“ტვ პირველის” გამომძიებელმა ჟურნალისტმა, ნატა ქაჯაიამ ოფიციალური დოკუმენტები მოიპოვა, რომლებითაც დგინდება, რომ საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც სპორტსმენმა ერთადერთ შვილს, ალიმენტი თვეში 3.600 ლარი უნდა გადაუხადოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ საქართველოს პირველ ჩოგანს დააკისრა – გასული 18 თვის განმავლობაში, როცა ბავშვი სკოლაში არ დადიოდა, შვილს 2.000 ლარი გადაუხადოს. ხოლო 2021 წლის სექტემბრიდან – 3.600 $, მაგრამ ცნობილი ჩოგბურთელი მოსამართლეს არ დაეთანხმა და გადაწყვეტილება გაასაჩივრა.
ბასილაშვილის ყოფილი ცოლი ირწმუნება, რომ ის ალიმენტს არ იხდის. ამბობს, რომ თანხა, 600 ლარი მხოლოდ ერთხელ გადაიხადა.
მოსამართლეს ბასილაშვილი და მისი ადვოკატები უმტკიცებენ, რომ დედას აქვს ფინანსური შესაძლებლობა, არჩინოს შვილი, ბასილაშვილს არა.
რეალობა სხვა რამეზე მეტყველებს. ბასილაშვილის მოგებამ 2021 წელს მილიონ ხუთასი ათასი დოლარი შეადგინა. 2020-ში ნახევარი მილიონი. 2019 წელს – მილიონ ხუთასი ათასზე მეტი დოლარი.
რის საფუძველზე ამტკიცებს ჩოგბურთელი, რომ შვილისთვის ალიმენტის გადახდის შესაძლებლობა არ აქვს?
“შაბათის ეთერი” ბასილაშვილთან კავშირზე გავიდა, თუმცა როგორც კი ინტერვიუს თემა გაიგო, ჩოგბურთელმა ჟურნალისტთან კომუნიკაცია გაწყვიტა. ბასილაშვილის მშობლები ირწმუნებიან, რომ ნიკა შვილზე პირველივე დღიდან ზრუნავს.
ბასილაშვილი-დოროყაშვილის საქმეზე სამოქალაქო დავა საქალაქო სასამართლომ 2021 წლის მაისში დაიწყო. პროცესების მიმდინარეობის დროს ნიკოლოზ ბასილაშვილმა მისი ყოფილი მეუღლის ანგარიშზე ბავშვისთვის სიმბოლური თანხა 600-600 ლარი ჩარიცხა, თანხა ჩოგბურთელმა თავად განსაზღვრა. სავარაუდოდ, ამ თანხას გულისხმობს ჩოგბურთელის დედა, როცა აცხადებს, რომ მისი შვილი ვაჟს ალიმენტს უხდის. ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა “შაბათის ეთერთან” ამბობს, რომ მას გაუთქმელობის დოკუმენტზე აქვს ხელი მოწერილი და კონკრეტულ ციფრებზე ინფორმაციას ვერ გასცემს.
ნეკა დოროყაშვილის ინტერესებს სასამართლოში ადვოკატი ია მარიამიძე იცავს. მარიამიძეს შემდეგი სასამართლო პროცესი 8 თებერვალს აქვს. ნიკოლოზ ბასილაშვილმა უნდა ახსნას, რატომ წაართვა ნაჩუქარი ბინა შვილს.
2020 წელს 4 თებერვალს ნიკა ბასილაშვილმა ქობულეთის ქუჩაზე მდებარე სახლი შვილს აჩუქა. ჩუქების ხელშეკრულებაში ჩაიწერა, რომ მისი გასხვისების უფლება არცერთ მშობელს არ ჰქონდა. ბინას ოჯახი გააქირავებდა, თანხას კი ბავშვის ანაბარზე შეუგროვებდნენ. მაგრამ მოულოდნელად, საჯარო რეესტრის სააგენტოში ნიკოლოზ ბასილაშვილის დედა მივიდა და საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა. დოკუმენტი 21 თებერვლით თარიღდება. ახლა ამ სახლის მფლობელი ბასილაშვილები არიან.
ნიკოლოზ ბასილაშვილის სახელზე არაფერი ირიცხება, 8 ძვირადღირებული ბინა და 2 ავტომობილი მისი ოჯახის წევრებს სახელებზე ბოლო წლებშია გაფორმებული.
ბასილაშვილის და დოროყაშვილის სასამართლო 8 თებერვლიდან განახლდება.
ტვ პირველი