ტარო წარმოადგენს 78 (იშვიათ შემთხვევებში 79) ბანქოსგან შემდგარ დასტას, რომელიც ფართოდ გამოიყენება ეზოთერიკულ პრაქტიკებში. ტაროს ბანქოებს ეწოდებათ არკანები (Arcanum – “საიდუმლო”) და ისინი იყოფიან 2 ძირითად ნაწილად – მაღალ (იგივე უფროს) და დაბალ (იგივე უმცროს) არკანებად.
ტაროს კლასიკური დასტა სიმბოლოებითაა დატვირთული და მასში მოქცეულია მთელი სამყაროს სიბრძნე. მისი წარმოშობის და განვითარების ისტორია ბურუსითაა მოცული, თუმცა, არსებობს უამრავი ვერსია. ზოგი ვერსიით ტარო წარმოიშვა ეგვიპტეში, ზოგი ვერსიით – იტალიაში, ზოგი ვერსიის თანახმად კი – საფრანგეთში. ზოგიერთი ისტორიკოსი ამ უჩვეულო დასტის პოპულარიზაციას ბოშებს მიაწერს, თუმცა, ზოგიერთი მათგანი აღნიშნულ აზრს კატეგორიულად უარყოფს.
ანალოგიური დამოკიდებულება არსებობს თავად სახელის – “ტარო” – წარმოშობის შესახებაც. ნაწილი თვლის, რომ ის შეიძლება იყოს ძველეგვიპტური სიტყვებისგან (“Tar – გზა” და “Ro – ფარაონი”) მიღებული სახელწოდება, რომელიც განიმარტება, როგორც “სამეფო გზა”. ნაწილს მიაჩნია, რომ არა ეგვიპტური, არამედ, იტალიური სიტყვა Tarocchi უდევს ამ სახელს საფუძვლად. ნაწილს მიაჩნია, რომ სახელწოდების ფესვები უნდა ვეძებოთ არაბულ სიტყვა “ტურუკ”-ში, რომელიც “გზას” ნიშნავს, ხოლო ნაწილის აზრით, სახელი “ტარო” დაკავშირებულია კაბალასთან.
პირველი დოკუმენტური მასალა ტაროს შესახებ დათარიღებულია 1377 წლით, როდესაც გერმანელმა ბერმა შაუბერმა გააკეთა ჩანაწერი თავის ქრონიკებში სამკითხაო ბანქოს შესახებ. ხოლო ჩვენამდე მოღწეულია დოკუმენტი, რომელიც ითვლება ყველაზე ადრეულ ინფორმაციად ტაროს შესახებ და ის გაკეთებულია 1392 წელს. აღსანიშნავია, რომ ნიუ-იორკში, პიერპონტ მორგანის ბიბლიოთეკის ფონდში ინახება 35 არკანისგან შემდგარი ტაროს დასტა, რომელიც შექმნილია 1484 წელს. იგი ეკუთვნოდა კარდინალ ასკანიო სფორცს. სხვათა შორის, არსებობს მოსაზრება, რომ ძველად მაღალი და დაბალი არკანები არ წარმოადგენდნენ ერთ მთლიანობას. მათი შერწყმა და გაერთიანება მოგვიანებით მოხდა.
ტაროს მაღალი არკანების რაოდენობა 22-ია (იშვიათ შემთხვევებში 23). ისინი დასტაში განსაკუთრებული და გამორჩეული მნიშვნელობის მატარებლები არიან. ეზოტერიკოსები მათ არამარტო ტაროლოგიაში, არამედ, სხვადასხვა მაგიურ მიმდინარეობებში წარმატებით იყენებენ. მიჩნეულია, რომ მაღალი არკანები ფარავენ სხვადასხვა საიდუმლოებებს, რომელთა ამოხსნაც ყველას არ შეუძლია. ეს არის დაფარული ფილოსოფია, რომლის შეცნობაც მოითხოვს წლებს და ზოგჯერ – მთელ ცხოვრებასაც.
ტაროს დაბალი არკანების რაოდენობა 56-ია. ისინი იყოფიან 4 სახეობად – კვერთხები, პენტაკლები, ხმლები და თასები, რომლებიც შეესაბამებიან შესაბამის სტიქიებს. ამგვარად კვერთხები უკავშირდება ცეცხლის სტიქიას, პენტაკლების – მიწის სტიქიას, ხმლები – ჰაერის სტიქიას, ხოლო თასები – წყლის სტიქიას. აღნიშნული სტიქიების გავლენა შესანიშნავად იგრძნობა არკანების სახეობებში. გარდა ამისა, დაბალი არკანები პირობითად 2 ნაწილადაც შეიძლება დაიყოს – ნუმერაციულად და ფიგურალურად. ნუმერაციული ნაწილი მოიცავს არკანებს ტუზიდან 10-ის ჩათვლით, ხოლო ფიგურალური აერთიანებს პაჟებს, რაინდებს, დედოფლებს და მეფეებს.
თანამედროვე ცხოვრებაში ტაროს უამრავი მიზნით იყენებენ. ის განკუთვნილია არამარტო მანტიკისთვის (მკითხაობა), არამედ მედიტაციისთვის, სხვადასხვა მაგიური რიტუალებისთვის, ფსიქოლოგიური დახმარებისთვის და ა.შ. გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთი დოკუმენტის მონაცემების საფუძველზე ტაროს თავდაპირველად სათამაშო დანიშნულება ჰქონდა. გარდა ამისა, არკანები ხელოვანებისთვის შთაგონების წყაროსაც წარმოადგენენ. ზოგადად კი ტაროს შესაძლებლობები საკმაოდ ფართოა, რაც საშუალებას იძლევა, თითოეულმა ტაროლოგმა შექმნას არკანებთან მუშაობის უნიკალური მეთოდი.
სხვა სიახლეები