“ეს რომ მითხრა, პროტესტის ნიშნად, გადავუღე ფოტო და მართლა დავდე..”-რა გახდა თამარ ივერისა და მისი მეუღლის ბულინგის მიზეზი

ცოტა ხნის წინ ოპერის მომღერალ თამარ ივერის მიერ სოციალურ ქსელში მოყოლილი ამბავი განხილვის საგნად იქცა და თავად კი საშინელი ბულინგის მსხვერპლი გახდა.

თამარ ივერი: ძალიან გამიკვირდა ის, რომ აიფონთან დაკავშირებულ ამბავს ამხელა გამოხმაურება მოჰყვა – დადებითთან ერთად, ბევრი უარყოფითი. ეს რომ მცოდნოდა, საერთოდ არ დავწერდი ამის შესახებ. მე მხოლოდ ის გამიკვირდა, რომ ტელეფონმა ამდენს გაუძლო, მაგრამ ხალხი ისე აღლიცინდა, თითქოს, მე ჩავთვალე, რომ რადგან ენდროში ჩავარდა და რადგან ეს აღდგომის წინა დღეებში მოხდა, იმიტომ არ გაფუჭდა ტელეფონი, თითქოს რაღაც ცრურწმენას მივაწერე ეს ყველაფერი. ასე არ ყოფილა. ჩემი მეუღლე სააღდგომო კვერცხებს ღებავდა. ტელეფონი გამწოვის თავზე ედო. უცებ ჩამოვარდა და აქაფქაფებულ წყალში ჩავარდა, რომელშიც ენდროიანი კვერცხები იღებებოდა. ჩემმა მეუღლემ იფიქრა, რომ ზემოდან დაეცემოდა კვერცხებს და ინსტინქტურად, ხელით გადაწყვიტა ამოღება. უცებ ჩაყო ხელი და დაიწვა. სინამდვილეში ტელეფონი ქვემოთ ჩავარდნილა. სანამ ქაფქირი ვიპოვეთ და ამოვიღეთ, რაც არც ისე მარტივი აღმოჩნდა, იმიტომ, რომ კვერცხებიც მოგვყვებოდა, ეს ტელეფონი მდუღარე, აქაფებულ წყალში იყო. ვუთხარი, მორჩა, გაფუჭებული იქნება-მეთქი. მეც ასე ვფიქრობო, მიპასუხა. დაახლოებით 40 წამი იყო ეს ტელეფონი მდუღარე ენდროიან წყალში, მაგრამ რომ ამოიღო, ჩვეულებრივად მუშაობდა. ადამიანურად გამიკვირდა, ხომ მაქვს ამის უფლება?! არ ვიცი, შეიძლება, არც უნდა დამეწერა „ფეისბუქზე“ ამის შესახებ, მაგრამ დავწერე, ბრავო „აიფონს“-მეთქი. ადუღებულ წყალში იხარშებოდა ტელეფონი და არაფერი მოუვიდა. ამაზე აღლიცინდა მთელი სოციალური ქსელი, რადგან ენდროში ჩავარდა და თან წითელ პარასკევს, ტელეფონი ნაკურთხია და იმიტომ არ გაფუჭდა. აი, ივერი რა დაცურებულიაო. რატომ ვარ დაცურებული, რომ გამიკვირდა რაღაც? სიმართლე გითხრათ, უკვე დავიღალე იმაზე ფიქრით, რაზე შეიძლება, გავილანძღო და რაზე – არა. დიდი შანსია, რაღაც ძალიან კარგი რომ დაწერო, იმაზეც გაგლანძღონ. ვფიქრობ, აბა, რად მინდა სოციალური ქსელი, თუ არ გამოვხატე, რა მიკვირს, რა მიხარია და რის გამო ვარ აღფრთოვანებული? თუ ამის გამო გავხდები ლანძღვის მიზეზი, დავხურავ და ეგ იქნება. ისეთმა ადამიანებმა დაიწყეს ღლიცინი, რომ ძალიან გამიკვირდა. ცნობილი ადამიანები საოცრებებს წერდნენ და ამის შემხედვარე, ვფიქრობდი, ნეტავ, „კაიფში“ ხომ არ არიან, ან ხომ არ გაუტეხეს გვერდი-მეთქი?! ვერ წარმომედგინა, რომ ის ადამიანები ამ თემაზე დაიწყებდნენ ღლიცინს. მერე ეს ყველაფერი იუმორში გადავიტანე. იმდენად არის ხალხი პანდემიითა და ომით გადაღლილი და დასტრესილი, თუ ჩემი „აიფონის“ ისტორია გაახალისებთ, იხალისონ-მეთქი. ამ ამბავმა ხალხი ისე გაახალისა, ლამისაა, აღდგომის დღესასწაული დაავიწყა. კი ბატონო, ვიქნები მე „მსხვერპლი“ თუ ხალხი ამ მძიმე მოვლენების ფონზე გახალისდება. მერე თვითონაც დავიწყე ხუმრობა ამ თემაზე – უი, ლოცვები იწერება თავისით ამ „აიფონზე“ და ენდროში რომ ჩავარდა, იმის ბრალი ხომ არ არის-მეთქი?! ავყევი ამ ადამიანებს, იმის საჩვენებლად, რომ მე ეს არ მწყენია. არადა, საწყენი არის ის, რომ „აიფონიდან“ შემდეგ ჩემს მეუღლეზე გადავიდნენ და მისი სურათები აფრიალეს, მერე დაიწყეს, ბუღალტრებზე თქვა თამარ ივერმა რაღაც დამამცირებლადო. კი, ვთქვი, ერთ-ერთ გადაცემაში – მე მომღერალი ვარ, ბუღალტერი კი არა-მეთქი. ეს დედაჩემის გამოთქმა იყო. დედა ენაკვიმატი ქალი იყო და სადმე რომ მივდიოდი, მომაძახებდა, ეგრე თხლად ჩაცმული რომ მიდიხარ, რომ გაცივდე, მომღერალი ხარ თუ ბუღალტერიო? გულისხმობდა, რომ ბუღალტერი გაციებული, უხმო და ჩახლეჩილი ყელითაც იმუშავებს, მაგრამ შენ რომ ხელოვანი ხარ, ბევრად უფრო მგრძნობიარე ხარ და მეტი გაფრთხილება გჭირდება, რომ არ გაცივდე. ჩემმა ქმარმაც იცოდა, რომ ჩემთვის ხელი უნდა შეეწყო, რადგან ცოლად მომღერალი მოიყვანა და არა ბუღალტერი-მეთქი. ამ გაგებით ვთქვი და არა ბუღალტრების დასაკნინებლად. მაგრამ ეს ხალხი ჩასაფრებულია, აღარ იციან, რაზე იღლიცინონ.

– მეუღლის ნახევრად შიშველი ფოტოები თქვენ გამოაქვეყნეთ თუ მასთან დაკავშირებული აჟიოტაჟი რას მოჰყვა?

– ბათუმში ვიყავით მე და ჩემი მეუღლე. ზღვიდან ამოვიდა რაული, პირსახოცი მოიხსნა და საცურაო კოსტიუმი ეცვა. ამ დროს ვიღაცამ დაურეკა, დაჯდა, ბალიში მიიფარა და საუბრობდა. რაღაცაზე შევკამათდით და ვუთხარი, ღირსი არ ხარ, ამ ფორმაში გადაგიღო სურათი და „ფეისბუქზე“ გამოვაქვეყნო-მეთქი?! აბა, გაბედეო და ეს რომ მითხრა, პროტესტის ნიშნად, გადავუღე ფოტო და მართლა დავდე „ფეისბუქზე“. ეს იყო ჩემი შეცდომა. ეს 5-6 წლის წინანდელი ამბავია. მგონი, 15 წუთი მედო და იმხელა გამოხმაურება მოჰყვა, შემეშინდა და წავშალე. რაულის ბიძაშვილმა დაურეკა, რა ხდებაო და გადაირია რაული. მაგრამ ფოტო უკვე ჟურნალების გვერდებზე ჰქონდათ გაზიარებული და დღემდე ატრიალებენ აქეთ-იქით, აი, როგორ ადევს ბალიში ჩემს მეუღლეს ერთ ადგილას. ავდექი და დავწერე, იმ დონეზე მივალ, ამ ბალიშს აუქციონზე გავყიდი, იქნებ ვინმე ქალბატონს ესიამოვნოს და იყიდოს-მეთქი.

– რთულია, სულ ყურადღების ცენტრში და სულ განხილვის საგნად ყოფნა?

– ვცდილობ, რამე სკანდალური არ დავდო, მაგრამ რას ვიფიქრებდი, რომ „აიფონის“ ამბავს ამხელა გამოხმაურება მოჰყვებოდა. ამდენი ლანძღვა-გინება რისთვის? უკვე ვეღარ ხვდები, რაზე შეიძლება, გაილანძღო. გია ჯაჯანიძემ მითხრა, ერთ დღეს დავწერე, ყველანი მიყვარხართ-მეთქი და ვიღაც ქალი შემომივარდა, რატომ მატყუებ, არც მიცნობ, ეს შენი ფარისევლური ხასიათია და არ გინდა, სიტყვების რახა-რუხიო. მე ვფიქრობ, ამდენი ცუდი ამბისგან და გაჭირვებისგან ხალხი უკვე დეპრესიაშია და ყველაფერი მგლის ყმუილად ეჩვენება. მერე უბანში ბიჭმა ზღარბი იპოვა და ვეფერებოდი. ესეც „ფეისბუქზე“ მედო და დაიწყეს, ეს ზღარბი არის ენდროში ჩავარდნილი რაულიო. თან ისეთმა ცნობილმა ადამიანმა დადო ეს პოსტი, რომელზედაც ვფიქრობ, რომ ზეინტელექტუალური ბიჭია. მისგან გამიკვირდა. არ ვიცი, საბავშვო ბაღის დონეა. ღადავი დაიწყეს, ვითომ ისეთი ბნელია ივერი, რომ სჯერა, ენდრომ გადარჩინა ტელეფონი და ფიქრობს, რომ ჩვეულებრივ წყალში გაფუჭდებოდაო, არადა ამაზე მე არაფერი დამიწერია. ეს თავიანთი დასკვნა იყო. მაგრამ კარგი, სულ ომსა და უბედურებას, ჯობს, ისევ ივერის პოსტზე იღლიცინონ. თან ისეთი ხალხი ღლიცინებდა, ვინც დღე და ღამე ბულინგის მნიშვნელობაზე ლაპარაკობს.

– მეუღლე როგორ შეხვდა ამ ყველაფერს?

– საბედნიეროდ, კარგა ხანია, ჩემმა მეუღლემ გააუქმა სოციალური ქსელი. რაული ძალიან ემოციური ბიჭია. ვინმე რამეს რომ დაუწერდა, მერე ეუბნებოდა, აი, ბიჭო, გამოდი და რაღაც მსგავსი. ვიფიქრე, რამე ხიფათს არ გადაეყაროს-მეთქი. ზოგი ისეთებს უწერდა, რომ რა ვიცი. ის სხვანაირად ფიქრობს. თვლის, რომ კაცია და რეაგირება უნდა მოახდინოს. ამიტომ გამიხარდა, რომ გააუქმა და ეს სიბინძურე, რომელიც ახლა მასზე სრულიად უსაფუძვლოდ იწერებოდა, არ წაუკითხავს. მაგრამ ნერვები მაინც ეშლება, რადგან ახლობლები ეუბნებიან, შენზე ღლიცინებენო. მე ვერ ვაუქმებ სოციალურ ქსელს, რადგან მას ძალიან პრაქტიკული დანიშნულება აქვს და ბევრ რამეში მეხმარება.

– სულ ლანძღვაც არ არის, ძალიან ბევრი გამოხატავს სიყვარულს თქვენ მიმართ.

– დიახ, ამასაც ვგრძნობ. ცუდი პიარიც პიარიაო, ესეც ვიცი, მაგრამ საბედნიეროდ, არიან ადამიანები, რომლებსაც ვუყვარვარ. რა ვიცი, ვეცადე, ამ ამბების გამო არ ჩამშხამებოდა აღდგომის დღესასწაული და რაღაც პერიოდი, საერთოდ აღარ შევსულვარ. ადრე „ვნადირობდი“, ვინმე რამეს თუ დამიწერდა, შევუვარდებოდი, პასუხს გავცემდი. ახლა საერთოდ არ მაინტერესებს და თუ სიახლეებში ჩემ შესახებ არ მხვდება რამე, არც ვეძებ. ვინმე რომ ჩამიგდებს, მასაც ვეუბნები, არ მინდა, ნუ მაჩვენებ-მეთქი. წყნარ ცხოვრებას არაფერი ჯობს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, თუ ამ უმძიმესი მოვლენების ფონზე, ამით ვინმე ცოტა ხნით მაინც გაერთო და გახალისდა, კი ბატონი, არც გავბრაზდები. გაერთეთ, მეგობრებო და პოზიტიურად იფიქრეთ.

წყარო: თბილისელები

კომენტარები

სხვა სიახლეები