რობერტ კაპას “ქართული დღიურები” (ფოტოკოლაჟი)
“ქართველები გვეჩვენნენ უფრო ლაღნი, ვიდრე სხვები, ვინც აქამდე შეგვხვედრია. ისინი არიან მშვიდნი, გულმხურვალენი და მხიარულნი. ქართველები, ალბათ, ამიტომაც იწვევენ აღტაცებას რუსებში. ეტყობა რუსებს სწადიათ, რომ ქართველებს დაემსგავსონ”, – ეს არის ამონარიდი ჯონ სტაინბეკის “რუსული დღიურებიდან”, რომელიც 1948 წელს რობერტ კაპას ფოტოების თანხლებით გამოიცა.
ცნობილმა უნგრელმა ფოტოგრაფმა რობერტ კაპამ და მისმა მეგობარმა, ამერიკელმა მწერალმა ჯონ სტაინბეკმა საბჭოთა კავშირის სამ რესპუბლიკაში იმოგზაურეს: რუსეთში, უკრაინასა და საქართველოში. 1947 წელს კაპამ საქართველოში გადაიღო ფოტოების სერია, რომელიც ცნობილია, როგორც: “ქართული დღიურები. რობერტ კაპა საქართველოში”.
“კვირა + ” კიდევ ერთ ამონარიდს გთავაზობთ ორი მეგობრის მოგზაურობიდან:
“…ამ გასაოცარ ქართველებს ვერაფრით გავუტოლდებით. მათ შეუძლიათ ჩვენზე მეტი ჭამონ, სვან, იცეკვონ და იმღერონ. მათში ბობოქრობს იტალიელთა შმაგი მხიარულება და ბურგუნდიელთა ფიზიკური ენერგია. რასაც კი ხელს მოჰკიდებდნენ, ყველაფერს აკეთებდნენ, ფიცხლად და მკვირცხლად. ისინი სრულიად არა ჰგვანდნენ რუსებს, რომლებსაც ვხვდებოდით და ადვილი გასაგებია, თუ რატომ ახსენებენ ესოდენ აღტაცებით ქართველებს სხვა საბჭოთა რესპუბლიკების მოქალაქენი. ტროპიკული ჰავა არათუ აქვეითებს მათ სიცოცხლისუნარიანობას, არამედ აძლიერებს კიდეც. ამქვეყნად არაფერს ძალუძს დათრგუნოს მათი ინდივიდუალობა ან ნებისყოფა. მრავალ ასწლეულთა მანძილზე ამას ლამობდნენ დამპყრობელნი, რუსეთის მეფის არმიები, დესპოტი თუ ადგილობრივი წარჩინებულნი, ქართველების შეუდრეკელობა ყველაფერს ამსხვრევდა და არაფერს არ ძალუძდა, ოდნავ მაინც შეერყია მათი სიმტკიცე”.