ბავშვის დაბადებამდე მშობლებს სხვა საზრუნავთან ერთად სახელიც საფიქრალი აქვთ. ხშირად ირჩევენ წმინდანის სახელებს. როგორ უნდა შევურჩიოთ სახელი ახალშობილს? ამის თაობაზე რჩევის მოცემა ეკლესიასაც შეუძლია.
განმარტებას გვაძლევს წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია):
– ათასობით ბავშვი იბადება და მშობლები ნერვიულობენ, რომელი სახელი დაარქვან მას. ბავშვის სახელი წმინდანების პატივისცემის ნიშნით უნდა გამოვარჩიოთ. სახელს სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. მარიამსა და იოსებს წინასწარ ეუწყათ, თუ რა სახელი ეწოდებინათ შვილისთვის და მთავარანგელოზის კარნახით დაარქვეს. იოანე ნათლისმცემლის შემთხვევაშიც ასე მოხდა.
წმინდანების მოსახელეობა მფარველობას გვიწევს თუ მუდმივად მოვუხმობთ შეწევნისთვის. უბრალო სახელიც რომ დავარქვათ, ქრისტე განწმენდს ამ სახელს მართლმადიდებლობის გზით. ერთადერთი მაცხოვრისა და ღვთისმშობლის სახელებს ვერ დავარქმევთ ბავშვებს, განსაკუთრებული თაყვანისცემის გამო. სახელი მარიამი, სხვა წმინდანების გახლავთ. ესენია: მარიამ კლეოპა, მარიამ მაგდალინელი, მარიამ ეგვიპტელი და ა.შ.
რომელ დღესაც დავიბადეთ, იმ წმინდანის სახელს თუ გვიწოდებენ, ძალიან კარგია, რადგან უბრალოდ და შემთხვევით არაფერი ხდება. ვის სახელსაც ვატარებთ, იმ წმინდანის ხასიათსა და ჩვეულებებს გარკვეულწილად ვიძენთ. მეორე მომენტიც შეიძლება გავითვალისწინოთ -, ოჯახი რომელ წმინდანსაც მოუხმობს ყველაზე მეტად (ქალსა თუ კაცს), იმ წმინდანის სახელი უწოდოს შვილს, რადგან ვინც ჩვენ გვიყვარს, ის უყვარდება ბავშვსაც.
– ბავშვს აუცილებლად წმინდანის სახელი უნდა ერქვას?
– სავალდებულოა, რამდენადაც ადამიანს საიდუმლოდ უფალი მიუჩენს თავის მოსახელე წმინდანს მფარველად.
– თუ წმინდანის სახელი არ ჰქვია, ნათლობისას უცვლიან მას?
– უმრავლეს შემთხვევაში უცვლიან. საკუთარი სახელის დატოვებაც შესაძლებელია თუ მკრეხელური და სიწმინდის დამაკნინებელი არ არის.
– რა მნიშვნელობა აქვს ნათლობისას დარქმეულ სახელს?
– წმინდანის სახელი ჩვეულებრივი ასოთ წყობა არ გახლავთ, მისი სახით უდიდესი შემწე გვეძლევა. ყოველი ადამიანი თავის საიდუმლო ინფორმაციას ატარებს, როდესაც ვინმესთან ვურთიერთობთ, მის ცხოვრებაში ვიჭრებით ან პირიქით. ასევეა წმინდანის სახელიც. უდიდეს სულიერ ენერგიას გვანიჭებს, როდესაც მისი მეოხება სახელთან ერთად აღიბეჭდება სულზე.
– ლოცვებში ადამიანი რომელი ნათლობის სახელით უნდა მოვიხსენიოთ თუ ოფიციალურით?
– ნათლობის დროს მინიჭებული სახელი იხსენიება მხოლოდ. უფალი ყველას სცნობს სახელიც რომ არ ვუწოდოთ, მაგრამ როგორც საერო ტიტულს ერში, ასევე ეკლესიაში ნათლობის სახელს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ღმერთმა ადამს პირველად ყველაფრისთვის სახელის დარქმევა დაავალა. ახალ აღთქმაშიც ზუსტად ასე ხდება; თუ მოციქულებს უმნიშვნელო სახელი ერქვათ, ქრისტე მათ ახალი მნიშვნელობის სახელებს უბოძებდა ხასიათიდან გამომდინარე; ეკლესიის ისტორიაში ძველი ცხოვრების ახლით შეცვლას ნიშნავს. ადამიანი ნათლობით კვდება წარსული დღეებისთვის და ახალი სახელით იბადება ახალ რეალობაში. სიწმინდე მას უხილავ “მუხტს” აძლევს, რომლითაც სასუფევლამდე შეძლებს მისვლას. ამიტომაცაა მერვე დღეს გვეძლევა ახალი სახელი. სამყაროს არსებობის ხანა სიმბოლურად შესაქმის შვიდ დღეს უკავშირდება, ხოლო ჩვენთვის უნდა დადგეს მერვე დღე, უფლის სასუფევლისა. სახელის შერქმევის დღედ, მერვე ციფრი ტყუილუბრალოდ არ შერცეულა ეკლესიაში მამათა მიერ.
წყარო: www.mshoblebi.ge