გია ჯაჯანიძე ადამიანებისა და ადამიანური ურთიერთობის შესახებ თავის მოსაზრებას სოციალური ქსელების მომხმარებლებს უზიარებს. ცნობილი ტელეწამყვანი წერს, რომ “როგორც სარეველა არ გამოილევა დედამიწაზე, ისე ბოროტი არ დაილევა”, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს:
“მთავარი პრობლემა იცით რა არის?
ზოგიერთმა ადამიანმა არ იცის, რომ ბოროტია და საშიში, არ იცის და ვერ ხვდება, რომ შეიძლება იყოს შურიანი, გულღრძო, ბოროტი და მზაკვარი. პირიქით ბოროტებმა იციან, რომ ისინი კეთილები არიან, კეთილ საქმეს აკეთებენ და უფალს ადიდებენ.
მე უკვე ვისწავლე, თაღლით, ბოროტ, ვირეშმაკა, ნაძირალა ადამიანებთან ცხოვრება. რა ვქნა სხვანაირად არ შემიძლია, მათ მე ვერ შევებრძოლები, ვერ მოვერევი და ვერ შევცვლი.
როგორც სარეველა არ გამოილევა დედამიწაზე, ისე ბოროტი არ დაილევა.
თუ ბუნებას დააკვირდები, ყველაფერს გკარნახობს, როგორ უნდა მოიქცე. გონიერი ადამიანი სარეველას თხრის და ყრის, რათა ნათესები არ დაუზიანოს.
გადატანითი მნიშვნელობით, ამოთხრა ნიშნავს, ბოროტისგან, შურიანისგან, ამპარტავანისგან
ყველაზე დიდი შეცდომაა, როცა ადამიანის გეშინია და მასთან ურთიერთობ.
გამოცდილება: მე, ბილიკი დავაგე მყარი ფილებით და აღარ ამოდის სარეველა ჩემს გზაზე. ამიტომ დავდივარ თავისუფლად.
ხანდახან ამოყოფს ხოლმე თავს ფილებს შორის, მაგრამ არ ვერჩი, სუსტები არიან, ისედაც ვერ გაიზრდებიან.
ადამიანი სასწაულებს ეძებს სხვაგან, სხვა მოვლენებში, არა და… ყველაზე დიდი სასწაული თავად ადამიანია, თავისი მოსვლით დედამიწაზე, თავისი ყოფით, ცხოვრებით და გარდაცვალებით.
ლიმონი სასარგებლოა, მაგრამ ბევრი არ შეიძლება.
ბევრი ყველაფერი მავნებელია, მათ შორის სიმდიდრე, ამიტომ, ზომიერებას არაფერი სჯობს.
იყავი ზომიერი და ახარე გული.
იყავი ზომიერი და შეირგე.
იყავი ზომიერი თორემ, ამოგამწარებენ“, – წერს გია ჯაჯანიძე.