა ექოსკოპისტი შეცდა.
– გიორგი მშობიარობაზე დასწრებას აპირებს?
– ამ ეტაპზე ორივეს გვინდა, რომ დაესწროს, მაგრამ მერე, რომელიმემ თუ არ გადავიფიქრეთ, მაშინ დაესწრება.
– თაკო, მას შემდეგ რაც ორსულად ხარ, გაგიმძაფრდა ემოციები? შეგეცვალა დამოკიდებულება ორსულების, ბავშვების მიმართ?
– სენტიმენტალური და ემოციური ყოველთვის ვიყავი და ახლაც ასეთი ვარ. ხომ არიან ადამიანები, რომელთაც ყველა ბავშვი უყვართ?! რა ვქნა, მე საყვარელი ბავშვები მიყვარს (იღიმის).
– ბავშვის განვითარებისთვის თუ კითხულობ წიგნებს, ან თუ უსმენ მშვიდ მუსიკას?
– ძალიან ხმაურიანი მუსიკა ისედაც არ მიყვარს, მაგრამ ყოველთვის მოცარტისა და ბეთჰოვენის ხასიათზე არ ვარ, შესაბამისად, ვისმენ იმას, რაც მსიამოვნებს. სხვათა შორის, ბავშვს ხმაურზე რეაქციები აქვს. ამას წინათ სპექტაკლზე ვიყავით, დაძაბული მუსიკა იყო და ისე დაიწყო მუცელში მოძრაობა, კინაღამ დარბაზიდან გამოვედი. ზოგადად, ძალიან წყნარი ბავშვია, არ მაწუხებს, ერთი-ორჯერ მომარტყამს ხოლმე და სულ ესაა.
– ამბობენ, ბავშვის დაბადებამდე ნივთების შეძენა არ ღირს. შენ მაინც ხომ არ გიყიდია უკვე რამე?
– სხვათა შორის, ახლახან გავიგე ეგ მეც, მაგრამ გიორგიმ რაღაცები უკვე უყიდა. გასტროლებზე მოუწია წასვლამ ამერიკაში, მაშინ მე სამი თვის ვიყავი, ვიზა და ყველანაირი საბუთი მზად მქონდა, მაგრამ ექიმმა არ გამიშვა, ძალიან პატარა ხარ და საშიშიაო. მერე ისე მოხდა, რომ ავსტრალიაში გაემგზავრნენ, ექიმმა ამ შემთხვევაში დამრთო გაფრენის ნება, მაგრამ ვიზა არ ჩამირტყეს. მოკლედ, შემოიარა მთელი მსოფლიო უჩემოდ, თუმცა ორივეჯერ ჩამოუტანა ბავშვს ტანსაცმელი. ახლა უკვე საწოლის ყიდვასაც ვგეგმავ და ნელ-ნელა აქტიურად დავიწყებთ მზადებას.
– მერვე თვის კვალობაზე წონაში არ ხარ მომატებული.
– დიდად არა. ერთადერთი, რასაც ვერ ვიცვამ, ძველი შარვლებია, იმიტომ რომ მუცელზე არ მეკვრება. გიორგის მეგობარი ამერიკაში ცხოვრობს, იქ რომ იყო, საორსულო შარვალი გამოატანა, რაც მესამე თვეში მეცვა, დღემდე მაცვია.
– ორსულობის გამო აქტიურ გართობაზე უარის თქმა ხომ არ მოგიხდა?
– გარკვეულწილად. ხშირად არა, მაგრამ ხანდახან მე და გიორგის კლუბში სიარული გვიყვარდა, ახლა კი ხალხმრავალი ადგილები დიდად არ მსიამოვნებს, ადვილად ვიღლები და არ მომწონს ასეთ გარემოში ყოფნა.
– თავად აპირებ პატარის გაზრდას?
– რაღაც ეტაპამდე ბავშვთან ვიქნები, მაგრამ მუშაობის დაწყებაც ძალიან მინდა. ივნისში მიწევს მშობიარობა, ზაფხულში არაფერი იქნება, შემდეგ კი საქმეზეც გადავიტან ყურადღებას. შვილის გაზრდისა და აღზრდის პროცესში კი ძალიან აქტიურად ჩავერთვები, რადგან ვფიქრობ, ბავშვისთვის დედა ყველაზე მნიშვნელოვნია. თუმცა ჩემი საქმეც უნდა ვაკეთო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან გამიჭირდება. ჩემი აზრით, მაშინ ხარ მაგარი, როცა ყველაფერს ასწრებ, მარტო ბავშვის გაზრდას, ან მარტო მუშაობას ყველა მოაბამს თავს. მე კი მინდა ვეცადო, ეს ყველაფერი ერთმანეთს შევუთავსო, არც გიორგის მოვაკლო ყურადღება, არც ბავშვს და არც საქმეს.
წყარო: ჟურნალი ”რეიტინგი”