ბოლივუდელი მსახიობი, გაურავ ჩოპრა (მისტერ რათხოდი) ქართველმა მაყურებელმა სერიალით – “ორი ბედი” შეიყვარა. გასულ კვირას ის საქართველოში ერთ-ერთი სატელევიზიო შოუს მოწვევით იმყოფებოდა. თავდაპირველად თელავს ესტუმრა, კახელ მაყურებელთან შეხვედრის შემდეგ კი ქუთაისში გადაინაცვლა. როგორც ამბობენ, მსახიობი კახეთმა აღაფრთოვანა, ხოლო იმერეთმა შოკში ჩააგდო.
იმერული მასპინძლობის ამბავი ბოლივუდელმა მსახიობმა ჭელიძეების ოჯახში სტუმრობისას გამოცადა. სოციალურ ქსელში ამ სუფრიდან არაერთი ფოტო აიტვირთა. მართალია, ოჯახის მასპინძელი – ლია ჭელიძე ინდური სერიალების მაყურებელი არ ყოფილა, მაგრამ საქართველოში ხომ სტუმარი ღვთისაა და ასე გახდა გაურავ ჩოპრას მასპინძელი.
ლია ჭელიძე:
– ჟურნალისტი ლელა ნინუა იმ გადაცემაზე მუშაობს, რომელმაც მსახიობი საქართველოში ჩამოიყვანა. ლელა ჩემი ახლობელია. ის დამიკავშირდა და მითხრა, – ქუთაისში სტუმარი ჩამოგვყავს. თუ შეგიძლია, მასპინძლობა რომ გაგვიწიოო? ასე მოხვდნენ ჩემს ოჯახში, მაგრამ ეს მსახიობი ვინ არის, არ ვიცი. სერიალებს არ ვუყურებ.
– როგორი შთაბეჭდილება მოახდინა?
– აბა, რა გითხრათ, თავაზიანი ახალგაზრდა ჩანს. მე მთლიანად სუფრაზე ვიყავი გადართული. სიმართლე გითხრათ, ჩვენი ხალხისთვის უფრო მეტად მინდოდა, პატივი მეცა.
– ტრადიციული ქართული სუფრით გაუმასპინძლდით?
– დიახ.
– გამორჩეულად რომელი კერძი მოეწონა?
– ცხარე საჭმელი ჰყვარებია. სუფრაზე არაერთი კერძი მქონდა. გამიგია, ინდოელები საქონლის ხორცს არ ჭამენო, მაგრამ მქონდა სუფრაზე და მიირთვა.
– მენიუს შედგენისას ინდური სამზარეულოს თავისებურებები ხომ არ გაითვალისწინეთ?
– არა, იმერული სუფრა გავშალე! ერთადერთი, რასაც ანგარიში გავუწიე, ვიცოდი, რომ ბრინჯი უყვართ და ეს დავამატე. ჩემთან სახლში, საღამოს 5-6 საათზე მოვიდნენ და 10 საათამდე იყვნენ. სუფრასთან ყველა თავისუფლად იყო, სადღეგრძელოებსაც მორიგეობით ამბობდნენ, თან – ამ ყველაფერს ტელევიზია იღებდა.
– გაურავ ჩოპრამ ქართული ღვინო დააგემოვნა?
– წითელი ღვინო გასინჯა და ძალიან მოეწონა, მაგრამ ალკოჰოლზე უარი თქვა, არ დაულევია.
– საქართველოზე რას ამბობდა?
– ამბობდა, რომ ამ ვიზიტით ძალიან კმაყოფილი იყო. ქართველების მხრიდან ასეთი სითბოს გამოჩენას არ ვიცი, რამდენად ელოდა. ინგლისურ ენაზე ლაპარაკობდა. ინდურ სერიალებს მე – არა, მაგრამ ჩემ გარშემო თურმე, ბევრი ადამიანი უყურებს. ჰოდა, მთელი დღე ხან ვინ მირეკავს და ხან – ვინ, რატომ არ გაგვაგებინე, შენთან თუ მოდიოდაო.
– ხომ არ აპირებთ, მომავალში “ორი ბედი” ნახოთ?
– არა.
– სოციალურ ქსელში გავრცელდა, რომ არაერთი ფოტო აქვს გადაღებული ლელა ნინუასთან. ისიც თქვეს, ეს გოგო ძალიან მოეწონაო. მისი განსაკუთრებული დამოკიდებულება ლელასადმი თქვენთვის შესამჩნევი არ ყოფილა?
– არ ვიცი. ლელა მშვენიერი გოგოა და სხვებმა მითხრეს: ხომ ნახე, ის ბიჭი ლელას როგორი თვალებით უყურებდაო! მე არაფერი შემინიშნავს.
– მსახიობის ოჯახური მდგომარეობის შესახებ რამე იცით?
– არა. პირადად არ დავლაპარაკებივარ.
დათო ლიკლიკაძე, ჟურნალისტი:
– ტელევიზიიდან მეგობრები დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ქუთაისში სტუმრად ბოლივუდელი მსახიობის ჩამოყვანას აპირებდნენ და დახვედრის ორგანიზება მე უნდა გამეკეთებინა. სოციალურ ქსელში პოსტი დავწერე. იმდენი მეგობარი მყავს, ხალხის შეკრებას რა უნდა? სიმართლე გითხრა, ახალგაზრდებს ნაკლებად ველოდებოდი. მეგონა, სერიალების მოყვარული დიასახლისების სიმრავლე უფრო იქნებოდა და ჩემდა გასაკვირად, შეხვედრის ადგილი ახალგაზრდებით გაივსო. ასაკოვანი მხოლოდ 2 ადამიანი შევნიშნე. იმდენი ახალგაზრდობა მოვიდა, ცოტათი შემეშინდა კიდეც, – ქუთაისში არასანქცირებული შეკრება გამომივიდა. თურმე, სერიალს უყურებენ და ეს პერსონაჟი ყველაზე პოპულარულია. ჩემს პოსტს სოციალურ ქსელში 5000 მოწონება ჰქონდა. უამრავი შეტყობინება მივიღე, დავსაქმდი, ყველას ვპასუხობდი.
– მოკლედ, ქუთაისში ღირსეული დახვედრა მოუწყვეთ!
– ქუთაისი სტუმარს აკადემიურად დახვდა. მშვიდი, წყნარი შეხვედრა იყო. გაურავ ჩოპრა საზოგადოებას ქართულად მიესალმა, თაყვანისმცემლებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო. შემდეგ მესხიშვილის სახელობის თეატრი და ქალაქის ცენტრი დაათვალიერა. ახალგაზრდებმა შეკითხვები დაუსვეს, ის კი მათ თარჯიმნის დახმარებით პასუხობდა.
– როგორ ფიქრობ, საქართველოში ასეთ თბილ დახვედრას ელოდა?
– ვფიქრობ, არ ელოდა. ჭელიძეების ოჯახში ისეთი სუფრა დაახვედრეს, რომ ქართული სამზარეულო, მთელი თავისი დიდებით იყო წარმოდგენილი. რაც კი გაგიგონიათ, ყველა კერძი სუფრაზე იყო. გაგიჟდა ეს კაცი და მგონი, ცოტათი დაიბოღმა კიდეც.
– დაიბოღმა? რატომ?
– ის დიდი ქვეყნის შვილია, თავად მეგაპოლისში ცხოვრობს. საქართველოზე იცოდა, რომ პატარაა, მცირერიცხოვანი მოსახლეობით, რომელიც ახლა ვითარდება და აქ სიღარიბე მძლავრობს. ჩამოდის და მოულოდნელად, ასეთი დახვედრა, მეფური სტუმარმასპინძლობა… შეძლებისდაგვარად ცდილობდა, ყველა კერძი გაესინჯა. ქართული სამზარეულოთი აღფრთოვანებული დარჩა. ალკოჰოლზე უარი თქვა და ჩაის მიირთმევდა. საღამოს ერთ-ერთ პრესტიჟულ სასტუმროში დაბინავდა. იქ რამდენიმე თაყვანისმცემელი მივიდა და უკვე სპორტულ ფორმაში გამოწყობილმა, ისინიც თბილად მიიღო. სტუმრები მსახიობს სასტუმროს ტერასაზე გაესაუბრნენ, ფოტოები გადაიღეს… კახეთიდან აღფრთოვანებული წამოვიდა და იმერეთმა შოკში ჩააგდო. აღნიშნა, რომ სტუმრის ასეთი დახვედრა, რომელიმე კუთხის სავიზიტო ბარათი კი არა, ერისთვის დამახასიათებელი ტრადიციაა.
– გაურავ ჩოპრა ლელა ნინუათი მოიხიბლაო. შენ რას გვეტყვი?
– ლელა ნინუა და ჩოპრა მთელი დღე ერთად იყვნენ. ჰოდა, თავდაპირველად, ლელა დაცვის თანამშრომელი მეგონა. მსახიობისთვის გამოყოფილი იყო მანქანა, რომლითაც შეეძლო გადაადგილებულიყო, მაგრამ ლელას მანქანით დადიოდა. მათთან მუდმივად იყო ტელევიზიის კიდევ ერთი თანამშრომელი. მათ შორის ენობრივი ბარიერი არ არსებობდა.
– თუ იცი, მომავალში ჩამოსვლას კიდევ ხომ არ გეგმავს?
– როგორც ვიცი, საქართველოში ბოლივუდი გადაღებებს გეგმავს. არ არის გამორიცხული, მოლაპარაკებები სწორედ ამ მსახიობთან იყოს.
წყარო: http://gza.ambebi.ge