“კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატება დაკავშირებულია იმ ჰიგიენური ღონისძიების ჯაჭვის წყვეტასთან, რომლის გატარებაც აუცილებელია”, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი, ლევან რატიანი „პირველ არხთან“ საუბრობს.
“ბოლო პერიოდში „კოვიდ-19“ ჩვენს ქვეყანაში ელიმინაციისსტადიაზე იდგა. ე.წ. პირველი ტალღა თითქმის დასრულებულია, მაგრამ რამდენიმე დღეა, წამოვიდა ახალი შემთხვევები. ახალი შემთხვევების მატება დაკავშირებულია იმ ჰიგიენური ღონისძიების ჯაჭვის წყვეტასთან, რომლის გატარებაც აუცილებელია.
მოსახლეობას მოვუწოდებ, დაიცვან სოციალური დისტანცია, პირადი ჰიგიენა და სხვა ნორმები. თუ ამ ნორმებს დავიცავთ, ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის წარმატებული იქნება.
ჩვენი კლინიკა კოვიდთან ბრძოლაში წარმოადგენდა ერთადერთ მძლავრ დაწესებულებას, ვინაიდან ჩვენს კლინიკაში გაიარა თითქმის ყველა მძიმე პაციენტმა.
ამ ეტაპზე კლინიკა მუშაობს ჩვეულ რეჟიმში, მაგრამ თუ ეს დასჭირდა ჩვენს სახელმწიფოს, კლინიკა მზად არის, გამართული ინფრასტრუქტურითა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ჩაერთოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ეს რომ არ მოხდეს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, დაიცვას პირადი ჰიგიენის ნორმები, რაც ვირუსის საწინააღმდეგოდ არის მოწოდებული“, – განაცხადა ლევან რატიანმა.