“რთულად გვაქვს საქმე ყველას” – როგორ აფასებენ “X ფაქტორი”-ს პირველ ლაივ-შოუს ნიკა გვარამია, თამთა გოდუაძე და კონკურსის რჩეულები
“იქს ფაქტორის” პირველ ლაივ-კონცერტს დადებითი შეფასებები მოჰყვა. მაყურებელმა საკუთარი არჩევანი გააკეთა, პროექტი გურამ საყვარელიძემ და მარიამ ივარდავამ დატოვეს, ხოლო რჩეულებში ნინი ბრეგვაძე და გიორგი ნაკაშიძე მოხვდნენ.
ნინი ბრეგვაძე: რატომღაც მეგონა, აუტსაიდერებში მოვხვდებოდი. თავიდან როცა გამოაცხადეს, რომ ხმათა უმრავლესობა გოგონების კატეგორიიდან მე მოვაგროვე, ვერ დავიჯერე. მადლობა უნდა გადავუხადო ყველას, ვინც მხარი დამიჭირა, შემდეგ ტურში უფრო მეტს გავაკეთებ.
ბიჭების კატეგორიიდან ხალხის რჩეული აჭარელი გიორგი ნაკაშიძე გახდა. “არ ვიცი, რა ვთქვა, გაოგნებული ვარ. ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის”, – ამბობს Ambebi.ge-სთან ნაკაშიძე.
ნიკა გვარამია: ხარისხობრივად განსხვავებული შოუ მივიღეთ. მე, როგორც “ნიჭიერის” ჟიურის წევრი, ცოტა ვეჭვიანობ კიდეც. ისეთი შოუ მივიღეთ, როგორიც აქამდე საქართველოში არ ყოფილა, მათ შორის
არც “რუსთავი 2”-ზე. მაყურებლის გადაწყვეტილებაც სწორი იყო. რაც შეეხება ჩემს რჩეულს, ამ ეტაპზე არ დავასახელებ, მაგრამ ვიტყვი, რომ აჭარა წელსაც ძლიერად არის წარმოდგენილი კონკურსზე.
თამთა გოდუაძე: რთულად გვაქვს საქმე ყველას, რადგან ყველა ჯგუფში ძლიერი კონკურსანტები არიან. როგორც ყველა, მეც ვნერვიულობ, მაგრამ ჩემს ჯგუფშიც ძლიერი მუსიკოსები არიან. ვეცდები, ჩემი ჯგუფი წინ, ფინალისკენ წავიყვანო. საერთო ჯამში მიმაჩნია, რომ ღირსეულმა ადამიანმა უნდა გაიმარჯვოს.