რა შემთხვევაში შეუძლია სხვას ჩვენი ჯანმრთელობის მითვისება?

სმა-ჭამა დიდად შესარგი, დება რა სავარგულიაო, – უთქვამს დიდ რუსთაველს და ჩვენ, უბრალო მოკვდავთ, რა გვაქვს ამის საწინააღმდეგო?! თუმცა, ჭამაცაა და ჭამაც, ყველაფერს თავის წესი და რიგი აქვს.
არ იფიქროთ, აქ სუფრის ეტიკეტზე ვაპირებდე ლექციის წაკითხვას. უბრალოდ, იმ წესებს შეგახსენებთ, რაც ჩვენი წინაპრების დაკვირვებულ თვალს, საუკუნეების განმავლობაში არ გამოჰპარვია და მათ საფუძველზე, მინიშნებათა ვრცელი ნუსხა შეუდგენია:
რა გვავნებს, რა გვარგებს, როდის რა საფრთხე გვემუქრება და როგორ ავიცილოთ ის თავიდან, სწორედ სმა-ჭამის მათეული მეთოდების გათვალისწინებით. ამ ყველაფერზე კი გვიამბობს ეზოთერიკოს-პარაფსიქოლოგი, ბატონ ოთარს.
– რა წესების დაცვაა საჭირო ჭამის დროს და როდის რა მინიშნებები უნდა გავითვალისწინოთ?
– დავიწყებ ყველაზე აქტუალურით, განსაკუთრებით ქალებისთვის, არავითარ შემთხვევაში არ ჭამოთ სარკის წინ – ამით თქვენს სილამაზესაც შეჭამთ. ასევეა, სწავლის დროსაც: რაც არ უნდა მოგშივდეთ, არაფერი შეჭამოთ, თორემ, საჭმელთან ერთად „შეჭამთ“ მთელ თქვენს ცოდნასაც და თავში აღარაფერი დაგრჩებათ. ჭამის დროს ენაზე იკბინეთ? – ესე იგი, ტყუილი თქვით. როცა ისე გეჩქარებათ, რომ ფეხზე დამდგარი, გზადაგზა საუზმობთ, კარში გასვლისას მაინც შეიკავეთ თავი, თორემ ამით უწმინდურ ძალას გაეხსნება თქვენკენ გზა. ახლა ზაფხულია და ბევრმა სოფელს მიაშუარა. იქ კი იშვიათია სახლი, თაგვი რომ არ შეეჩვიოს. ამიტომ, ყურადღებით იყავით, თუ ჭამის დროს პირიდან ლუკმა გადმოგივარდათ და ძირს დავარდა, თაგვმა არ გააცუნცულოს და თქვენ ნაცვლად, მან არ შესანსლოს. ამ შემთხვევაში, აუცილებლად აგტკივდებათ კბილი, თანაც იმ მხარეს, საითაც ლუკმას ღეჭავდით. ხოლო, თუ მიყოლებით სამჯერ, სადილობისას, პირიდან ლუკმა გადმოგივარდათ, ესე იგი, წინ გრძელი გზა გელით. გადავიდეთ სხვა საკითხზე: თუ მამაკაცი სტუმრად ისეთ დროს მივიდა, როცა ოჯახი ის-ისაა სადილად დაჯდა, შემოსწრებულის სიდედრი დიდხანს იცოცხლებს, ხოლო თუ ვიზიტი სადილის დასასრულს დაემთხვა – ის სიდედრს მალე სამუდამოდ დაემშვიდობება.
– გამიგია, შენი ულუფა სხვას არ უნდა გაუზიაროო, რატომ?
– მთლად ასეც არ არის, მაგრამ, მაგალითად: ჭამას რომ დაამთავრებთ, თეფზე არ დატოვოთ კერძის მონარჩენი, ან პურის მოკბეჩილი ნაწილი, რადგან არის ალბათობა, სხვამ შეჭამოს. ამით კი, ის თქვენს ძალასა და ჯანმრთელობას ხომ მიითვისებს, იმავდროულად, თქვენს ფიქრებსა და საიდუმლოებებსაც ჩასწვდება. არის ასეთი ვერსიაც: ვახშმიდან შეუჭმელი თუ დაგრჩა რამე, მეორე დღეს სტუმრების დასახვედრად უნდა მოემზადო. როცა ადამიანი ხარბად და განუზომლად ბევრს ჭამს, ეს ნიშნავს, წინასწარ გრძნობს, რომ უბედურება ელის თავად მას, ან მასპინძლის ოჯახს, სადაც ისადილა. მაგრამ, თუ ბოლომდე შეუჭმელი საკვები ცხოველს გადაუგდეთ, თქვენი ჯანმრთელობის პრობლემებიც მასზე გადავა. ახლა წარმოიდგინეთ, პირიქით, თუ სხვის მონარჩენ ულუფას ან ჭიქა სასმელს თქვენ დაამთავრებთ, იმ ადამიანის ცოდვებიც თქვენზე გადმოვა. არის კიდევ უამრავი კონკრეტული მინიშნება იმასთან დაკავშირებით, თუ რას, როდის და რით ჭამ. მაგალითად: თუ დანით მიირთვით რაიმე, ვიღაც ძალიან გაგაბრაზებთ; ბარდით თუ დანაყრდით, ვიღაც გაგთვალავთ; ვისაც გულ-ღვიძლისა და თევზის ქვირითის ჭამა უყვარს, ძალიან გულჩათხრობილია; თუ შემთხვევით, წვნიანით სავსე კოვზის პირთან მიტანისას, მასში ნახშირის ნატეხი აღმოაჩინეთ (საიდან? ხომ შეიძლება, კოცონზე ხარშვისას ან თუნდაც, ქალაქში, გაზქურის ანთებისას, ასანთის ღერს წაძვრა დამწვარი თავი და ქვაბში ჩავარდა), არ შეიმჩნიოთ, ფრთხილად ამოიღეთ და თან, გაიღიმეთ, აუცილებლად საჩუქარს მიიღებთ.
– მგონი, არ არსებობს ადამიანი, სოფლად ყოფნისას, ნაპარავი ხილისა თუ სიმინდის გემო არ ახსოვდეს. რას ამბობს ამაზე მინიშნება?
– არც მოპარულის ჭამა შეიძლება და არც სიბნელეში დანაყრება – თუ არ გინდათ, რომ თქვენმა შვილებმა ქურდობას მიჰყონ ხელი. ასევე, არ შეიძლება, მთელ სუფრაზე გადაწვდეთ პურს, ანდა წინ დალაგებულ კერძებს არ დასჯერდეთ და ჩანგლითა თუ კოვზით, მოშორებული ლანგრიდან სცადოთ გადმოღება. იცოდეთ, მუცელი აგტიკვდებათ და მთელ დღეს სლოკინს თავს ვერ დააღწევთ. თქვენ წარმოიდგინეთ, ადამიანის ტიპის ამოცნობაც კი შეიძლება იმის მიხედვით, თუ ხორცის ან თევზის რა ნაჭერს მიირთმევს.
ვისაც კურტუმო და კუჭი უყვარს, მოსიყვარულე ბუნებისაა; ვინც კუდის ნაწილს ანიჭებს უპირატესობას, ნებისმიერი ცხოველის, ფრინველისა თუ თევზის შემთხვევაში, ძალიან ტრაბახაა. დაბოლოს, თუ ვინმეს სადილად ელოდებით და დაიგვიანა, მაგიდაზე გადაფარებული სუფრა გადმოფერთხეთ და ისიც უმალვე იქ გაჩნდება; არ შეიძლება, ჭამა-სმა დაწოლილ მდგომარეობაში, ან მუხლებზე დამდგარი – ეშმაკი მუჯლუგუნს წაგკრავთ; უცაბედად, ჭამის დროს, პირიდან ნამცეცები თუ გადმოგცვივდათ, ვიღაც მოკვდება. ხოლო, ვინც საუზმის წინ მღერის, ძილის წინ ტირილი მოუწევს. ამჯერად ესაა სულ – გაითვალისწინეთ და ნურაფრის შეგეშინდებათ, ცხოვრება ხომ მშვენიერია!

წყარო:http://www.tbiliselebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები