რა არის კორონავირუსის “იმუნიტეტის პასპორტი” და რა არის “კოვიდ-19 პასპორტი”? – ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში აქტუალურ კითხვას ვრცელ პასუხს სცემს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ეს არის ორი სხვადასხვა დოკუმენტი, რომელთა შესახებ ამჟამად აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს სხვადასხვა ქვეყანას შორის.
- “იმუნიტეტის პასპორტი” არის სერტიფიკატი იმის შესახებ, რომ ადამიანს აქვს იმუნიტეტი, ანუ ანტისხეულები ახალი კორონავირუსის მიმართ. სხვადასხვა ქვეყნის მიერ გამოითქვა მოსაზრება, რომ ეს სერტიფიკატი შეიძლება, გახდეს ადამიანების სამსახურში თუ სასწავლებელში დაბრუნებისა და მოგზაურობის საფუძველი, ანუ ნებართვა. თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნული სერტიფიკატის გამოყენებას სიფრთხილით ეკიდება. ასეთი დოკუმენტის გამოყენებასთან დაკავშირებით შესაძლო პრობლემებზე იყო, ასევე, დისკუსია ჟურნალ “ლანცეტში” გამოქვეყნებულ სტატიაშიც. რომ შევაჯამოთ, იმუნიტეტის პასპორტთან დაკავშირებული წინააღმდეგობები ავტორთა აზრით ასე გამოიყურება:
ა. ჯერჯერობით, მაინც არ არის საკმარისი სამეცნიერო მტკიცებულებები, რამდენად ნამდვილად იცავს ანტისხეულები ხელახალი ინფიცირებისგან
ბ. ანტისხეულების რა ტიტრია (რაოდენობა) აუცილებელი იმისთვის, რომ ადამიანი იყოს დაცული რეინფიცირებისგან
გ. რამდენ ხანს იქნება ეს პასპორტი ვალიდური, ანუ ანტისხეულები თუ იცავს, რამდენ ხანს გრძელდება ეს დაცვა
დ. იმუნიტეტის პასპორტი შეიძლება, ადამიანებისთვის გახდეს ინფიცირების წახალისება, რადგან პასპორტის მქონეებს ბევრი უპირატესობა გაუჩნდებათ. ამან შეიძლება, მოადუნოს სიფრთხილის ზომები ან პირიქით, მოახდინოს სიფრთხილის ზომების არდაცვის სტიმულირება.
ე. იმუნიტეტის პასპორტი შეიძლება, კორუფციის წყაროდ გადაიქცეს.
ვ. მოწყვლადი ჯგუფები, სადაც ანტისხეულების ტესტებზე ხელმისაწვდომობა დაბალია და ვისაც განსაკუთრებით სჭირდება სამუშაო ადგილებზე დაბრუნება, შეიძლება, მნიშვნელოვნად დაიჩაგრონ
ზ. შეიძლება, დაიწყოს დისკრიმინაცია იმუნური სტატუსის მიხედვით
თ. ზოგჯერ ადარებენ ვაქცინის სერტიფიკატს (მაგალითად, ყვითელი ცხელების ვაქცინაციის სერტიფიკატი სამოგზაუროდ). თუმცა ვაქცინის სერთიფიკატი ასტიმულირებს დაავადების პრევენციას, ანუ ვაქცინაციას, ხოლო იმუნიტეტის სერტიფიკატი ასტიმულირებს ინფიცირებას.
- რაც შეეხება “კოვიდ-19 პასპორტს”, ეს მოითხოვა ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფომ და ნიშნავს დოკუმენტს, რომელიც ამბობს, რომ ადამიანი არ არის ამჟამად ინფიცირებული კორონავირუსით. ეს ცნობა უნდა გაიცეს და, შესაბამისად, ანალიზიც უნდა ჩატარდეს იმ ქვეყანაში, საიდანაც დაიწყება მოგზაურობა”.