უცნობმა პირმა თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას სახლის გაქურდვა სცადა, – ამის შესახებ ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.
როგორც ნათია ფანჯიკიძე ამბობს, ქურდობის მცდელობა 10 იანვარს მოხდა. მისი თქმით, იგი სახლში მარტო იმყოფებოდა. ამ დროს ირაკლი ალასანია ევროპაში იყო, მისი ვაჟიშვილი სამხედრო ნაწილში, ხოლო ქალიშვილი კი – მეგობართან.
„კვირა“ ნათია ფანჯიკიძის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:
„შაბათს ნიკო ჯარში იყო ცვლაში, ირაკლი ევროპაში, კატო სამეცადინოდ მეგობართან და მე საკვებად მეგრელებში. დავბრუნდი და სახლის კარი შიგნიდან დამხვდა დაკეტილი. 10 წუთი ვაღებდი და ვერ ვაღებდი, ხან დავკეტე გარედან, ხან ისევ გაღება ვცადე, ხან ზარი ვრეკე, ხან კატოს ვურეკე, შენ ხომ არ დაბრუნდი-თქო… მერე კიდევ გაღება ვცადე და ათი წუთის მერე, მიუხედავად რაჭველობისა, მივხვდი, რომ ვიღაც კუდრაჭაა სახლში. დაბლა ჩავედი, არ გამოვარდეს შეშინებული და ჩამცხოს რამე, ისიც ხომ ღელავს, რომ დავადექი-თქო, ვიფიქრე და რეკვა დაბლა ჩასულმა დავიწყე, ახლობლებთან და პოლიციაში. მოკლედ, გამეპარა. ახლა დამტკიცება ძნელია. ირაკლი მეუბნება, კამერის დასაყენებლად ან რამისთვის შემოსვლა კი არ მიკვირს, ის მიკვირს, როგორ დაგხვდებოდნენ, მთლად ასეთი არაპროფესიონალიზმიო?
ერთი გასაღები მაქვს, მხოლოდ გარედან კეტავს და იღება, თავს ვერ ვპატიობ, რომ არ მომაფიქრდა, არ ჩავკეტე და არ დაგახვედრეთ სახლში-თქო, ჩავიხვიე და ვიმეორებ მას მერე. გუშინ კიდევ ერთხელ კატოს ვუყვები, რა ცუდია, რომ არ ველოდი, ტვინმა არ იმუშავა როგორც საჭიროა, როგორ არ ჩავკეტე-თქო. კატო მისმენს თავისი წყნარი და კეთილი სახით და მეუბნება, – კარგია, რომ არ მოგაფიქრდა, მერე აივნიდან რომ გადამძვრალიყო, გადავარდნილიყო და მომკვდარიყო, ამაზე ხომ უფრო ინერვიულებდი?
წარმოვიდგინე ეს ამბავი და… ბრაზისგანაც განმკურნა, სინანულისგანაც, ყველაფრისგან. საოცარი შვილები მყავს, ნიკოც ასეთია, ისეთ მოულოდნელ რამეს გეტყვის, გაოგნებული და ყველაფრისგან თავისუფალი რჩები.
ეს ორი მზიანი სული რომ გამოვჩეკე, ამასთან შედარებით ვერაფერი ვერ წამიხდენს ხასიათს. ყველაფერი უბრალოდ თავგადასავალია. ეს ორი ადამიანია სინამდვილე და ადამიანში ღმერთის არსებობის დასტური ჩემთვის“, – წერს ნათია ფანჯიკიძე.