რატომ ჩაიცვა ჩოხა “ლგბტ” წყვილმა – “რაც თავი მახსოვს, მას შემდეგ მიზიდავს ჩემივე სქესის ადამიანები”

„ლგბტ საქართველოს“ თანადამფუძნებელი დავით შუბლაძე, რომელმაც ამერიკელ მამაკაცზე იქორწინა, ჟურნალ “სარკესთან”  მის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე საუბრობს. საქორწინო ცერემონიაზე, რომელიც აშშ-ში გაიმართა, დავითი და მისი რჩეული მეთიუ გენდოლფო ტრადიციულ ქართულ სამოსში – ჩოხებში იყვნენ გამოწყობილები.

– დავით, მოგვიყევით თქვენს ცხოვრებაზე.
– 
ბავშვობა ზუსტად ისეთივე მქონდა, როგორც უმრავლესობას აქვს, არაფერი განსხვავებული, თუ არ ჩავთვლით უმრავლესობისგან განსხვავებულ სექსუალურ ლტოლვას. რაც საკუთარი თავი მახსოვს, მას შემდეგ მიზიდავს ჩემივე სქესის ადამიანები. გენეტიკისა და ფიზიოლოგიის სპეციალისტებს თუ დავუჯერებთ, ადამიანის ორიენტაცია დედის მუცელში ყალიბდება. აღზრდის დროს მისი ცვლა წარმოუდგენელია. დაბადებიდაან მისი სხეულისა და ფსიქიკის ნაწილია და ბოლომდე მიჰყვება.

– საზოგადოებაში თავის დასამკვიდრებლად ბრძოლა მოგიხდათ განსხვავებული ორიენტაციის გამო?
– 
რთულია საკუთარი თავის შესახებ ოჯახის წევრებთან საუბარი და ახსნა, რომ შენ ისეთი არ ხარ, როგორიც მათ უნდათ, იყო. ყველაზე დიდი სირთულე მაინც საკუთარი თავის მიღებაა, ვეძებდი პასუხებს იმაზე, რაზეც ხმამაღლა ვერავის ვკითხავდი. ყველას ასე არ უმართლებს და ზოგიერთ ადამიანს სიცოცხლის ბოლომდე უწევს ნამდვილი ვინაობის მალვა, მოჰყავს ცოლი, ან თხოვდება და ასრულებს ე.წ. საზოგადოებრივ დაკვეთას, რითიც საკუთარ “მე”-ს რეპრესიას უწევს, რაც იმავე საზოგადოებას ურბუნდება ცუდად. მოძალადე ქმრის ან ცუდი დედის სახით.

– ვინ არის თქვენი რჩეული?
– 
ჩემი მეუღლე არის იტალიელი, 41 წლის მეთიუ გენდოლფო. მუსიკის მასწავლებელია. ამერიკაში რაღაც პერიოდი კაფეში ვმუშაობდი. მეთიუ იქ შემოივლიდა ხოლმე ყავის დასალევად. მეგობრული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, შემდეგ უფრო დავახლოვდით. ქალაქში რადგან ახალი ჩასული ვიყავი, გადაწყვიტა, ლამაზი ადგილების მონახულებაში დამხმარებოდა. არაერთი საათი გავატარეთ ერთად მანჰეტენისა და ბრუკლინის ქუჩებში ხეტიალისას, ნამდვილად რომანტიკული დრო იყო.

– ფოტოზე გამოსახული მომენტი, რომელიც თავად გამოაქვეყნეთ, ჯვრისწერაა თუ სამოქალაქო ხელისმოწერა?
– 
ჩვენი ქორწინება ნიუ იორკში, ჩვენს კერძო სახლში შედგა. აშშ-ში სამოქალაქო და რელიგიური ქორწინება შერწყმულია და წყვილზეა დამოკიდებული, რომელი სახის ქორწინება სურს. ფოტოზე ასახულია პასპორტი პროტესტანტული ეკლესიიდან, რომელმაც შეასრულა სამოქალაქო და რელიგიური ქორწინება.

– თქვენც პროტესტანტი გახდით?
– ეს სამოქალაქო რიტუალია რელიგიური ელემენტებით. არავის მოუთხოვია კონფესიის შეცვლა. ეს რიტუალი ნებისმიერ ადამიანს შეუძლია აღასრულოს, თუ მას სახელმწიფო ლიცენზია აქვს.

– ვინ ესწრებოდა თქვენს ქორწინებას?
– 
40-მდე ადამიანი ესწრებოდა – მეთიუს სანათესაო, ჩვენი მეგობრები და მეზობლები. გვქონდა სუფრაც, რომელიც ძირითადად, ქართული კერძებისგან შედგებოდა. იმედია, ამის გამოც არ ატყდება აჟიოტაჟი.

– რატომ ჩაიცვით ქორწილში ორივემ ჩოხა?
– 
ლამაზია ჩოხა და ამიტომაც ვარჩიეთ ფრაკს. მიიჩნევა, რომ ის მხოლოდ ნამდვილ ვაჟკაცს უნდა ეცვას, მაგრამ ყველას ასე არ მიაჩნია და ზოგისთვის ეს უბრალოდ შალის ქსოვილია, ზოგისთვის ფოლკლორული კოსტუმია, მეც ასე ვფიქრობ. ძალიან სავალალოა იმ ერის ბედი, რომლის ღირსებაც რაღაც სახის კოსტიუმზეა დამოკიდებული.

– ფოტო გამოაქვეყნეთ და მიაწერეთ, დიდი სიყვარულით ამხანაგებს კორკოტას და ბრეგაძესო. ეს პროტესტი იყო თუ ნიშნისმოგება?
– კორკოტა და ბრეგაძე იმ ადამიანების კრებითი სახელებია, რომლებიც წარმოადგენენ რეპრესიის მანქანას. პროტესტი იყო ნამდვილად. გარკვეული ადამიანების, კონკრეტული ადამიანების სახელები მეწერა. ზოგადად, ძალიან ქართული მოვლენაა სხვის საქმეში ექსპერტობა, ეს იმ დროს, როდესაც საკუთარ საქმეებს არავის ანახებთ და არც გააკარებთ, თუმცა, აქსიომად იქცა – საკუთარი საქმე როცა არ გაქვს, სხვის ზეწრებში ძრომიალობ.

– როგორ განაწილდება ფუნქციები, როგორია ორი მამაკაცის ერთად ცხოვრება?
– 
თუ ოჯახი ნორმალურია, ფუნქციების გადანაწილებაც საჭიროების შესაბამისად ხდება. თანამედროვე ოჯახი შორს არის იმისგან, რაც საქართველოში ჰგონიათ. ვგულისხმობ იმას, როდესაც მხოლოდ მამრი მუშაობს და ოჯახს ქალი უვლის.

– ქალი არასოდეს გყვარებიათ?
– 
თქვენ გყვარებიათ ქალი ოდესმე?

– რას ფიქრობენ საქართველოში თქვენ შესახებ მეგობრები, მშობლები, ახლობლები, როგორია მათი დამოკიდებულება თქვენი ქორწინებისადმი?
– ოჯახის წევრებიდან ზოგი მხარს მიჭერს დაა ზოგიც ნეგატიურად არის განწყობილი. მინდა აღვნიშნო, ვაი, იმ მშობელს და იმ ნათესავს, რომელსაც სექსუალურ ორიენტაცია უფრო მნიშვნელოვანი ჰგონია, ვიდე მისი სისხლი და ხორცი.

– როგორი ურთიერთობა გაქვთ მშობლებთან?
– 
არ მინდა მათზე ლაპარაკი. არ მინდა, მათ დისკომფორტი შევუქმნა.

– შვილის ყოლას აპირებთ? ბიოლოგიური შვილი იქნება, თქვენი მეუღლის, თუ აიყვანთ?
– ოჯახის არსებობისთვის შვილი მნიშვნელოვანი სულაც არაა. ბევრი ჰეტეროსექსუალი წყვილია, რომლებსაც შვილები არ ჰყავთ. ბავშვები მიყვარს და ახალი სიცოცხლის შექმნამდე უკვე არსებულ და მიტოვებულ ბავშვს ავიყვანდი, რომ მინდოდეს. უფრო მნიშვნელოვანი მგონია, არსებულ სიცოცხლეს მოვურთხილდეთ და აღვზარდოთ, ვიდრე ახალი შევქმნათ.

წყარო: სარკე

კომენტარები

სხვა სიახლეები