ლია ბარათაშვილი სპეციალურად “კვირა +” -სთვის
/ასტროლოგიურ-ეზოთერული ცენტრი/
სანამ დავიწყებ 2016 წლის პროგნოზს, მინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვა 2015 წლის ბოლო დღეებზე. მერკურმა უკვე დაიწყო დამუხრუჭება ერთ-ერთ ყველაზე ხისტ ნიშანში – თხის რქაში და ოფიციალურად შემდგარია თავის რეტროგრადულ გზაზე. რეტროგრადში მერკური 5 იანვარს მობრუნდება. შესაძლებელია თქვენ უკვე იგრძენით მერკურის დამუხრუჭების ეფექტები. ვინაიდან ეს პლანეტა პასუხისმგებელია ყოველდღიურ საქმეებზე, მოლაპარაკებებზე, დოკუმენტებზე, შესაბამისად, ეს პერიოდი არ არის სახარბიელო ზემოთ ჩამოთვლილი თემებისთვის. მე ვიტყოდი, რომ სიტუაცია არის სტრესული, მერკურმა ერთხელ უკვე გაიარა პლუტონი და იანვარში სტრესების, ქირურგიის და ვალების პლანეტის გავლა კიდევ ორჯერ მოუწევს, შესაბამისად, ახალ წელს უმეტესება საკმაოდ დაძაბულ სიტუაციაში შეხვდება (ახალი წლის პირველი სამი კვირა ამ თემის ქვეშ გაივლის).
საბედნიეროდ, მთელი წლის პროგნოზი 1 იანვრით არ კეთდება და ეს არ ნიშნავს იმას, რომ მთელი წელი სტრესული იქნება. უბრალოდ, თუ დეკემბრის ბოლოს, იანვრის დასაწყისში გაქვთ ბიზნესთან, უძრავ ქონებასთან, საქმიან მოლაპარაკებებთან, დოკუმენტებთან, ბინის დაქირავებასთან, სამსახურში მოწყობასთან დაკავშირებული სიტუაციები – 80 პროცენტ შემთხვევებში ან არ ექნება შედეგი, ან შედეგი უარყოფითი იქნება.
რა თქმა უნდა, წლის ანალიზს ყოველთვის ვიწყებთ უმაღლესი პლანეტების ანალიზით. ერთი და იგივე ციური სიტუაცია სხვადასხვა ქვეყანაში და სხვადასხვა ადამიანზესხვადასხვა შედეგს მოგვცემს. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ მხოლოდ ტენდენციებზე და აქცენტებზე.
როგორც იქნა, 2016 წლიდან დაწყნარებას იწყებს ურან-პლუტონის კვადრატის ძალიან რადიკალური პლანეტების ძალიან რადიკალური ასპექტი. ბოლო ოთხი წელიწადი მთელი მსოფლიო ზანზარებდა ამ ასპექტის ფონზე – ეს იაპონიაში უდიდესი მიწისძვრით და ფუკუსიმაზე აფეთქებით დაიწყო. ამას მოჰყვა პოლიტიკურ- ეკონომიკური და სხვა კატაკლიზმები. ასეთი კრიზისი, როგორც ახლა იყო, არ ყოფილა დაახლოებით 80 წელი. ეს ასპექტი “გაყრას” იწყებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პრობლემები ერთ დღეში მოგვარდება, ვინაიდან ამ მდგომარეობის რეზონანსი 2016 წელსაც გამოგვყვება. ამ ასპექტის გავლენას საბოლოოდ მხოლოდ 2017 წელს დავემშვიდობებით. ამ ასპექტისგან ყველაზე სერიოზულად დაზარალდნენ შემდეგი ნიშნები: ვერძი, კირჩხიბი, სასწორი და თხის რქა. 2016 წლის მეორე დეკადაში დაბადებული იგივე ნიშნები კი, ისევ არიან დარტყმის ქვეშ.
ამ წლის მეორე მნიშვნელოვანი მოვლენა არის სატურნი – ნეპტუნის კვადრატი, რომელიც 2015 წლის შემოდგომიდან აქტიურია. სატურნი ღერძული პლანეტა (ხელისუფლების, საზღვრების პლანეტა) და ნეპტუნი, პასუხიმგებელია ნაციონალურ, რელიგიურ ტენდენციებზე, ემიგრაციაზე, ირაციონალურ თემებზე და ზოგადად, ის “დასუსტების” პლანეტაა. ჩვენ ვნახეთ, რა მოხდა ევროპაში ემიგრანტების თვალსაზრისით. კინაღამ დაიხჩო ევროპა ემიგრანტებისგან და ძალიან შეუსუსტდა პოზიციები. ასევე ზოგ ქვეყანაში საზღვრები ჩაიკეტა, შეწყდა ტურიზმი. წარმოიშვა რელიგიური და კულტურული კონფლიქტები. აღსანიშნავია, ნავთობის (ნეპტუნი) ფასების დაცემა (სატურნი). ეს ასპექტი ერთმნიშვნელოვნად არ ფასდება, კარგია თუ ცუდი – ნავთობზე ფასის დაკლება, მაგალითად, რუსეთისთვის ერთმნიშვნელოვნად ცუდია, დანარჩენებისთვის – კარგი.
ზუსტად ამ ორი პლანეტის თემამ, საბედნიეროდ, საქართველოს პოზიტიური მოვლენებიც მოუტანა – ვიზების გაუქმება და ტრანზიტი ჩინეთი – ევროპა. მაგრამ, სამაგიეროდ, ხელისუფლების შესუსტებას ვერ გადაურჩით და 2016 წელსაც გრძელდება ეს ტენდენცია. როგორც ვნახეთ, ღარიბაშვილი (პრემიერი სატურნია) გადადგა გაურკვეველი (ნეპტუნი) მიზეზების გამო. ამიტომ, რა მოხდება მომავალ წელს მთავრობასთან დაკავშირებით ძნელი სათქმელია. ყოველ შემთხვევაში, ძლიერ მთავრობას არ უნდა ველოდოთ.
ევროპისთვის ემიგრანტების თემა მთელი 2016 წელი აქტუალური დარჩება. ზოგადად, ნებისმიერი სახელმწიფოსთვის რთული საკითხია, ვინაიდან სატურნი სახელმწიფო სტრუქტურები, საზღვარი და მთავრობაა, ნეპტუნი კი – ქაოსი და ირაციონალური ტენდენციები. ეს თემა მწვერვალს წლის მეორე ნახევარში მიაღწევს, მაგრამ 2017-ში აღარ გადადის.
ასევე არის ერთ-ერთი სასიამოვნო ასპექტი, რომელმაც უნდა შემოიტანოს პოზიტიური ტენდენციების დასაწყისი, ეს არის სატურნის და ურანის ტრიგონი, განახლების ასპექტი და ასტროლოგებს ზოგადად გვიყვარს ეს ასპექტი, ვინაიდან შემოაქვს პოზიტიური ცვლილებები. მართალია, 2016 წელს ეს ასპექტი სრული დატვირთვით არ იმუშავებს, ორი თვე წლის დასაწყისში – თებერვალ-მარტში, და ბოლოს, ნოემბერ-დეკემბერში. მის სრულ ზეგავლენას 2017 წელს ვიგრძნობთ.
2016 წელს სატურნი- ნეპტუნის ასპექტი ყველაზე მეტად შეეხება ტყუპებს, ქალწულებს, მშვილდოსნებს და თევზებს. ასევე იმ ადამიანებს, რომელთა რუკაში ამ ნიშნებში მნიშვნელოვანი პლანეტებია, ჯამრთელობის, პირადი ურთიერთობების და კარიერის თემებზე. ზოგადად, დანაკარგის თემაა. რა თქმა უნდა, ეს არ ეხება ყველა ამ ნიშნების წარმომადგენელებს, თორემ დედამიწაზე მილიარდ ნახევარი ადამიანი დაზარალდებოდა. ტენდენცია არის ასეთი – თუ თქვენს ნატალურ პლანეტებს ერჩიან სატურნი და ნეპტუნი- შესაძლებელია დიდი დანაკარგები.
შემდეგი რაც უნდა განვიხილოთ – ეს არის დაბნელებები, რომლებიც აგრძელებენ თავის მსვლელობას თევზები– ქალწულის ღერძზე.
ვინაიდან თევზები არის ზოდიაქოს ბოლო ნიშანი, მოძრავი და ორმაგი, დაკავშირებული მშვილდოსანთან, ტყუპებთან და ქალწულთან, ამიტომ გავლენას მოახდენს ინფორმაციაზე, ეკონომიკაზე, ჯანრთელობაზე, საკადრო ცვლილებებზე, ნაციონალურ და რელიგიურ საკითხებზე. აქტუალიზირდება სოციალური დაცვის საკითხები, სამსახურიდან განთავისუფლების, სამსახურის ძიების. ამ პერიოდში უნდა გაიხსნას ბევრი საიდუმლო, მაქინაციები და შავ-ბნელი საქმეები. ეს არის განწმენდის პერიოდი, საზოგადოება ეცდება, რომ ბევრი ნაგვისგან განთავისუფლდეს და დასაჯოს დამნაშავეები. მოკლედ, ვინც რა დაიმსახურა – იმას მიიღებს.
იმედია, არ მოხდება რაიმე უბედურება, დაკავშირებით წყალდიდობებთან და სტიქიურ მოვლენებთან, ვინაიდან ეს კლასიკაა – შემოდის თევზებში რაიმე სერიოზული ფაქტორი – აუცილებლად რაღაცა უბედურება ხდება მსოფლიოში და მთელი მსოფლიო ერთიანდება ქველმოქმედების ეგიდის ქვეშ. იმედია, 2016 წლის მარტში ეს თემა ჩვენ აგვცდება.
სერიოზული ცვლილებები მოხდება ნიშნებში, რომლებიც პასუხს აგებენ განათლებაზე, აზროვნებაზე, ფსიქიკაზე, ამიტომ ცალკეული ადამიანების ცხოვრებაში შესაძლებელია მოხდეს ძალიან სერიოზული ცვლილებები იდეოლოგიასთან დაკავშირებით, ასევე ჯანმრთელობასთან და სამუშაოსთან. სამსახურიდან გათავისუფლების და სოციალურად დაუცველობის თემები, საუბედუროდ, ძალიან აქტუალურია 2016 წელს, განსაკუთრებით მარტსა და სექტემბერში. რა თქმა უნდა, ამ თვეებში არ გირჩევთ, დაგეგმოთ რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება თქვენს ცხოვრებაში.
თევზებისთვის და ქალწულისთვის ეს წელი შეიძლება გახდეს საბედისწერო ცვლილებების წელი: სამსახურის დაკარგვის, კარიერის შეცვლის, ბიზნესის შეცვლის და საერთოდ სერიოზული ცხოვრებისეული ცვლილებების წელი. მართალია, თევზების შემთხვევაში ცოტა მეტად ნეგატიური დატვირთვაა, ვიდრე ქალწულისთვის, ვინაიდან ქალწულის ნიშანში აგრძელებს მსვლელობას იუპიტერი.
ზოგადად, წლის ნაწილში, სექტემბრამდე, იუპიტერი ყველასთვის მოიტანს ეკონომიკის, გონივრულობის, სწავლის და შრომის “ფილოსოფიას”. იმისთვის, ვინც არ ცხოვრობდა რაციონალურად და გონივრულად, ვინც შეჩვეული იყო მეტის ხარჯვას, ვიდრე შოულობდა – ეს, ჩემის აზრით, გამოფხიზლების კარგი დროა, კარგი დროა, რომ ცოტა უფრო გონივრულად დაალაგონ თავისი ცხოვრება. მოკლედ, განწმენდა განწმენდაა!! მოვა ექიმი და განკურნავს – ვისთვის ეს იქნება საგადასადო, ვისთვის პირდაპირი მნიშვნელობით ექიმი, ვისთვის კიდევ სხვა რამ. მე ეს პოზიტიურად მიმაჩნია.
სექტემბერში იუპიტერი გადავა სასწორში და ოქტომბრიდან გააკეთებს კარგ ასპექტს სატურნთან- სიტუაცია ხდება უფრო პოზიტიური და სტაბილური. პირველ რიგში, კულტურულ, მენტალურ და ადამიანების ურთიერთობების სივრცეში. გაჩნდება ერთმანეთის მოსმენის სურვილი, როგორც ცალკეულ ადამიანებს შორის, ასევე ქვეყნებს შორის.
შემდეგი ფაქტორი, რომელიც მოახდენს გავლენას 2016 წელზე – არის რეტროგრადული მარსი, რომელიც იქნება რეტროგრადში დაახლოებით ნახევარი წელიწადი. ეს მოვლენა ხდება ორ წელიწადში ერთხელ და ამ დროს, მარსი ფიზიკურად ახლოს არის დედამიწასთან. მარსი ხდება ძალიან გავლენიანი.
მნიშვნელოვანია, სად ჩერდება მარსი: პირველი გაჩერება ექნება 7 აპრილს, მშვილდოსნის პირველ დეკადაში და ეს მოახდენს ძალიან დიდ გავლენას იმ მშვილდოსნებზე, რომლებიც არიან დაბადებულნი მშვილდოსნის დასაწყისში – „ომის“ და არაადეკვატური საქციელის პერიოდი. მეორე გაჩერებას აკეთებს 29 ივნისს და ანალოგიურ გავლენას მოახდენს მესამე დეკადის მორიელებზე. აქ არ არის მარტო ნეგატიური დატვირთვა – მარსი ხდება გავლენიანი ამ ნიშნებისთვის განსაკუთრებულად და ზოგადად, ეს ადამიანები გააქტიურდებიან როგორც სპორტის, ასევე საქმიანობის და ბიზნესის თვალსაზრისით. ასევე გააქტიურდებიან პირველი დეკადის ვერძები და ლომები და ბოლო დეკადის თევზები და კირჩხიბები.
უფრო მძიმე ეს პერიოდი იქნება მოპირდაპირე ნიშნებისთვის – პირველი დეკადის ტყუპებისთვის და ბოლო დეკადის კუროებისთვის.
რა უნდა ქნას ადამიანმა ამ პერიოდში? უნდა გაიქცეს და დაიმალოს? პირველი, რასაც გირჩევთ, თქვენ თვითონ არ დაიწყოთ „ომი“ არავისთან. თუ ვინმემ დაიწყო ომი თქვენს წინააღმდეგ, ძალიან ფრთხილად უნდა გაერკვეთ სიტუაციაში და არ უპასუხოთ აგრესიით. კლასიკური რჩევები ყველასთვის – არ იყიდოთ მანქანა, არ დაიწყოთ ახალი ბიზნესი, არ გაიკეთოთ, თუ შესაძლებელია, ოპერაცია.
მოკლედ, ალბათ მიხვდით, რომ ზოგადად მარსი – საქმიანობის, აქტიურობის და აგრესიის პლანეტა ხდება გავლენიანი და ვინ რას გამოავლენს უკვე ადამიანზეა დამოკიდებული. მარსის ორი წლის წინანდელი დგომა რომ გავიხსენოთ (მართალია სხვა ფონზე), რუსეთმა ომი დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ (ვინც იწყებს- ის აგებს! ).
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სატურნი აგრძელებს თავის მსვლელობას მშვილდოსანში და წლის დასაწყისში და წლის ბოლოს აკეთებს ჰარმონიულ ასპექტს ურანთან (მშვილდოსანი და ვერძი). ეს ასპექტი გახდება დომინანტური 2017 წელს. ეს პერიოდები არის ადამიანებსა და ქვეყნებს შორის სტაბილიზაციის პერიოდები, ყოველ შემთხვევაში, 2016 წ. იდეოლოგიური და პოლიტიკური კრიზისების გადალახვის მცდელობა იქნება. განსაკუთრებულად კარგი პერიოდია იმ ადამიანებისთვის, ვინც დაიბადა სატურნი-ურანის ტრინზე, მაგალითად 1972 წ. დაბადებულნი.
მინდა გაგახსენოთ, რომ ამ პლანეტების ოპოზიციამ 2008 წ. ჩვენ მოგვიტანა ომი, მთელ მსოფლიოს – ეკონომიკური კრიზისი. და ვინაიდან სატურნი არის სისტემის და სტრუქტურის პლანეტა, ურანი კი განახლების და რეფორმის, ისმის კითხვა, რომელი ქვეყნები და რომელი ადამიანები შეძლებენ ამ ასპექტის პოზიტიურად გამოყენებას. რა თქმა უნდა, დიდი შანსები აქვს ცეცხლოვან სამეულს – ვერძი, ლომი, მშვილდოსანი.
სატურნთან დაკავშირებით კიდევ ერთ ფაქტორს უნდა მიაქციოთ ყურადღება. გაიხსენეთ ის პროცესები, რომელიც ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში 2007 წელს. საქმე ის არის, რომ 2007 წელში იუპიტერი გადიოდა მშვილდოსანს და მოიტანა იქ გარკვეული შანსები, გარკვეული საქმეები. ახლა იქ მოვიდა სატურნი, და შეგვიძლია ვთქვათ, რომ სატურნი 2015- 2016 -ში “დახურავს”, დაასრულებს იმას, რაც “გახსნილი” იყო 2007 წელს.
ანალოგიურად, 2016 წელში იუპიტერი გაივლის იმ ნიშნებს, სადაც 2008-2010 იყო სატურნი (ქალწული, სასწორი) და გამოასწორებს ბევრ რთულ პროცესს, რომელიც დაიწყო იმ პერიოდში.
მინდა გაგახსენოთ, რომ ამ პერიოდში დაიწყო ომი რუსეთთან და რუსეთის ხელმძღვანელი ამ პერიოდისთვის იყო მედვედევი, რომელიც ზოდიაქოს ნიშნით არის ქალწული. ველოდოთ თუ არა რუსეთთან ურთიერთობების დათბობას? ალბათ უნდა ველოდოთ. კარგია თუ ცუდი ეს საქართველოსთვის ამ სიტუაციაში – ეს სხვა საკითხია.
ანალოგიურად თუ ვისაუბრებთ ბოლო დეკადის ქალწულებზე და პირველი დეკადის სასწორებზე, შემიძლია ვთქვა, რომ 2008- 2010 წლებმა მოუტანა მათ სერიოზული დეპრესიები. მაგრამ 2015- 2016 წ. ამ ზონას გადის იუპიტერი, და მოსალოდნელია იმ ზარალის ანაზღაურება, რომელიც მოუტანდა სატურნმა ამ ზონის ნიშნებს. ზოგადად, 2016 წლის მთავარი სუპერპერსონა ხდება ქალწული, ვინაიდან ქალწულში მოხდება უამრავი სერიოზული ასტროლოგიური მოვლენა.
ახლა მინდა გავაკეთო მინიმალური ყოველთვიური მიმოხილვა ასტროლოგიური მოვლენების.
იანვარი– რეტრო მერკური თხის რქაში ასპექტში იუპიტერ, ურან, პლუტონთან- 5- 25 იანვარი. საკმაოდ სტრესული სიტუაციაა ფულთან, სამსახურთან, მოგზაურობა-გადაადგილებასთან დაკავშირებით, დაჯახება პოლიტიკაში და სახელმწიფო ორგანოებში, და რაც მთავარია, იმედების გაცრუება, უარის თქმა სიტუაციებში, სადაც გვქონდა იმედი, რომ უარს არ გვეტყოდნენ. მაგრამ სწავლისთვის, ინფორმაციის მოპოვების, საქმის დალაგებისთვის საკმაოდ პოზიტიური პერიოდია.
თებერვალი– მზე მერწყულში, კონფლიქტი მარსთან მორიელში და შეერთება ნეპტუნთან. დაძაბული მუშაობის პერიოდია და საკმაოდ კონფლიქტური. ეკონომიკური სიტუაცია ნეგატიური, ბევრი ხარჯი. არავის დახმარების იმედი არ უნდა გვქონდეს. მხოლოდ საკუთარი თავის. თვის ბოლოს შესაძლებელია ან ავადმყოფობა, ან დანაკარგი, ან უბრალოდ ძალების გამოლევა. ზოგადად, ქალებისთვის მამაკაცთან ურთიერთობის ამბავში არცთუ ისე სასიამოვნო სიტუაციაა.
მარტი – დაბნელება ღერძზე თევზები–ქალწული– ფიზიკური და სულიერი განწმენდის პერიოდი. შესაძლებელია სერიოზული ცვლილებები ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, არა მარტო ნეგატიურის. მაგრამ, თუ ნეგატიურ ფაქტორს შევხედავთ, ეს სამსახურებიდან განთავისუფლების პერიოდია, მნიშვნელოვანი ცვლილებების სამუშაო ადგილებზე. განსაკუთრებით ეს ეხება თევზებს. ძალიან საინტერესო თვეა მარტი, ვინაიდან შესაძლებელია ბევრი რამ, რაც ჩვენთვის იყო ფარული, გახდეს ცხადი.
აპრილი – მარსის სტატიკის პერიოდი და შემდეგ, 17 აპრილიდან, მარსის რეტროგრადში მოტრიალება. მარსის სტატიკა ეს არის ის დრო, როცა ადამიანები ვერ ერევიან თავის აგრესიას. შესაბამისად, მოულოდნელი კონფლიქტები, ზოგიერთის არაადეკვატური საქციელი, ტრავმები. აპრილის ბოლომდე არ არის სასურველი ბიზნესის დაწყება, მანქანის ყიდვა, ოპერაციები. ჯობია ამ პერიოდში გააქტიურდეთ სპორტულად, სამსახურებრივად ან უკვე არსებულ ბიზნესში, მაგრამ პერიოდის აგრესიის გათვალისწინებით, შესაძლებელია დაუბრუნდეთ სიტუაციებს, რომელიც გქონდათ 2014 წ. გაზაფხულზე. განსაკუთრებით გავლენიანია სიტუაცია მშვილდოსნებისთვის. 14 აპრილიდან მერკურიც იწყებს დამუხრუჭებას და 28 აპრილიდან მოტრიალდება კუროს 24 გრადუსში. და განსაკუთრებულად გავლენიანი იქნება ადამიანებისთვის, რომლებიც დაბადებულები არიან 15 მაისის და 15 ნოემბრის სიახლოვეში – ფინანსების პრობლება, ტექნიკის გაფუჭება…..
მაისი – მერკურის რეტროგრადულობა სრულდება 22 მაისამდე. თვის ბოლოს- ვენერა უერთდება მზეს ტყუპებში და გაივლის სატურნის ოპოზიცია – პოზიტიური საქმიანი შეხვედრები, ზოგადად, საქმიანი თემაა.
მარსი ასრულებს რეტროგრადულ მოძრაობას მორიელის 25 გრადუსში. მაგრამ აგრესიულობის და დაძაბულობის ეფექტი კიდევ დარჩება ორი კვირა. მესამე დეკადის კუროებისთვის ეს ცოტა რთულია, და მესამე დეკადის მორიელებისთვის შეიძლება აღმოჩნდეს პლიუსი ბიზნესისთვის და საქმისთვის.
10 ივნისამდე მზე და ვენერა გადიან სატურნის ოპოზიციას – პირადი ურთიერთობისთვის არ არის სასიამოვნო, მხოლოდ საქმიანი კონტაქტები, ენების სწავლა და ა. შ.
ივლისი – ივლისის დასაწყისი ბოლო წლები რთულია, ვინაიდან მზე და მერკური გადიან პლუტონის ოპოზიციას.ეს არის დასუსტება ოჯახის, უძრავი ქონების, შვილების. სიფრთხილეა საჭირო ამ პერიოდში, 14 ივლისადმე მაინც, განსაკუთრებით მაშინ, თუ შვილებს უშვებთ სადმე დასასვენებლად.
აგვისტო – ახალი, 2015-2016 წლის პრობლემების გადაწყვეტის დრო: ბევრი საკითხის გადაწყვეტა, ბევრი კვანძის გაჭრა – ეს შეიძლება შეეხოს როგორც ემიგრაციის, ასევე სწავლის, იდეოლოგიის თემებს. აქ ალბათ მოგიწევთ არჩევანის გაკეთება. მოკლედ, ნათელი უნდა მოეფინოს გაურკვეველ თემებს. მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, ვის რუკაში აქტიურია მშვილდოსანი. ან იმ ადამიანებისთვის, ვინც დაკავშირებულია უცხოეთთან, ტრანსპორტთან, სწავლება- სწავლასთან, ტურ-ბიზნესთან, გამომცემლობასთან. და კიდევ, აგვისტოში მარსი უერთდება სატურნს – ტრავმატული და მძიმე შრომის ასპექტია. განსაკუთრებით სპორტსმენებისთვის. და ისევ შეეხება ზემოთ ჩამოთვლილ ადამიანებს. აგვისტოს ბოლო დღეებში მერკური ისევ ხვდება რეტროგრადული ქალწულში და ზემოთ რეტრო მერკურიზე უკვე ბევრი ვისაუბრეთ.
სექტემბერი – იწყება მზის დაბნელებით. ცვლილებების პერიოდი, სხვადასხვა ორგანიზაციების დახურვის პერიოდი, ცვლილებები მთავრობაში შესაძლებელია. საკმაოდ მნიშვნელოვანი თვეა ცვლილებების თვალსაზრისით. პირად რუკებში მნიშვნელოვანია დაბნელება რომელ ზონაში მოხვდება და იმ სფეროში შესაძლებელია ცვლილებები. მაგრამ ერთი პოზიტიური ფაქტორი სექტემბერში არის – იუპიტერი გადადის სასწორში 9 სექტემბრიდან. რა თქმა უნდა, არავინ ელოდება ზღვა პოზიტივს, მაგრამ მაინც სასწორის ენერგიები მომართავენ ადამიანებს მოლაპარაკებაზე. ვფიქრობ, რომ ამ პერიოდიდან დაიწყება დაძაბულობის განეიტრალება. ჰაერის ნიშნებისთვის იწყება უფრო პოზიტიური პერიოდი. 22 სექტემბერს მერკური ასრულებს რეტროგრადულ მოძრაობას, და შესაბამისად, ნორმალიზება საქმიანი ურთიერთობების და სხვა პრობლემების, რომლებიც დაიწყო აგვისტოს ბოლოს. ქალწულებისთვის ისევ რთული თვეა.
ოქტომბერი– მარსი საბოლოოდ გამოდის რეტროგრადულობის გზიდან და ამით წლის რთული და დაძაბული ნაწილი სრულდება. ძალიან აქტიური შრომის და ძალის პერიოდია თხის რქისთვის, რა თქმა უნდა, თუ ის სოციალურ ცხოვრებას ეწევა. დაძაბული პერიოდი კირჩხიბებისთვის, გააქტიურდებინ კირჩხიბების კონკურენტები.
ნოემბერი– იუპიტერი, სატურნი და ურანის ჰარმონია. მარსი მერწყულში– ყველა საქმიანი თემებისთვის, პოლიტიკისთვის, სწავლისთვის, ურთიერთობისთვის ჰარმონიული პერიოდის დასაწყისი. აქტიური შრომის პერიოდი მერწყულებისთვის, კონკურენტების გააქტიურება- ლომებისთვის.
დეკემბერი– გრძელდება პოზიტიური ტენდენციები. მართალია 19 დეკემბრიდან მერკური იწყებს დამუხრუჭებას, მაგრამ უკვე პოზიტიური ტენდენციების ფონზე.