რა განსხვავებაა ფსიქოლოგიურად ქალსა და მამაკაცს შორის – ფსიქოლოგ ზურა მხეიძის განმარტება

ფსიქოლოგი და კომუნიკაციური უნარების მართვის ტრენერი – ზურაბ მხეიძე ყველასთვის საინტერესო და აქტუალურ თემაზე ქალისა და მამაკაცის ფსიქოლოგიურ განსხვავებებზე საუბრობს.

“ქალსა და მამაკაცს შორის არის და მუდმივად იქნება ფსიქოლოგიური განსხვავება. არ ვსაუბრობთ უფლებების კონტექსტში, აქ საუბარია ფსიქოლოგიურ სხვაობებზე, რომელიც დამყარებულია ბიოლოგიურ განსხვავებულობაზე.

ჯანსაღი და ჰარმონიული ურთიერთობებისთვის საჭიროა ამ განსხვავებულობების გაგება და გააზრება. გაუგებრობები სქესებს შორის ზუსტად იქედან გამომდინარეა, რომ, ხშირად, ათვლითი წერტილებია განსხვავებული. ქალი ბუნებით კონსერვატორია, ეს მისი ფიზიოლოგიიდან გამომდინარეობს. მან ბავშვი უნდა გააჩინოს, რომელსაც ყურადღება და მოვლა სჭირდება. ასე რომ, მას ინსტინქტში აქვს სტაბილურობის განცდა და მისი შენარჩუნების სურვილი. ქალი, ბავშვთან განსაკუთრებული ურთიერთობიდან გამომდინარე, ცდილობს ბავშვისთვის უსაფრთხო გარემო შექმნას. მას აქვს მრავალი საფრთხის ერთდროული აღქმის უნარი.

ამერიკაშიც კი, სადაც ურთიერთობის პრობლემა ნაკლებად არის, კვლევამ აჩვენა, რომ ქალები პარტნიორებად იმ კაცებს ირჩევენ, რომლებიც სანდო არიან. ხანმოკლე ურთიერთობისთვის შესაძლებელია აარჩიონ ის, ვინც მიმზიდველია, მაგრამ თუკი საუბარია ქორწინებაზე, ეს პარამეტრი არ მუშაობს. მუშაობს, თუ რამდენად სანდო და სტაბილური ურთიერთობა ექნება არჩეულ პარტნიორთან.

როდესაც ვსაუბრობთ სტატისტიკაზე, ვგულისხმობთ ძირითად რაოდენობას. რა თქმა უნდა, გამონაკლისი ყველგან არის.
ქალს შეუძლია სწრაფად ყურადღების გადანაცვლება, ჩვენ გვგონია ხოლმე რომ პარალელურ რეჟიმში აკეთებს სხვადასხვა საქმეს, მაგრამ ფსიქოლოგიურად ეს გამორიცხულია, ეს არის სწრაფი გადანაცვლების უნარი. რაც კაცისთვის წარმოუდგენელი პროცესია.

„ორივე სქესს გააჩნია თავისი ნიუანსები, ამის გაუცნობიერებლობა ბადებს კონფლიქტებს. ამ განსხვავებულობების სწორი შეცნობა ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია ჯანსაღი და ჰარმონიული ურთიერთობის აწყობისთვის.“

დეტალების მიმართ ორიენტირებული ქალია, ყურადღების უკეთ კონცენტრირებას კი კაცი აკეთებს. ესეც ბუნებრივი მომენტია. კომუნიკაციის დროს ქალი ნებისმიერ საუბარში ცდილობს კონტექსტი დაინახოს, ან ცდილობს მიხვდეს, რას გულისხმობდა მოსაუბრე, განსხვავებით მამაკაცისგან.

მაგალითად კაცმა თქვა: „თუ შეგიძლია წყალი მომაწოდე.“ ქალმა შეიძლება იფიქროს, თუ რატომ თქვა ეს. რა იყო ქვეტექსტი. ამ დროს კი კაცისთვის არავითარი ქვეტექსტი არ არსებობდა – უბრალოდ წყალი უნდოდა. ესეც გენეტიკური კომპონენტია. ქალს უწევს ჩვილთან კომუნიკაცია, ბავშვს ამ დროს ლაპარაკი არ შეუძლია – ქალი მომართულია გამოიცნოს, ბავშვს რა აწუხებს. ამიტომ, ქალი ინსტინქტურად მომართულია და საუბრის დროს ცდილობს ჩაწვდეს ნათქვამის, გამოხატულის იქით კიდევ რაღაცას. ამ დროს კი კომუნიკაციაში პრობლემაა – კაცს არაფერი არ უგულისხმია, მან უბრალოდ თქვა ის, რაც თქვა.

არის ასეთი დეტალიც – როდესაც კაცი სადმეა წასული, მაგალითად ძმაკაცებთან ერთად, არ სიამოვნებს ბევრი ზარი – „როგორ ხარ?“, „სად ხარ?“ და ა.შ. მამაკაცისთვის ეს შემაწუხებელია; რაღაც მომენტში კონტროლადაც აღიქმება. ქალისთვის კი პირიქით – ყურადღებად მოისაზრება და რომ არ დაურეკო ეწყინება. აქედან გამომდინარე ვიცით რა ეს მომენტი – კაცმა უნდა დაურეკოს, ქალმა კი არა – ეს იქნება ურთიერთობის სწორი ფორმა.

ორივე სქესს გააჩნია თავისი ნიუანსები, ამის გაუცნობიერებლობა ბადებს კონფლიქტებს. ამ განსხვავებულობების სწორი შეცნობა ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია ჯანსაღი და ჰარმონიული ურთიერთობის აწყობისთვის“,- აღნიშნავს ზურა მხეიძე.

წყარო:აზროვნების აკადემია.

კომენტარები

სხვა სიახლეები