რა დაავადებაა კავასაკის სინდრომი, რომელიც ბავშვებში გავრცელდა და არის თუ არა კორონავირუსთან კავშირში?

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი კავკასაკის სინდრომის შესახებ დასმულ კითხვებს სოციალურ ქსელით პასუხობს. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ამ სინდრომის შესახებ ბევრი რამ ითქვა და დაიწერა, მან ბავშვებში იჩინა თავი პანდემიის დროს. ბუწაშვილი განმარტავს არის თუ არა ეს დაავადება კავშირში კორონავირუსთან:

„სერიიდან – ხშირად დასმული კითხვები კორონავირუსის შესახებ.

რა არის კავასაკის სინდრომი, რომელზეც ბოლო ხანებში ვრცელდება ინფორმაცია, როგორც კორონავირუსთან ასოცირებულ რაღაც მისტიურ გართულებაზე, რაც შიშს და პანიკას იწვევს მშობლებში.

ბოლო პერიოდში კავასაკის დაავადებას ხშირად ახსენებენ, როგორც ბავშვთა ასაკში კორონავირუსული ინფექციის საშიშ გართულებას. რეალურად, შემთხვევების რაოდენობამ პანდემიის ეპოქაში მოიმატა, თუმცა თავისთავად ეს დაავადება ახალი არ არის.

კავასაკის სინდრომი არის მწვავე, ცხელებით მიმდინარე დაავადება, რომელიც ყველაზე ხშირად 5 წლამდე ასაკის ბავშვებში გვხვდება. ახასიათებს ასევე ლიმფური კვანძების გადიდება, „ჟოლოსებრი“ ენა, გამონაყარი და ა.შ. დაავადების დროს ხდება სისხლძარღვების და გულის დაზიანება, უმეტეს შემთხვევაში განკურნებით მთავრდება, თუმცა შეიძლება მძიმე გართულებებიც ახლდეს თან. ეს არის გულის შეძენილი დაავადების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი ბავშვებში განვითარებად ქვეყნებში. გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა ხშირად ინფექციურ დაავადებებთან არის ასოცირებული. ამიტომ, როდესაც რომელიმე ინფექციური დაავადების მაღალი გავრცელებაა, შეიძლება დაფიქსირდეს კავასაკის დაავადების შემთხვევების მატება, მათ შორის ამჟამად, კორონავირუსის პანდემიის დროს. ამჟამად აშშ-ში დაფიქსირდა კავასაკის დაავადების 85 შემთხვევა, მათ შორის 73 ნიუ-იორკში, 3 ბავშვი გარდაიცვალა. უმრავლესობას ქონდა დადებითი ახალი კორონავირუსის PCR ან ანტისხეულები.

ბერგამოში (იტალია, ლომბარდია), რომელიც ფაქტიურად COVID-19 ეპიცენტრი იყო, ერთ-ერთ მთავარ ბავშვთა კლინიკაში დაფიქსირდა კავასაკის სინდრომის 10 შემთხვევა 2 თვის განმავლობაში (18 თებერვალი-20 აპრილი). მათგან 8-ს ქონდა კორონავირუსის ანტისხეულები.

ტაივანში 2014 წელს ჩატარებული კველევით, რომელმაც შეაჯამა კავასაკის დაავადების მქონე 226 ბავშვის ცხვირ-ხახის ნაცხის PCR შედეგები, გამოვლინდა, რომ 27%-ში იყო რინოვირუსი, 16%-ში ენტეროვირუსი, 16.8%-ში ადენოვირუსი და 7.1%-ში კორონავირუსი (რა თქმა უნდა, არ იგულისხმება ახალი კორონავირუსი). კავასაკის დაავადების შემთხვევები აღწერილი იყო ბავშვებში H1N1 პანდემიის დროსაც“, – წერს მაია ბუწაშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები