სანამ ცივილიზებული მსოფლიო ადამიანის უფლებებზე მსჯელობს, 5, 7 თუ 9 წლის გოგონებს საკუთარი მშობლები საქორწილო სამოსს აცმევენ და მათზე 2-ჯერ, ან 7-ჯერ უფროს მამაკაცებს აყოლებენ ცოლად.
ასეთი ქორწინება სინამდვილეში გარიგებაა, რომლის შენიღბვასაც არავინ ცდილობს – ოჯახს ვალი აქვს, ფულის მაგივრად კი მევალეს ქალიშვილს “გაატანს”, მერე რა, რომ 5 წლისაა, მისი დიდი ბებიაც ამ ასაკში გათხოვდა. სიღატაკეში მცხოვრებ ოჯახებს ერთი სული აქვთ, კიდევ ერთი ზედმეტი ტვირთი მოიცილონ. თან ისე, რომ ოჯახის სახელი არ შეილახოს, სასიძოს კი ერთი რამ მოეთხოვება – რაც შეიძლება გულუხვად გადაუხადოს საპატარძლოს მშობლებს.
ნაადრევ ქორწინებებს ადგილობრივები შემდეგი არგუმენტით ხსნიან – გოგონას დაცვა სჭირდება, თუ არადა შეიძლება უბიწოება ქორწინებამდე დაკარგოს, რაც ოჯახისთვის დიდი სირცხვილია. ქმარი ან მისი ოჯახი ვალდებულია სქესობრივ მომწიფებამდე საკუთარი შვილივით იზრუნოს მცირეწლოვან პატარძალზე, ეს კი პატარძლის ღატაკი ოჯახისთვის დიდი შეღავათია.
ბავშვთა ქორწინებები ყველაზე ხშირია ინდოეთში, იემენსა და ავღანეთში. მხოლოდ ინდოეთი კრძალავს ამ ცერემონიას და კანონით სოლიდური ფულადი ჯარიმაცაა დაწესებული, რაც 2000 აშშ დოლარის ექვივალენტია. ჯარიმა ელის როგორც სასიძოს, ასევე პატარძლის ოჯახს და ქორწილში მყოფ ყველა სტუმარს, თუმცა კანონს არავინ დაგიდევს და სახელმწიფოც თვალს ხუჭავს ამ საშინელ ტრადიციაზე.
ვერც ერთი საპატარძლო ვერ გაბედავს წინ აღუდგეს მშობლების სურვილს – ურჩებს საშინელი სასჯელი, ხშირად კი სიკვდილიც ელით.
ერთ დროს ადგილობრივი ქალებიც კი შეძრა ინდოეთში, რაჯასტანის შტატში მცხოვრებმი 5 წლის აიშეს ისტორიამ. ის მამამ 55 წლის მამაკაცს გააყოლა ცოლად. მეზობლები ჰყვებოდნენ, რომ ქმრის სახლიდან ხშირად ისმოდა ბავშვის განწირული კივილი და ამ ამბავმა პოლიციის ყურამდეც მიაღწია. “მამამ და ქმარმა აიშე აიძულეს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ჩაეცვა, რომ პოლიციელებს უფრო მაღალი მოსჩვენებოდათ, სახე კი დაფარული ჰქონდა. ქმარი დაემუქრა, რომ თუ ციხეში ჩასვამდნენ, იქედან როცა გამოვიდოდა, აიშეს მოკლავდა. პოლიციელებმა მხოლოდ მამას და ქმარს დაუსვეს რამდენიმე შეკითხვა და წავიდნენ” – ყვებიან მეზობლები.
კანონის მიღება ინდოეთში ვერაფერს ცვლის, თუმცა სახელწიფო გარკვეული ზომების გატარებას მაინც ცდილობს. მაგალითად, სოფლებში მდებარე საავადმყოფოებში საგანგებო მედპერსონალი მუშაობს, რომლებიც ადგილობრივებს არწმუნებენ, არ გაათხოვონ საკუთარი შვილები ადრეულ ასაკში. იგივე მედპერსონალი ჰყვება, რომ 10-11 წლის ორსულმა გოგონებმა წესიერად არც იციან, რა ხდება მათ ორგანიზმში, ბევრი მშობიარობამდეც არ არის ექიმთან ნამყოფი, ამიტომ ექიმები სამშობიარო ტკივილების ფონზე უხსნიან, რა ხდება მათ თავს და რა მოჰყვება ამ ყველაფერს.
სქესობრივ ცხოვრებაზე საუბარი ოჯახებში დაუშვებელია. გოგონებმა თითქმის არასოდეს იციან, რა ელით პირველ ღამეს და ეს, როგორც წესი, ძალადობით ხდება.
თუ ბავშვთა ქორწინებებს ინდოეთში კანონი მაინც კრძალავს, იემენში საუდის არაბეთსა და ავღანეთში ეს შეზღუდვაც არ მოქმედებს.
“ქორწინების ასაკი მუჰამედსაც არ დაუდგენია და მით უმეტეს კანონი ვერ დაადგენს?!” – ასეთია იემენის პარლამეტის დეპუტატის არგუმენტი.
სამაგიეროდ, კანონით განქორწინება დაშვებულია. 10 წლის ნუნჯუს მაგალითმა თავის დროზე მსოფლიო აღაფრთოვანა – ის ქმრის სახლიდან გაიქცა, სასამართლომდე მიაღწია და ქმართან გაყრა მოითხოვა. ასე გახდა ნუნჯუ მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა განქორწინებული ქალი. მისმა მაგალითმა ბევრ გოგონას უბიძგა ამ გაბედული ნაბიჯისკენ, თუმცა ყველას როდი გაუმართლა.
ამ სამყაროში გათხოვილ გოგონებს ამცირებენ, მხეცურად სცემენ და პატარა შეცდომის გამო კლავენ. ხშირად თავად გოგონები ვერ უძლებენ ჯოჯოხეთურ ცხოვრებას და თავის მოკვლას ცდილობენ, ძირითადად – თავის დაწვით.
წყარო:http://www.ambebi.ge