არათანაბარი სოციალური პირობები, შეუთავსებლობა, ყოველდღიური რუტინა თუ ემოციების დეფიციტი – სწორედ ამ მიზეზებს მივყავართ განქორწინებამდე. 2000 წლიდან განქორწინებულთა რიცხვი საქართველოში ყოველწლიურად მატულობს. დამნაშავის ძიება, ორი ადამიანის კონფლიქტის დროს, რთულია.
რატომ მიაღწია დანგრეულ ოჯახთა რაოდენობამ საგანგაშო ნიშნულს? ამ კითხვით ფსიქოლოგ რუსუდან მირცხულავას მივმართეთ.
– ეს უნდა უკავშირდებოდეს ისეთ ფსიქოლოგიურ ფაქტორს, როგორიც არის დამოკიდებულების შეცვლა ოჯახისა და ქორწინებისადმი. თუ წინათ ოჯახთან იყო საკრალურ-რელიგიური დამოკიდებულება, ანუ ოჯახი აღიქმებოდა აუცილებლობად, რომელსაც ვერ გაექცევი, ტრადიციად, რომელსაც ვერ უარყოფ, რომელიც უნდა მიიღო ისეთი, როგორიც არის, დღეს ახალგაზრდები ასე არ ფიქრობენ. პიროვნული თავისუფლების ღირებულება განსაკუთრებულ ძალას და მნიშვნელობას იძენს – უფრო მეტად ღირებულია ჩემი თავისუფლება და დამოუკიდებლობა, ვიდრე იმ ადამიანთან თანაცხოვრება, რომელიც მე აღარ მიყვარს ან რომელიც ჩემს პიროვნებას უგულებელყოფს, არ უწყობს ჩემი ინტერესების რეალიზებას ხელს, დისკომფორტს მიქმნის და ა.შ. ადამიანებს შორის და მით უფრო, ოჯახის წევრებთან ურთიერთობა ერთგვარი ფსიქოლოგიურ-სოციალური შრომაა, რომელიც გულისხმობს ფიზიკური და სულიერი ენერგიის ხარჯვას.
თეორეტიკოს კარლ როჯერსის აზრით, აუცილებელია პრობლემების გაცნობიერება, სააშკარაოზე გამოტანა, ქართულ კულტურაში კი ეს მიღებული არ არის. ამ თემებზე საუბრის დაწყებას მაშინვე ჩხუბი მოჰყვება და იმარჯვებს ძლიერი – მამაკაცი! ახალგაზრდებში მატულობს თავისუფლების წყურვილის ტენდენცია. განქორწინების სიმრავლეს ზოგიერთი სოციალურ კატასტროფად მიიჩნევს, განქორწინებული მშობლების ბავშვებს – მსხვერპლად. ზოგიერთი ოჯახს შვილის გამო ინარჩუნებს.
არის კი ეს გამართლებული? რა ჯობია – ბავშვი იზრდებოდეს ურთიერთმოძულე მშობლების გარემოცვაში, თუ ერთ-ერთ მშობელთან? ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ საქმე სიძულვილამდე არ მივიდეს. წყვილმა შეუღლების პირველივე დღეებიდან სწორი ტაქტიკა უნდა აირჩიოს. აღზრდის სისტემა უნდა ითვალისწინებდეს იმასაც, თუ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი დაოჯახების შემთხვევაში! ეს არის თავიდათავი. თუ ახალგაზრდებს მოვამზადებთ ცხოვრების წესის რადიკალური ცვლილებისთვის, ოჯახური ცხოვრება გაუადვილდებათ.
– რა უნდა იცოდნენ ახალგაზრდებმა მომავალ მეუღლეებზე?
– ოჯახს მრავალი ასპექტი აქვს – სექსუალურ-ბიოლოგიური, სოციალური, ფსიქოლოგიური და აუცილებელია მათი გათვალისწინება. ყველაზე კარგი ვარიანტია, როდესაც ორივე მეუღლე სწორად შეაფასებს სიტუაციას. გონებისმიერად დაგეგმავს საოჯახო ცხოვრებას. ჩვენთან გარკვეული საზოგადოებრივი წნეხის ქვეშ უწევთ ქალებს ცხოვრება და ხშირად ქორწინება რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული. მაგალითად, გარკვეულ ასაკს მიღწეულ გაუთხოვარს ეჭვით უყურებენ. ჩვენს კულტურაში წარმატებული ადამიანის იმიჯის აუცილებელი ნაწილი დაქორწინებაცაა. ჩვენთან ტაბუდადებულია სექსუალური მიზეზი: ქორწინებამდე ქალიშვილს ეკრძალება სექსუალური ცხოვრება.
გიორგი სიხარულიძე, ფსიქიატრი:
– ზოგჯერ რომელიმე ფსიქიკური პრობლემა შესაძლებელია გახდეს როგორც მიზეზი, ასევე შედეგი ოჯახური კონფლიქტისა და უბიძგოს ადამიანს ალკოჰოლისკენ, ფსიქოაქტიური ნივთიერებებისკენ, აზარტული თამაშებისკენ… შესაძლებელია, ჰარმონიულად აწყობილ ოჯახში სამსახურებრივმა პრობლემებმა ან გარკვეულმა გენეტიკურმა ფაქტორებმა გამოიწვიოს ესა თუ ის ფსიქიკური პრობლემა… საჭიროა მუშაობა ყველა მიმართულებით, რომ ცოლ-ქმარს შორის გარკვეული ჰარმონიზაცია ჩამოყალიბდეს.
რა როლი აქვს სექსს ქორწინებაში, ამის თაობაზე სექსოლოგი ანდრო კანდელაკს მივმართეთ.
– განქორწინებათა ევროპული და ამერიკული კვლევებით, ქალების 15% და მამაკაცების 35% სექსუალური პრობლემების გამოა განქორწინებული. ეს სტატისტიკა საკმაოდ მაღალია. ჩვენთან არ არის მიზეზები ასე დეტალურად შესწავლილი. ჩემი კლინიკური პრაქტიკიდან გამომდინარე, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ განქორწინებების მიზეზად უმეტესად ეს პრობლემა სახელდება, თუმცა არ ვიტყვი, რომ ტოტალურად ეს არის მიზეზი. სექსუალურ კონტექსტში ადამიანის ფსიქოლოგიურ და პიროვნულ კონტექსტსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს – როგორ არიან განწყობილი ერთმანეთის მიმართ, რამდენად არის მათში ღიაობა, გახსნილი უერთიერთობა, როგორც ვერბალური, ასევე სხეულებრივი ენის სახით.
ხშირია შემთხვევა, როცა ორი ჯანსაღი პარტნიორი – ცოლი და ქმარი – ვერ ამყარებს ჰარმონიულ ურთიერთობას, ამის ერთ-ერთ მიზეზად სახელდება სექსუალური კულტურის დაბალი დონე, შეიძლება უმეცრებამდეც იყოს საკითხი მისული, მეორე მიზეზია ფსიქოფიზიოლოგიური ასპექტების შეუთავსებლობა. მამაკაცისა და ქალის სექსუალურობა თავისი ნეირობიოლოგიითაც განსხვავდება ერთმანეთისაგან. ხშირად პრობლემებზე საუბარი უჭირთ და ქვეცნობიერად ილექება ეს პრობლემა. აქედან გამომდინარე,”დაჩაგრული”შეიძლება ფსიქოსომატურად საკმაოდ დაზიანდეს, გაუჩნდეს მკერდის, გინეკოლოგიური პრობლემები, ანუ სხეულზე, ფიზიკურ კომპონენტზე აისახოს ეს სექსუალური იმედგაცრუება, რომელმაც შეიძლება ინტერესი დაუკარგოს მეუღლის მიმართ. შესაბამისად, დისტანცია იზრდება და მათ შორის ბზარი ფართოვდება, თუ ეს პრობლემა დამალული და ფასადურია, მაშინ საკითხის მოუგვარებლობა გადადის კონფლიქტში, რომელიც ყოველდღიურად თანდათან იზრდება და განქორწინების მიზეზიც შეიძლება გახდეს, თუმცა მიზეზად ასახელებენ – ხასიათით ვერ შევეწყვეთ, ყოფით ნიადაგზე გვქონდა პრობლემებიო, ანუ ყურადღება გადააქვთ სხვა პრობლემებზე, მაგრამ რეალურად საწყისი სხვაა.
წყარო:http://www.kvirispalitra.ge/