“მენატრებიან ძმები, დები, ახლობელი ადამიანები. მენატრება საუბარი, როდესაც ლაპარაკის დროს თვალებში უყურებ, მაგრამ ამ მონატრების მიუხედავად, კიდევ ერთხელ გავიაზრე, რომ ამ სამყაროში ყველაფერი რეალურია” – ჟურნალისტ თეიკო ანჯაფარიძის ბლოგი.
“რა ვისწავლე ამ დღეებში?
ვისწავლე ის, რომ ხელშესახებ ურთიერთობაზე მნიშვნელოვანი არაფერია. ვერაფერი შეედრება ჩახუტებას დედასთან, მამის ნაჩქარევ კოცნას თავზე, ოჯახის ყველაზე პატარა წევრის მოფერებას.
გამიღრმავდა შიში. მეშინია მაღაზიიდან ამოტანილი უცხო ნივთების. მენატრება დრო, როდესაც თამამად აღებდი მაცივარს და მშვიდად ალაგებდი პროდუქტებს. არ ხმარობდი ხელთათმანს, ნიღაბს, არ შერბოდი აბაზანაში სახლში ახალდაბრუნებული. ეჭვით არ უყურებდი საკუთარ თავს.
მენატრებიან ძმები, დები, ახლობელი ადამიანები. მენატრება საუბარი, როდესაც ლაპარაკის დროს თვალებში უყურებ, მაგრამ ამ მონატრების მიუხედავად, კიდევ ერთხელ გავიაზრე, რომ ამ სამყაროში ყველაფერი რეალურია. ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ამისგან დაზღვეული არავინაა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველა ჩვენ წილ ტკივილს ვატარებთ, თითქოს მაინც ვერ ვაცნობიერებთ მთავარს, მაინც ვერ ვსწავლობთ ერთმანეთის ფასს, ვაუბრალოებთ ცხოვრებას.
რა გავაკეთე ამ დღეებში?
ვიფიქრე. დავათვალიერე ძველი ფოტოები, გადავათვალიერე ძველი ჩანაწერები, იყო ნოსტალგია, უიმედობა, იმედი. ვიფიქრე იმაზე, თუ სად ვდგავარ ან საით უნდა წავიდე. მერე იყო დაღლა, უძილობა და ბევრი ძილიც. იყო ჩემი გამომცხვარი ბლინი და იყო წვიმიანი დღის სიცარიელეც…
და რა დავინახე?
დავინახე, რომ სამყაროს ძალიან ვენდობოდი და მინდა ეს ნდობა არ დამეკარგოს. მინდა ისევ ჩავიცვა ჭრელი კაბები და ქუჩაში თამამად გავისეირნო, შევეხო იასამანს, მაგრამ იმასაც მივხვდი, რომ საკუთარი დამოკიდებულების შეცვლით შეგიძლია შეცვალო მომავალიც. ის რაც დღეს უნდა გააკეთო, თუნდაც ახლა, უნდა გააკეთო. არ შეიძლება დაელოდო მომდევნო დღეს ან მომდევნო კვირას. დილას აღარ უნდა დაელოდო საღამოს და საღამოს დაელოდო დილას. ვისწავლე სიტყვების ფასი და იმასაც მივხვდი, რომ ყველაზე ხშირად იმ სიტყვას ვიხმარ, რომელსაც წლების წინ (თინეიჯერობის დროს წაკითხული) რემარკის რჩევით იშვიათად ვხმარობდი. თურმე სიყვარულსაც ახსნა უხდება, ყველაზე მეტად კი ურთიერთობა. ურთიერთობა დიდი შრომაა და მასაც მოპოვება, მით უმეტეს შენარჩუნება სჭირდება”.