რატო დურგლიშვილი – ჩემში თავმოყვარეობა ყველაფერზე მაღლა დგას

“ჩემში თავმოყვარეობა ყველაფერზე მაღლა დგას. ნიღბებითა და ტყუილებით საკუთარ თავს შეურაცხყოფას ვერ მივაყენებ”, – ამბობს მომღერალი რატი დურგლიშვილი.
ის ყოველთვის გულწრფელი რესპონდენტია. ეს თვისება დომინანტია მის ხასიათშიც, მაგრამ დასძენს, რომ დღემდე საკუთარი თავისთვის გამოცანად რჩება. ცალმხრივი და ორმხრივი სიყვარული, გულისა და გონების ჭიდილი, სინანული, ყველაზე მძაფრი სურვილი, ოცნება – ეს ის თემებია, რომლებზეც რატი გულახდილად გვესაუბრება.

– საკუთარ თავზე ყველაზე ხშირად რა გესმის, ოჯახის წევრები, მეგობრები რას ამბობენ?

– მეუბნებიან, ასაკი მოგიხდაო. ყველაზე ხშირად ეს სიტყვები მესმის. რატომღაც ყურადღებას ჩემს გარეგნულ მხარეზე ამახვილებენ. იმიჯი შეცვლილი მაქვს და ეს ძალიან მოსწონთ. თურმე მამაკაცებში ასე ყოფილა, 30 წელს რომ გადააბიჯებ, ან ძალიან ეშვები, ან უფრო მეტად იხვეწები.
– თავადაც ფიქრობ, რომ ასაკი მოგიხდა?
– ყოველთვის ვცდილობ, ფორმაში ვიყო და ნორმალურად გამოვიყურებოდე. მეც მგონია, რომ ასაკი მომიხდა, ძველ ფოტოებსა და ვიდეობს რომ ვადარებ, დღეს სხვანაირი ადამიანი ვარ.
– საკუთარ ხასიათში ყველაზე მეტად რა მოგწონს?
– სიკეთე დაუზარლად შემიძლია ვაკეთო. ჩემში ბოროტების ნატამალი არ არსებობს და ეს ძალიან მიხარია. ყველაფერი ცუდის მიმართ ^პროტესტი მაქვს. როცა ადამიანები სხვას განიკითხავენ, იქაურობას ვეცლები, არ მსიამოვნებს ჩხუბი, ძალადობა და რასაც ყველაზე მეტად ვერ ვიტან, ეს ადამიანის დაცინვაა. ვინც მიცნობს და ამ ინტერვიუს წაიკითხავს, ყველა დამეთანხმება. მაგალითად, შოუბიზნესში ვინც ტრიალებს, ზოგიერთი ძალიან ნიჭიერია, ზოგიერთი – ნაკლებად. ვინც ნიჭიერებით არ ბრწყინავს, მაინც ვეუბნები, რომ კარგია. ამაში ცუდი რა არის? იქნებ მიეცეს სტიმული და მომავალში შექმნას იმაზე კარგი რამ, რაც მანამდე შეუქმნია. ზოგიერთს ნიჭიერზეც კი უჭირს იმის აღიარება, რომ ნიჭიერია, ამ ადამიანების უბრალოდ არ მესმის.
– სიკეთე უკან ცუდად დაგბრუ­ნებია?
– სიკეთეს იმიტომ არ ვაკეთებ, რომ რაღაცას ველი. გული უტკენიათ თუ არა, ამას არც ვუღრმავდები, სიკეთეს ვაკეთებ და მივდივარ.
– საკუთარ ხასიათში რა არ მოგწონს?
– რაღაცები ძალიან მალე მბეზრდება. შეიძლება კონკრეტულ სიმღერაზე მუშაობის დროს, შედეგისთვის ერთი წელი ვიბრძოლო, ვიწვალო, არ დავიზარო, მაგრამ ბოლოს, როცა წესით უკვე კმაყოფილი უნდა ვიყო, თავს ვანებებ, აღარ ვუსმენ. აღარ ვხატავ, აღარ ვწერ, საქმეს არ ვამთავრებ.
– ადამიანებიც ადვილად გბეზრდებიან?
– როცა ადამიანი გამუდმებით სხვას ჰბაძავს, ინდივიდუალიზმი საერთოდ არ გააჩნია, იმას ნიშნავს, რომ რესურსი ამოეწურა. ვიღაცისთვის მეც “ამოწურული რესურსი” ვარ. ერთი და იგივე ლოკაციაც მბეზრდება. ახლახან ვფიქრობდი, სახლი მომბეზრდა, რაღაც უნდა შევცვალო. ეს დამღლელი თვისებაა, კარგი სულაც არაა. შესაძლოა, ასეთი ხასიათი იმან ჩამომიყალიბა, რომ ერთდროულად ბევრ რამეს ვაკეთებ, მხატვრობა, სიმღერა, მუსიკის წერა, ნოველების წერა, ძერწვა… ერთად ძალიან ბევრია.
– ნოველებს წერ? ამაზე არასდროს გილაპარაკია.
– ჰო, ახლა პირველად ვთქვი, წლებია ვწერ.
– რაზე წერ, რას წერ?
– ზოგიერთი ნოველაა, ზოგიერთი – ჩანახატი, ეს არის ჩემი პროტესტი, ჩემში არსებული შინაგანი მდგომარეობის გამოძახილი.
– ფართო საზოგადოებამდე მიტანას აპირებ?
– მრცხვენია. ძალიან მორიდებული ადამიანი ვარ, შეიძლება ითქვას, რომ ჩემი თავის რეალიზება სათანადოდ არ შემიძლია. გზას ყოველთვის სხვას ვუთმობ, მაგრამ ღმერთისგან მაინც იმას ვიღებ, რაც მეკუთვნის. რასაც ვთეს, იმას ვიმკი.
– საკუთარ თავზე რამდენად მუშაობ, იმის გამოსწორებას ცდილობ, რაც არ მოგწონს?
– ნაკლებად ვმუშაობ, მირჩევნია, ბუნებრივი ვიყო. ერთადერთი, რაც მაღიზიანებს, ეს ჩემი სიარულის მანერაა, ვვარჯიშობ, დავდივარ ბილიკზე და ვერაფრით გამოვსაწორე.
– ნიღაბს რამდენად ხშირად ირგებ?
– ნიღბით არასდროს ვარ, არასდროს ვიტყუები. ტყუილს ვერ ვამბობ, ძალიან მალე შეიძლება დამავაწყდეს და მერე ჩემმა ნათქვამმა ტყუილმა მომჭრას თავი და ფეხებიც. ჩემში თავმოყვარეობა ყველაფერზე მაღლა დგას. ნიღბებითა და ტყუილებით საკუთარ თავს შეურაცხყოფას ვერ მივაყენებ.
– როცა სხვა გატყუებს, როგორ იქცევი?
– ამას 2 წამში ვხვდები და თავს ვუხრი, კი ბატონო, იგულავე-მეთქი. ის თუ ამით ხარობს, ცხოვრება ხანმოკლეა და გაიხაროს. ჩემი მოტყუება ძალიან ძნელია. წვრილმანი დეტალიც კი არ მეპარება. რომ ჰგონიათ, ძალიან ჭკვიანები არიან, საკუთარ თავს გვერდიდან რომ შეხედონ, მარტივად მიხვდებიან, რომ “მასკა” ძალიან ემჩნევათ. თვალები მართლა ადამიანის სარკეა, ყველაფრის წაკითხვა და ამოცნობა შეიძლება.
– ადამიანებზე დაკვირვება გიყვარს?
– მე მოქანდაკე ვარ, მოქანდაკის პირველი ამოცანა ადამიანებზე დაკვირვებაა. შეიძლება გამოძერწო ფიგურა, მას არ გაუკეთო თვალი, წარბი, მაგრამ იმხელა სული ჩადო, რომ ყველაფერი თქვა. მოქანდაკემ ეს თუ შეძელი, იმას ნიშნავს, რომ მთავარი სირთულე გადალახულია. ეს თვისება მეხმარება ადამიანების ამოცნობაში. როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტით დავდიოდი, სულ ადამიანებს ვაკვირდებოდი, განსაკუთრებით თვალებითა და მიმიკით ვინტერესდებოდი. ზოგადად ადამიანი მიყვარს, ახალ ნაცნობობაზე ვგიჟდები – ჩახუტება, მოფერება, ურთიერთობა, კომპლიმენტის თქმა… ამით ვცხოვრობ.
– ყველაზე მძაფრი შენში რის სურვილია?
– მინდა სამართალი იყოს თითოეულ ჩვენგანში და ქვეყანაში. კანონები, რომლებსაც ვქმნით, თავად დავიცვათ. უსამართლობას ვერ ვიტან. არ მიყვარს, როცა ადამიანები რაღაც მიზეზების გამო იჩაგრებიან. ყველას გვაქვს უფლება, ვიცხოვროთ ბედნიერად. ღმერთმა ამისთვის ყველაფერი მოგვცა და თავად ადამიანები სამოთხეს ვაქცევთ ჯოჯოხეთად.
– საკუთარ გარეგნობაში რამეს შეცვლიდი?
– პლასტიკურ ოპერაციებს თუ გულისხმობ, მუცლის არეს მოვუვლიდი, კარგ პრესს დავიყენებდი, მაგრამ მონდომება მაკლია. არ მივესალმები განკითხვებს პლასტიკური ოპერაციების გამო, მაგრამ ორი ოპერაციის შემდეგ, თავი ყველაზე ლამაზი რომ ჰგონიათ, ეს ცოტათი მაღიზიანებს. მიყვარს ამბიცია, მაგრამ ვგმობ ამპარტავნებას. ვინც უნდა იყოს, არავის “ზემოდან გადმოხედვას” არ მივიღებ, არადა ადამიანების გარკვეული კატეგორია ცდილობს, ასე იცხოვროს. ჩემს თვალში ისინიც ძალიან პატარები არიან, რომლებიც მატერიალური კეთილდღეობით ამაყობენ.
– შენთვის განტვირთვის საუკე­თესო საშუალება რა არის?
– მეგობრებთან ურთიერთობა, ეს ინტერვიუც განტვირთვაა. სამწუხაროდ, ადამიანები ერთმანეთში ნეგატივს ეძებენ, არ ენდობიან, მე ყველაში და ყველაფერში პოზიტივს ვეძებ. ამიტომაც ვარ ბედნიერი და ამიტომაა ეს ცხოვრება ასე საინტერესო.
– დღეს შენი ოცნება რა არის?
– ძალიან რეალისტი ვარ, მაგრამ ვოცნებობ, მშვიდობიან ქვეყანაში ვიცხოვრო. ომით ჩვენ დიდი სტრესი მივიღეთ. სულ მინდა, ამ ქვეყანაში ცნება “სოციალურად დაუცველი” აღარ იყოს, ყველას ღირსეული ცხოვრება გვქონდეს და შრომა იყოს დაფასებული.
– სიყვარული რა არის?
– ღმერთია, ერთადერთი გრძნობაა, რომელიც იტევს უდიდეს ტკი­ვილს. თან კაცობრიობის ყველაზე დიდი ბედნიერებაცაა.
– შეყვარებული ხარ?
– სამწუხაროდ, არავინ მიყვარს, 16-17 წელია, არავინ მყვარებია.
– როცა გიყვარდა, გრძნობას როგორ გამოხატავდი?
– სკოლის პერიოდში რომ მიყვარდა, გული მიმდიოდა, მთელი სხეული მიკანკალებდა, ვიბნეოდი, წნევა მაღლა მიწევდა და თან მის დანახვაზე ძალიან ბედნიერი ვიყავი.
– ეს ორმხრივი სიყვარული იყო?
– ორმხრივი სიყვარული მქონდა სკოლის პერიოდში, აკადემიაში რომ ვსწავლობდი, ცალმხრივად ვიყავი შეყვარებული, ეს მოკლეხნიანი ურ­თი­ერთობები იყო.
– რატომ?
– მიზეზი რაც არის, ვიცი.
– არ იტყვი?
– როცა გრძნობას მიენდობი, ადამიანის ღრმად გწამს, გგონია, სულიერად ერთად ხართ, ამ დროს ის გაღვიძებული გიყურებს და შენ თვალდახუჭული ხარ. მერე, როცა შენ თვალს აახელ და ეს ახელა ურთიერთობაში ბზარს აჩენს, ეს არის მიზეზი დასრულების.
– ყველა ურთიერთობა ასე დაასრულე?
– როცა შეყვარებული ვარ, ბრმად ვენდობი, სამწუხაროდ, იგივე განცდა არ მოდის ხოლმე მეორე მხრიდან. სიყვარული ეს ერთადერთი გრძნობაა, როცა კონტროლს ვკარგავ.
– როგორ გგონია, ახლა, ამ ასაკში, ამ გამოცდილებით…
– …(მაწყვეტინებს) ადვილი შესაძლებელია, იმავენაირად დამემართოს. მე ხომ არანორმალური ვარ. 30%-ითაც კი ვერ გავიგე, ვინ ვარ, რა მინდა, საკუთარი თავისთვისაც კი გამოცანად ვრჩები. აზრი მალე მეცვლება, იმ წუთიერი ემოციით ვცხოვრობ. არ ვიცი, ეს რამდენად კარგია, მკითხველმა შეაფასოს.
– შენი გულწრფელობა დასაფასებელია.
– კი, გულწრფელი ნამდვილად ვარ. მგონია, რომ ადამიანებს ამის გამო ვუყვარვარ. რაც შეეხება სიყვარულს, იმედია, მალე გამოჩნება. ისეთი შემთხვევაც მქონია, მათ დაუმუხრუჭებიათ. მე მნდომებია ურთიერთობა, ერთი შეხედვით, მათაც ვნდომებივარ და მერე გულგრილობა წამოსულა. შეიძლება მე არ მოვიქეცი სწორად.
– მიზეზს ყოველთვის საკუთარ თავში ეძებ?
– ყოველთვის.
– სასურველი გოგო როგორია?
– ადამიანში ინდივიდუალიზმი და სამართლიანობის განცდა ძალიან მიყვარს. ფიზიკურობა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, დღეს სხვანაირი გოგო მომწონს, ხვალ შესაძლოა, სრულიად განსხვავებული მომეწონოს. გოგონები უპირველესად შინაგანი კულტურით, ინტელექტით, საინტერესო სამყაროთი მხიბლავენ, მთავარია, რამდენად ღრმაა ადამიანი, ბანალურობა არ მიყვარს.
– როგორ ფიქრობ, ბედისწერა არსებობს?
– (ფიქრობს) ჩვენი მომავალი არის ჩვენი წარსული.
– ყველაზე ხშირად რის გამო გსაყვედურობენ?
– დედა უყურადღებობის გამო მსაყვედურობს და მებუტება. ერთი დღე რომ არ დამირეკავს, უკვე ვიცი, გაბუტულია. მეორე დღეს ვაცდი და მერე მე ვურეკავ, რატომ დამივიწყე-მეთქი? ოჯახის წევრების მიმართ ზოგჯერ უყურადღებო ვარ. არადა, ესენი არიან ადამიანები, ვინც ყველაზე მეტად მიყვარს.
– ფიქრი გიყვარს?
– კი, ძალიან ბევრს ვფიქრობ, განსაკუთრებით მაშინ, როცა მარტო ვარ.
– გულისა და გონების ჭიდილი ხშირად გაქვს?
– არა. იმწამსვე ვიღებ გადაწყ­ვეტილებას და ვამთავრებ.
– რისკზე ხშირად მიდიხარ?
– ზოგჯერ ვფიქრობ, რომ მარტივად მივდივარ, ზოგჯერ მეჩვენება, რომ ფრთხილი მეტად ვარ, ვიდრე – რისკიანი. დიდად საჭიროებაც არ არის.
– სინანული რის გამო გაქვს? ყველაზე მეტად რა გაწუხებს? 
– რამდენჯერმე მქონდა შესაძლებლობა, ადამიანებს დავხმარებოდი და არ დავეხმარე. სულ 3 სიტუაციაა, რომელიც თვალებიდან არ ამომდის. ერთხელ ვარაზისხევში ავდიოდი, ციოდა, ტროტუარზე ბიჭი იდგა ბავშვთან ერთად, როგორც ჩანს, სციოდა, ამ ბიჭს ბავშვზე პალტო ჰქონდა შემოხვეული. მე მანქანა არ გავუჩერე და სახლამდე არ მივიყვანე. განა სად უნდა წასულიყო?
– ახლა აღსარება თქვი?
– ჰო, აღსარება გამოვიდა. ასეთი ქცევები არ მჩვევია, ადამიანებს ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში ყოველთვის ვეხმარები, მაგრამ იმ წუთში არ ვიცი, რამ გამთიშა, რა დამემართა.
– ბოლოს რას გვეტყვი?
– ყველანი მიყვარხართ, არ ვიცი, რამხელა გული მაქვს, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ მე თითოეული თქვენგანის ბედნიერებით ვხარობ.

წყარო:ჟურნალი “გზა”

კომენტარები

სხვა სიახლეები