როგორი პერიოდი იქნება 30 აგვისტომდე – ასტროლოგის პროგნოზი

ასტროლოგი, დავით ნიბლაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე მიმდინარე თვის პროგნოზს აქვეყნებს:
“დღეიდან 30 აგვისტომდე მერკური საკუთარი მმართველობის ნიშანში, ქალწულში იმოძრავებს.
ქალწულში მერკურს ვენერა და მარსი დახვდება. ლომისგან განსხვავებით, ქალწული ნაკლებად ეგოცენტრული და ექსპრესიულია. თვითგამოხატვის ნაცვლად, მისთვის ლოგიკური გადაწყვეტილებები, ანალიტიკური და კრიტიკული დამოკიდებულება გაცილებით მნიშვნელოვანია. ქალწული ცდილობს სრულყოფას, საქმის იდეალურად შესრულებას და კრიტიკული არამხოლოდ სხვების, საკუთარი თავის მიმართაც საკმაოდ დიდი დოზითაა. ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება დაგვეხმარება საკითხები სწორად შევაფასოთ, მივიღოთ პრაქტიკული და შედეგებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები და აღვიქვათ მიზეზ-შედეგობრივი კავშირები. ეს არის გეგმების შედგენის, საქმის კეთების, კორექციების შეტანის, სწავლის, შრომის, ფუსფუსის პერიოდი.
ქალწული დაგვეხმარება წესრიგის აღდგენა-დამყარებასა და ჯანმრთელობაზე მეტი ყურადღების გამოჩენაშიც.
თუ ზედმეტ კრიტიკულობას თავს ავარიდებთ და ურთიერთობებში მეტ დიპლომატიას გამოვიყენებთ, ეს პერიოდი საკმაოდ ნაყოფიერად ჩაივლის. ასევე ვეცადოთ, დეტალებში კირკიტის გამო მთლიანი სურათი არ დავკარგოთ და ქაოსში არ აღმოვჩნდეთ.
ნაყოფიერ და მშვიდობიან ზაფხულის ბოლო დღეებს გისურვებთ!”-წერს დავით ნიბლაძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები