რა პროფესიისაა არმინე არუთინიანი და როგორ მოხვდა “გუჩის” ჩვენებაზე – მომწონს როგორიც ვარ, მიყვარს ჩემი თავი
არმინე არუთინიანის გამოჩენას “გუჩის” ჩვენებაზე დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. საუბრობდნენ მის არასტანდარტულ გარეგნობაზე. რადიო “თავისუფლებამ” “გუჩის” სახესთან ინტერვიუ ჩაწერა.
როგორც აღმოჩნდა, არმინე არუთინიანი მოდელი არ არის, ის გრაფიკული დიზაინერია, “გუჩის” ჩვენებაშიც მონაწილეობა სრულიად შემთხვევით მიიღო.
არმინე ერევანში ცხოვრობს და სახვით ხელოვნებას სწავლობს.
,,მე ხელოვანების ოჯახში გავიზარდე, ბავშვობიდან ვიყავი გარშემორტყმული მხატვრებით და ჩემთვის შემოქმედებითი ატმოსფერო უცხო არ არის. ბაბუაჩემი, ხაჩატურ აზიზიანი და ბებიაჩემი, სვეტლანა სარგისიანი, ორივე მხატვარი იყო და ასწავლიდნენ კიდეც ხატვას. ბაბუაჩემის მამაც ხელოვანი იყო, დედის მხრიდან. ის კი არა, დედაჩემიც, რომელიც ექიმია, მშვენივრად ხატავს. მეც სახვით ხელოვნებას ვსწავლობ პანოს ტერლემეზიანის სახელმწიფო კოლეჯში. მოდითაც იქ დავინტერესდი. ბევრი ფოტოგრაფი და დიზაინერი მეგობარი მყავს, მათ დავხმარებივარ გადაღებებში, მოდელის როლიც შემისრულებია,”- ჰყვება არმინე.
როგორც თავად ამბობს, ბერლინში იყო მეგობრებთან ერთად და ქუჩაში სეირნობისას ერთმა გოგომ მისთვის ფოტოების გადაღება მოისურვა, მისი გარეგნობით დაინტერესდა. ეს გოგო მოდის სკაუტი აღმოჩნდა.
,,გავცვალეთ კონტაქტები და მერე, როცა უკვე ერევანში ვიყავი, მომწერა, რომ “გუჩი” ჩემთან თანამშრომლობით დაინტერესდა და კასტინგში მონაწილეობის მიღება შემომთავაზა,”- ამბობს არმინე.
გოგონას სილამაზის სტანდარტებზე საკუთარი შეხედულება აქვს და ამბობს, რომ დღეს სილამაზის სტანდარტები ბევრად ველური და მკაცრია, ვიდრე ოდესმე.
,,ყველა გოგონას ალბათ ერთხელ მაინც უფიქრია მიემართა პლასტიკური ქირურგიისთვის და შეეცვალა რაიმე საკუთარ გარეგნობაში. რაც დრო გადის, ვხვდები, რომ მომწონს როგორიც ვარ, მიყვარს ჩემი თავი და პლასტიკური ქირურგიისთვის რომ მიმემართა, ჩემი თავისადმი პატივისცემას დავკარგავდი,”-აღნიშნავს არმინე არუთინიანი.