„რაც თავიდან სწორი გვეგონა, დღეს მცდარი აღმოჩნდა“ – გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი კორონავირუსის მკურნალობაზე

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ნინო ნაცვალაძე ახალ კორონავირუსთან ბრძოლის შესახებ საკუთარ გამოცდილებას სოციალურ ქსელში გვიზიარებს და აღნიშნულზე ვრცელ სტატუსს წერს:

“ამ დილით ჩემს კლინიკაში აპარატიდან მოიხსნა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან გავწერეთ, ეპიდემიის პირველი ტალღის, ბოლო პაციენტი…

მძიმე კოვიდიანთა მკურნალობის ზედამხედველობა და მენეჯმენტი თავიდანვე ჰქონდა ჩაბარებული ქალ. საბინე პეხერს, როგორც ყველაზე გამოცდილ, მრავლისმნახველ და გამორჩეულ პროფესიონალს. საბინე დღეს გახარებულიც იყო და ცოტა გულდაწყვეტილიც. ბოლო დღეებში მეზობელ კლინიკებშიც მსგავსი სიმშვიდე იყო, ამიტომ, ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, დარეკა სპეც. ნომერზე. უკვე შეგვიძლია პაციენტების მიღება საფრანგეთიდანაც და ინგლისიდანაცო.

შემდეგ ჩემთან, სახლში წამოვედით. ძალიან მაინტერესებდა ბოლო კვირაში მის მიერ ჩამოყალიბებული, ჩვენი და პარტნიორი კლინიკების ახალ და ჯერ მაინც მწირე გამოცდილებაზე დამყარებული, კოვიდიანი მძიმე პაციენტების მკურნალობის მეთოდები, რჩევები და თავისებურებები. დისკუსიაც გვქონდა. გაოგნებულიც ვისხედით. ვფიქრობდით, როგორ იცვლებოდა მკურნალობის მიდგომები ყოველ კვირას. რაც თავიდან სწორი გვეგონა, ახლა შეცდომა იყო, რასაც ადრე ვამტკიცებდით, დღეს მცდარი აღმოჩნდა, არც დაავადების მიმდინარეობა ჰგავდა ხშირად დისტერს სინდრომს, რაშიც თავიდან დარწმუნებული ვიყავით. იყო ბევრი კითხვა, ინდივიდუალური მიდგომები და გადაწყვეტილებები, გვიკვირდა, როგორ თავგზას უბნევდა ეს უჩინარი ვირუსი ჩვენს ცოდნას და გამოცდილებას.

გაღიზიანებული წამოვხტი, 3 საათიანი საუბრის შემდეგ, ვერაფერი ვერ გავუგე ამ წყეულს და სულ აირია ყველაფერი თავში. დამამშვიდა, ნუ ითხოვ პასუხს იმაზე, რაც არავინ იცის. წამაკითხა სმს-ები და მიჩვენა ვიდეოები, როგორ ცდილობდა 27 სხვადასხვა კლინიკის შეფ -ექიმი ამ ერთი თვის განმავლობაში გამოცდილების გაზიარებას და კონცესუსის მოძებნას.

და ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია ბევრი კითხვა. ინფორმაციის ზღვა მოდის. სარწმუნო კვლევები ჯერ არ დადებულა. გამოცდილება საკმარისი არაა. მართლა თავდაყირა დააყენა თვალისთვის უჩინარმა ვირუსმა ყველაფერი.

და მაინც ვიბრძვით, ვცდილობთ ახლოს მივუახლოვდეთ, უფრო მეტი გავიგოთ მასზე, ვეჩვევით მის გარემოცვაში ცხოვრებას.

გამარჯვებამდე დიდი დროა, ზეიმი მართლა ნაადრევია.

დღემდე დანაკლისებით, მაგრამ მაინც ორგანიზებულად და გააზრებული ნაბიჯებით შეძლო გერმანიამ ინფექციის შეკავება და მასთან სწორი მიდგომებით ბრძოლა. ჯერ რესურსების 30 %-ია გამოყენებული.

ზომიერად დატვირთული და არა გადატვირთული რეჟიმიდან, ძალიან ფრთხილად უბრუნდება გერმანიის კლინიკები ძველი ცხოვრების წესს. ორშაბათიდან ვიწყებთ გეგმიურ ოპერაციებს. მოწესრიგებული სისტემის და მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გამო, ინფექციის გადაცემის დინამიკა იცვლება. იზრდება, მაგრამ ისე, რომ მრუდი ბლაგვი ხდება. შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნაც დაანონსდა. არ გვავიწყდება მთავარი ვირუსოლოგის, ბატ. ქრისტიან დროსტენის გაფრთხილება: დაინფიცირების პროცესი გაგრძელდება წელიც და მეტიც, ინფიცირებულების რიცხვი მოიმატებს, 70% -იც გახდება და საჭიროც არის ასეთი დიდი პროცენტით შემხებლობა ვირუსთან. ოღონდ ნელა, ნაკლები დანაკარგებით! მალე გვეყოლება დიდი რაოდენობა ადამიანებისა, რომელთაც გამომუშავებული ექნებათ ანტისხეულები. ადამიანები იმუნურები გახდებიან და კორონაც გაუდგება სხვა კორონავირუსების გზას. ჩვენ მოგვიწევს მასთან ერთად ცხოვრება, თუმცა, ის აღარ იქნება ისეთი საშიში, როგორიც ახლაა. მთავარია ვისწავლოთ საზოგადოებამ მასთან თანაცხოვრება.

მე დღეს დავიჯერე, რომ ქართველი ხალხი გერმანელებთან და მსოფლიოს ცივილიზებულ ხალხებთან ერთად, იმ შეგნებულ საზოგადოებას წარმოადგენს, რომელიც ითვალისწინებს და საჭიროების მიხედვით ცვლის ცხოვრების წესს. რადგან ყოველთვის იქნება “ჩინეთი”, რომელიც არაფერს ცვლის ყოფით ცხოვრებაში, დანაშაულის მიუხედავად.

დღეს ვიგრძენი, რომ უკვე სხვა ადამიანები ვართ, შეიძლება უფრო გულისხმიერები და თბილები!

ყველას გილოცავთ აღდგომის უდიდესს დღესასწაულს!” – წერს ნინო ნაცვალაძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები