ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ყოფილი უფროსი საზღვარგარეთ იმყოფება. როგორც თავად აცხადებს, იგი თბილისი-სტამბოლის თვითმფრინავის რეისით თურქეთში ჩაფრინდა. მისივე თქმით, 3 მარტი მისთვის უიღბლო აღმოჩნდა.
„უკიდურესად საინტერესო დღე მაქვს. დილას თბილისის აეროპორტში დამივარდა ტელეფონი და ეკრანი პირწმინდად დაიფშვნა. სტამბოლში 7 -საათიანი ლოდინი მიწევს გადაჯდომაზე. ვიფიქრე, გავალ ქალაქში, გამოვცვლი ეკრანს, დროს გავიყვან და დავბრუნდები-მეთქი. ვიბორიალე, ძლივს ვიპოვე ხელოსანი, სადღაც ტაქსიმზე. დავუტოვე გასაკეთებლად და იქვე ინტერნეტკაფეში დავჯექი. უტელეფონოდ თავს რაღაც ობლად ვგრძნობდი და ეგ ერთი საათი მინდოდა გამეყვანა. დამსვეს კომპიუტერთან. უფასო ჩაი მომართვეს დიდის ამბით. ზურგით ფანჯრისკენ ვიჯექი და თურმე ვიღაც არემონტებს ამ ფანჯარას და სულ ბეჭებში მირახუნა. თან თამამ, თამამო,- იძახდა. გამოვედი მაქედან დროზე ადრე. ავიღე ტელეფონი. 120 ევრო რომ გადავიხადე, ისე მივეცი და უკან დასაბრუნებლის ლოცვა წავუკითხე. მოვედი აეროპორტში და ოსმალო მესაზღვრემ შარი მომდო, შენგენის ვიზა ყალბი გაქვსო. 15 წუთი იცოდვილა, მერე დამგუგლა, არ ვიცი, რა ნახა, მაგრამ შემეშვა. დავჯექი სტარბაქსში, დიდი ყავა ავიღე და ორ წუთში გვერდით მჯდომმა ჩინელმა ქალბატონმა ისეთი ჰკრა ხელი ამ ჭიქას, სააკაძის ხმალივით მოქნეული, წააქცია და, მგონი, დამიმიზნა, ისე ლაზათიანად დამდუღრა. ისე შეშინდა, იქით ვამშვიდებდი და ვუბოდიშებდი. ახლა ვზივარ, რეისს ველოდები, არ ვინძრევი, საერთოდ, რამე შარში არ გავეხვე, მაგრამ ისეთი საეჭვო ტიპი მომიჯდა გვერდით, ეჭვი მაქვს, მთლად წმინდა წყლის არ უნდა იყოს. თან შეფარულად მათვალიერებს. მოკლედ, სანამ საღად და ჯანზე ვარ, ყველა დედას გილოცავთ და გეფერებით, გეხაროთ, მრავალჟამიერ. ჩემი დედიკოს მეთაურობით, რა თქმა უნდა“, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გიორგი სიგუა.
Next Post
სხვა სიახლეები