“როგორც თქვენ იტანჯებით, ისე უნდა დავიტანჯოთ” – მამაკაცებმა დედის დღე ორსულობით აღნიშნეს

მამაკაცებმა 15-კილოგრამიანი საორსულე “კოსტიუმები” მოირგეს და ასე გამოწყობილებმა 10 დღე გაატარეს.

სამივე მამაკაცი ცოლიანია და 40 წელს ზევითაა. ამ 10 დღის განმავლობაში სამივე საკუთარ დღიურს აწარმოებდა, სადაც დეტალურად აღწერდნენ თავიანთ განცდებს.
მიუხედავად იმისა, რომ კოსტიუმში ნამდვილი ორსულის ყველა რეალურ შეგრძნებას ვერ მიიღებდნენ (ჰორმონალური ძვრები, სხეულის შეშუპება, გულძმარვა, თავბრუსხვევა, გულისრევა), 10 დღით ამხელა მუცლისა და მკერდის “ზიდვამ” მაინც საშინელი დისკომფორტი შეუქმნათ. იძულებულნი იყვნენ მხოლოდ ზურგზე დაწოლილიყვნენ, რის გამოც ყოველ დილით თურმე ცუდ ხასიათზე იღვიძებდნენ. ზურგის ტკივილიც აწუხებდათ.
ხასიათიც იმდენად დაუმძიმდათ, რომ ნებისმიერი წვრილმანიც კი ისტერიკაში აგდებდათ. მაგალითად, ერთ-ერთი მთგანი, ჯონი იხსენებს, რომ დაუწყვილებელ წინდებს გაცოფებამდე მიჰყავდა. “მზად ვიყავი მთელი კარადა ნაფოტებად მექცია, ოღონდ კი წინდისთვის მეორე ცალი მეპოვნა”, – იხსენებს ის.
სტივს ცვალებადი განწყობა დასჩემდა, სულ უმიზეზოდაც ტირილის ხასიათზე ვდგებოდიო – აღიარა თავის ონლაინდღიურში.
ექსპერიმენტის შემდეგ სამივემ დაასკვნა, რომ კაცისთვის ბოლომდე გამოცანად დარჩება საიდუმლო, თუ როგორ უძლებენ ქალები 9 თვის განმავლობაში ამ მდგომარეობას, რომელიც კიდევ უფრო შოკისმომგვრელი ტკივილით უნდა დაგვირგვინდეს. სამაგიეროდ, შეთანხმდნენ, რომ ყველა მამაკაცი დედასა და მეუღლეს თავს უნდა ევლებოდეს და ბავშვების აღზრდაშიც აუცილებლად უნდა მიეშველონ.

წყარო: http://daijesti.pia.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები