რა შემთხვევაში იწვევს ჩუტყვავილა უშვილობას და რა უნდა გაითვალისწინოთ, თუ თქვენს შვილს „ბატონები“ ესტუმრნენ
ბოლოს დროს, მკითხველები ხშირად მოგვმართავენ ერთი და იგივე კითხვით, რატომ გაიზარდა ჩუტყვავილით დაავადებული ბავშვების რიცხვი თბილისში. „ბატონები“, როგორც მას ჯერ კიდევ ჩვენი წინაპრები ეძახდნენ, როდის ესტუმრება თქვენს პატარას, წინასწარ ამის თქმა შეუძლებელია, თუმცა, როგორც პედიატრი, ქალბატონი ნადული კოხრეიძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, არსებობს საშუალებები, რომლის დახმარებითაც შეგვიძლია, პატარას ვირუსული ინფექციის მიმდინარეობის პროცესი შევუმსუბუქოთ.
ნადული კოხრეიძე:
– საერთოდ შემოდგომა და ზამთარი ჩუტყვავილისთვის დამახასიათებელი სეზონია. ამ პერიოდში უფრო მეტია ბავშვებზე მომართვიანობა. არის პერიოდები, რომ ყოველდღიურად გაცილებით მეტი პაციენტი
შემოდის, ვიდრე სხვა დროს, მაგრამ ამ წუთას კლინიკაში ნაკადი ძალიან გაზრდილი არ რის.
ზოგადად, ჩუტყვავილას ვირუსი საკმარისია ერთ ადამიანს დაემართოს, ის უკვე ძალიან მალე ვრცელდება, რადგან გადამდებია ჰაერწვეთოვანი გზით. ვინაიდან დღეს ბავშვები ბაღსა და სკოლებში დადიან, სწრაფად ხდება გავრცელება და ერთმანეთზე გადადება. თან გაითვალისწინეთ, რომ სახელმწიფო ბაღებში, ერთ ჯგუფში ბევრი ბავშვია. ეს ვირუსი გადამდებია მაშინ, სანამ გამოაყრის ბავშვს და ხილული გახდება, შემდეგ კი უკვე მარტივად ვრცელდება. ინფექციას ინკუბაციის პერიოდი 14 დღე აქვს, სანამ ბოლო ფუფხი არ წარმოიქმნება, მანამდე გადამდებია. გამონაყარს აქვს მიმდინარეობის რამდენიმე ფაზა და აი, ფუფხი რომ წარმოიქმნება, უკვე გადამდები აღარ არის.
– ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინა ეროვნული კალენდრით გათვალისწინებულ აცრებში არ შედის.
– დიახ, თუმცა, ევროპაში იცრებიან ჩუტყვავილაზე, საქართველოში კი ოფიციალურ კალენდარში არ ზის. თუმცა, შემოტანილია ვაქცინა და ფასიანია, საკმაოდ ძვირი ღირს. პროფილაქტიკის მიზნით, სასურველია აცრა, მაგრამ სახელმწიფო რატომ ვერ ახერხებს კალენდარში ჩასმას, ვერ გეტყვით. ზოგადად, სხვა ვაქცინები, რაც კალენდარშია, ასევე ძალიან ძვირადღირებულია და ისინი გაცილებით მნიშვნელოვანია.
საერთოდ, ჩუტყვავილას თუ მოიხდის ადამიანი, მყარ იმუნიტეტს ტოვებს და მეორედ აღარ შეხვდება. თან ჩუტყვავილა ძირითადად მიმდინარეობს წყნარად და მშვიდად. თუმცა, ახასიათებს გართულების ორი ფორმა: ერთი ვირუსით გამოწვეული გართულება, რომლის დროსაც ვითარდება მენინგიტი, ენცეფალიტი, თირკმლის დაზიანება, ფილტვების ანთება, კრუპი, თუმცა, იშვიათია. ან კიდევ ჩუტყვავილით დაავადებისას შეიძლება მოხდეს სხვა მიკრობებით დასნებოვნება. ეს მაშინ, როდესაც ბუშტუკების დაჩირქება ხდება. ამ დროს შეიძლება ყურის ან ჯირკვლების ანთება განვითარდეს. საშიშია უფრო ორსულებისთვის და ჩვილი ბავშვებისთვის. ორსულებს როდესაც ემართებათ, ამ დროს შეიძლება, ნაყოფიც ჩუტყვავილით დაიბადოს ან ნაადრევი მშობიარობა დაეწყოს.
– არსებობს მოსაზრება, რომ მამაკაცებს მოზარდობისას თუ შეხვდათ ჩუტყვავილა, ეს მათ რეპროდუქციულ მდგომარეობაზე იქონიებს გავლენას.
– ჩუტყვავილა ჰერპეს ვირუსის ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელია და ამ დროს შეიძლება ჰერპესის ინფექცია განვითარდეს, რაც მოქმედებს განაყოფიერებაზე. როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში საკმაოდ რთულად მიმდინარეობს. თუ ძალიან მოძლიერდა ინფექცია, ის აუცილებლად იმოქმედებს შვილოსნობაზე, მაგრამ არა, სექსუალური ფუნქციის მოშლაზე. თუმცა, თუ ჰერპესი ვაგინალურია, საკმაოდ მტკივნეულად მიმდინარეობს დაავადება და ეს უკვე ყველაფერზე მოქმედებს.
სრული ვერსია: reitingi.ge