რა არის სატურნის დაბრუნება და როგორ მოვიქცეთ ამ დროს – ასტროლოგის განმარტება

ასტროლოგი, დავით ნიბლაძე ფეისბუქის გვერდზე სატურნის შესახებ პოსტს აქვეყნებს და მისი დაბრუნების მნიშვნელობას განმარტავს:
“სატურნის პირველი დაბრუნება 29-30 წლის ასაკში და მისი ასტროლოგიური მნიშვნელობა.
რა არის სატურნის დაბრუნება?
მზეს, მთვარეს თუ პლანეტებს, ყველას თავისი მოძრაობის სიჩქარე აქვს. ზოდიაქოს ერთი სრული წრის გავლისთვის მთვარეს დაახლოებით 28-29 დღე სჭირდება, მზეს – 1 წელი, სატურნს კი 29,5 წელი. ანუ ზუსტად ამ დროში სატურნი უბრუნდება იმ მდებარეობას, რომელშიც იმყოფებოდა ჩვენი დაბადების მომენტში (29-30 წლის ასაკში). სწორედ პლანეტის დაბადების პოზიციაში ხელახლა ყოფნას ვეძახით დაბრუნებას. და ეს მხოლოდ სატურნს არ ეხება. გვაქვს ვენერას დაბრუნება, მარსის, იუპიტერის და წარმოიდგინეთ, მთვარის დაბრუნება თვეში ერთხელ. დაბრუნებებიდან ყველაზე ხშირად ასტროლოგიურ პროგნოზირებებში მზის დაბრუნება გამოიყენება (Solar Return), რომელსაც დაბადების დღის რუკის სახელითაც ვიცნობთ.

ვიცით, რომ ყველა პლანეტას თავისი ბუნება აქვს და რაღაცაზეა პასუხისმგებელი, მათი გავლენაც ინდივიდუალური და ერთმანეთისგან განსხვავებულია. ძალიან რომ არ გაგვიგრძელდეს, პირდაპირ სატურნზე გადავიდეთ. სატურნი ერთ-ერთი ყველაზე “მძიმეწონიანი” პლანეტაა ასტროლოგიაში, რომელიც საზღვრებთან, ეთიკასთან, ზომიერებასთან, პასუხისმგებლობასთან, სერიოზულობასა და ზრდასრულობასთან ასოცირდება. დაბრუნებამდე გასული 29 წლის განმავლობაში სატურნი ჩვენი დაბადების რუკის პლანეტებთან ყველა შესაძლო ასპექტს შექმნის. როდესაც სატურნი ჩვენს პირად პლანეტას ეხება, ხშირად შესაბამის სფეროში შენელებას, იმედგაცრუებასა და გარკვეულ წნეხს იწვევს, თუმცა უმიზნოდ ნამდვილად არა. სინამდვილეში, ეს პლანეტა ჩვენგან სიბრძნესა და შინაგან თავისუფლებას მოითხოვს, რომელიც სწორედ რეალობისთვის თვალის გასწორების შემთხვევაში გვეძლევა. სატურნი გვაიძულებს, ვიცხოვროთ დღევანდელი რეალობით, ვიგრძნოთ მეტი პასუხსმგებლობა იმაზე თუ რას ვამბობთ და რას ვაკეთებთ და დრო მხოლოდ ისეთ რამეებში ვხარჯოთ, რაც სასარგებლო შედეგების მომტანი იქნება. ასეთი ტრანზიტის დროს შესაძლოა, მოგვეჩვენოს, რომ არავის სურს ჩვენი დახმარება. მაგრამ რეალურად, მიზანი საკუთარ თავთან მარტო დარჩენა და ჩვენშივე საკმარისი ძალის აღმოჩენაა. არ იფიქროთ, რომ სატურნს ჩვენი მიწასთან გასწორება “სურს”. ის უბრალოდ გაუაზრებელი გადაწყვეტილებების, დროის ფუჭად ხარჯვისა და ილუზიებისგან თავის არიდებას ითხოვს. მას მხოლოდ ჩვენი გაძლიერება “აქვს გეგმაში”. რომელ სახლსაც ეხება სატურნი კონკრეტული ადამიანის რუკაში (ნათალში თუ ტრანზიტში), იმ სფეროებში გამოვლენილი თვითდისციპლინა და სწორად განხორციელებული რეორგანიზება ძალიან სასარგებლო შედეგების მომტანიც კი იქნება გრძელვადიან პერსპექტივაში.

სატურნის გავლენა დაბრუნების დროს უკვე ნამდვილად არ არის სიახლე. უბრალოდ ასეთ დროს ის უფრო ძლიერია და გასული 29 წლის შეჯამების ხასიათს იძენს. ეს არის მოზარდობიდან ზრდასრულობაში გადასვლის ეტაპი. ის გამოცდას წააგავს, სადაც განვლილი მასალის ცოდნას მკაცრად ითხოვენ ჩვენგან. სატურნის დაბრუნება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უკვე გვქონდა სატურნისეული წესრიგის დამყარების შანსი. ვნახეთ, გამოვცადეთ, ვიგრძენით, გვეტკინა, გაგვიხარდა, მივხვდით… მინიმუმ შეგვეძლო მივმხვდარიყავით. და მაშინ, როდესაც სატურნი თავის პოზიციას უბრუნდება, ეს არის დრო, როდესაც უნდა შევქმნათ ან აღვადგინოთ წესრიგი და მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რაც ისევ და ისევ გულწრფელი და სამომავლო შედეგებზე იქნება გათვლილი.

სატურნი გვასწავლის, რომ თავისუფლება არ ნიშნავს წესების დარღვევასა და პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას. პირიქით, მისთვის სწორედ ჩვენი შესაძლებლობების გაცნობიერებაა თავისუფლება და გვაჩვენებს, რომ ჩვენზე გამოცდილი ადამიანებისგან მიღებულ რჩევებთან ერთად განვითარების გზა საკუთარი თავისა და რეალობის გააზრებაზე გადის. ეს არის დრო, როდესაც უნდა მოვიშოროთ თვითგამანადგურებელი დამოკიდებულებები, გავაცნობიეროთ სად ვაჭარბებთ მოლოდინებით და აღმოვაჩინოთ უფრო მეტად “ჩვენი”, რეალისტური მიზნები და ამოცანები. სწორედ სატურნის დაბრუნების პერიოდში გვიწევს იმის შეფასება, სხვისი მოლოდინების დასაკმაყოფილებლად ცხოვრობდით და ჩვენს გეგმებს მეტწილად სხვების ღირებულებებზე ვაწყობდით თუ საკუთარი. სატურნის დაბრუნების საწყის ეტაპზე ხშირად გვიწევს ისეთ რეალობასთან პირისპირ შეჯახება, რომელიც შესაძლოა საერთოდ არ იყოს სასიამოვნო. ყოველთვის და ამ დროსაც ჩვენ გვაქვს თავისუფლება, ავირჩიოთ სცენარი: ვაღიაროთ, მივიღოთ და შევცვალოთ თუ გავჯიუტდეთ და შევეწინააღმდეგოთ შედეგებსა და მოვლენებს. სატურნის დაბრუნების დროს თითქოს ცხოვრებასაც და საკუთარ თავსაც ხელახლა აღმოვაჩენთ ხოლმე. სწორედ ამ აღმოჩენების შემდეგ მიდის ბევრი ადამიანი იმ აზრამდე, რომ პროფესია, რომელსაც წლები მიუძღვნა, მისთვის აღარაა საინტერესო, ადამიანის მიმართ, რომელთანაც წლების განმავლობაში ცხოვრობდა, გრძნობა აღარ აქვს და ა.შ. სწორედ ამ დროს იღებენ წყვილები დაშორების შესახებ გადაწყვეტილებას, ამ დროს იცვლიან საცხოვრებელ ადგილებს და ა.შ. ეს არის ერთგვარი გამოფხიზლების დრო, როდესაც გვიწევს ვაღიაროთ ჩვენი დამოუკიდებლობა და ის პასუხისმგებლობა, რომელიც ბუნებრივად მოყვება დამოუკიდებლობას.

სატურნის დაბრუნებასთან გასაკმლავებლად არ ღირს მოვლენებთან შეწინააღმდეგება. პირიქით, ჯობია, ეს, როგორც გაკვეთილი, ისე მივიღოთ. ჩავთვალოთ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ იმ მიზანს ემსახურება, რომ ვისწავლოთ ზომიერება, აღიარება, პირადი საზღვრების დაწესება და გავხდეთ უფრო ძლიერი და მყარი. დარწმუნებულიც კი შეგვიძლია ვიყოთ იმაში, რომ ეს ცვლილებები საჭირო და აუცილებელია ჩვენთვის. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ დროს საკუთარ თავთან გულწრფელობა და ემოციური სამართლიანობის შეგრძნება უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. აქ თავის მოტყუება ყველაზე არასწორი მიდგომა იქნება. სატურნის დაბრუნება ის დროა, როდესაც უფრო მეტი გულწრფელობით, სერიოზულობითა და პასუხიმგებლობით უნდა მოვეკიდოთ საკუთარ ცხოვრებას. დავივიწყოთ მიზეზების ძიების დროს სხვებისკენ ხელის გაშვერა და სრულად ავიღოთ პასუხიმგებლობა საკუთარ თავზე. ბევრი ადამიანი ამ პერიოდს შიშით ელოდება, მაგრამ არის კი ეს ყველაფერი იმდენად საშიში, რამდენად საჭირო?! ამ თემას კიდევ არაერთხელ მოვუბრუნდებით და ბევრი განსხვავებული კუთხიდან შევხედავთ ახლო მომავალში.

კითხვაზე “როგორ გავლენას მოახდენს სატურნი უშუალოდ ჩემზე” – პასუხი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. პირველ რიგში, იმაზე თუ სად, რომელ სახლში მდებარეობს ის რუკაში, როგორ ასპექტებს ქმნის პლანეტებთან, რომელ სახლს მართავს და ა.შ. რაც უფრო მეტი პლანეტა და წერტილი იქნება სატურნთან ასპექტში ჩართული, მით უფრო კომპლექსური იქნება მისი გავლენაც. სცენარის შეფასებისას მნიშვნელოვანია ასევე სატურნის ტრანზიტის წინა პერიოდის გათვალისწინებაც.

კონკრეტულ ადამიანზე სატურნის გავლენის უფრო ვრცელი შეფასება მხოლოდ პირადი რუკის ანალიზის საფუძველზეა შესაძლებელი, როდესაც დეტალურად ჩავშლით ყველა იმ თემასა და საკითხს, რასაც სატურნი (და არამარტო) ააქტიურებს.

თუ გსურს შენს რუკაზე ვიმუშაო და გავაანალიზო როგორც სატურნის, ისე სხვა პლანეტების გავლენა, მომწერე შეტყობინება. როდესაც გზას ხედავ, უფრო თავდაჯერებულად შეგიძლია წინ სიარული✨

წინსვლასა და განვითარებას გისურვებთ!
——-
ასტროლოგი დავით ნიბლაძე”

კომენტარები

სხვა სიახლეები