პაატა თედიაშვილის უფლისადმი რწმენა ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა მოვლენებმა განაპირობა, რამაც საბოლოო ჯამში, ჩამოაყალიბა მისი დამოკიდებულება მართლმადიდებლურ რელიგიასთან, რომელზედაც გულწრფელად გვესაუბრა.
პაატა თედიაშვილი: მწამს სიყვარულის, ადამიანობის, სიკეთისა და ერთგულების. არ მწამს, რომ მაღალ ტახტრევანზე ღრუბლებში ზის კაცი, თეთრი წვერითა და სამოსით და იქიდან აკონტროლებს სამყაროს. მწამს, რომ ის ენერგია გვიბრუნდება, რომელსაც გავცემთ. ამას თუ ღმერთი ჰქვია, არ ვიცი.
ღმერთი არსებობს, მაგრამ თუკი ვამბობთ, რომ არსებობს, უნდა ვთქვათ ისიც, რომ ის არის თაოსანი კარგისაც და ცუდისაც. ის აძლევს ადამიანს არჩევანის უნარს და უფლებას. მართლმადიდებლები ფიქრობენ, რომ უფლისგან მოდის ყველაფერი კარგი. რაც შავი და ბოროტებასთან კავშირშია, ეშმაკისგან მოდის. მე მგონია, რომ თუკი ღმერთია სამყაროს დამბადებელი, მაშინ ის უშვებს ყველაფერს, ცუდსაც და კარგსაც. არ არსებობს ეშმაკი. მტრის ხატის შექმნა და თავის მართლებაა ყველაფერი დანარჩენი, რომელიც სწავლულებმა შექმნეს.
– ბავშვობიდან მოყოლებული, როგორი იყო რელიგიისადმი თქვენი დამოკიდებულება?
– მე ვცხოვრობდი ხაშურში, საერთო საცხოვრებელში, რომლის ეზოშიც იდგა ფურნე. ის აშენებული იყო ადგილზე, სადაც ადრე მეომრების საძვალე ყოფილა და კომუნისტების დროს გადაუკეთებიათ. უკან ერთი კედელი იყო დარჩენილი, სადაც ჩუმად მიდიოდნენ ქალბატონები და სანთლებს ანთებდნენ. ბავშვებიც იმავეს ვაკეთებდით. ეს იყო გაუცნობიერებელი რიტუალი ჩვენთვის. ამბობდნენ, რომ ეს ნაწილი ადრე ეკლესიის იყო. წლების შემდეგ ეს ეკლესია აღდგა. თანაკლასელი გოგონა მყავდა მორწმუნე, ოჯახში ცოტა რთული პერიოდები გვქონდა და მან ლოცვების წიგნი მაჩუქა. მითხრა, თუ ამ ლოცვებს წაიკითხავ, შენი ცხოვრება დალაგდება და შენი შიშები გაქრებაო. მეზობელ ქალბატონს, რომელიც ეკლესიაში მუშაობდა, დაზიანებული ხატები მოვატანინე და ჩემი ხელით აღვადგინე. ყოველდღე ვლოცულობდი. მე სკოლაში საღვრთო რჯულს ვსწავლობდი და ამ ყველაფერმა ერთად, განაპირობა ჩემი რელიგიასთან დაახლოება. მახსოვს, გამოცხადება მქონდა. მაშინ, როცა ჩვენს ოჯახს ძალიან რთული პერიოდი დაუდგა და მომავლის ფობია გამიჩნდა, დიდი უდაბნო ვნახე, რომელიც თეთრი წყლით იყო დაფარული. ძალიან დიდი წყალი იყო, რომელზედაც ვერ გადავდიოდი. მეორე მხარეს თეთრ სამოსში გამოწყობილი კაცი იდგა და მითხრა, გადმოდი, არ ჩაიძირები, ჩემთან მოხვალო და მართლაც, მე ამ წყალზე გადავედი. ამის შემდეგ ჩემი ოჯახის ცხოვრება შემობრუნდა. მუშაობა დავიწყეთ და რთულ პერიოდს ნელ-ნელა თავი დავაღწიეთ.
– გაუცხოება როდის მოხდა?
– მე რომ ვიწამო ხის ფოთლის, ვილოცო, შევისწავლო და ის გახდეს ჩემი ცხოვრების ქვაკუთხედი, მაშინ სიზმარსა თუ ცხადში უამრავი რამ მოხდება ამ ფოთოლთან დაკავშირებით. ადამიანს რაც ძალიან უნდა, რისიც ძალიან სწამს და სჯერა, გონებაც მუდმივად მის გარშემო იტრიალებს. ყველაფერი ჩვენი ფსიქოლოგიიდან მოდის. ქვეცნობიერი ისე ალაგებს ყველაფერს, რომ მერე ჩვენი რწმენა რაღაცისადმი, ან სიზმარში იჩენს თავს და ან ცხადში. რაღაცის უნდა იწამო. იმ ვითარებაში, როგორშიც ჩვენ ვცხოვრობდით, ჩემთვის მთავარი დასაყრდენი ეს აღმოჩნდა.
– გამოდის, სასწაულები, რომელზედაც რელიგია მოგვითხრობს თუ თითოეულ ჩვენგანს გადახდენია თავს, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ მიერ დასაყრდენის პოვნის სურვილითაა გამოწვეული?
– ამაზონის ჯუნგლების შამანების ფენომენი გავიხსენოთ, ის რიტუალები, რომელსაც ავადმყოფების მიმართ ახორციელებდნენ. ისინი ავადმყოფებს აჩვენებდნენ ნივთებს და ეუბნებოდნენ, ეს შენ თავში გქონდა და ეს განაპირობებდა შენს ცუდად ყოფნას, მაგრამ ჩვენ ის ამოგიღეთ და დღეიდან შენ კარგად იქნებიო. მას შემდეგ, რაც ამას დაიჯერებდნენ, ადამიანები მართლაც ბედნიერად აგრძელებდნენ ცხოვრებას. შამანების დანიშნულება ადამიანების განკურნება იყო, ოღონდ გარკვეული ილუზიებით.
– ანუ, ღმერთი, რწმენა, რელიგია, ის ილუზიაა, რომელიც ადამიანებს არსებობისთვის გვჭირდება?
– აუცილებლად. ყველაფერი იმისთვისაა, რომ ადამიანები იმართოს. ლოცვები, რომელიც დღის განმავლობაში უნდა წავიკითხოთ, მუდმივად გვახსენებს, რომ სამყაროში ღმერთი არსებობს და გვასწავლის, როგორ უნდა ვიცხოვროთ. თუ რელიგია რიტუალებს კრძალავს, ლოცვის კითხვა და ეკლესიაში სიარულიც ხომ რიტუალია? ეს ყველაფერი სამყაროში წესრიგის შემოტანის სურვილითაა განპირობებული. ეს ყველაფერი გვახსენებს, რომ ღმერთი არსებობს და მხოლოდ აქ ცხოვრება კი არ არის მნიშვნელოვანი, გარდაცვალების შემდეგ არსებობს საიქიო ცხოვრება და ამიტომ აქ ჩვენი ცხოვრება წესიერების ფარგლებში უნდა ჯდებოდეს. მე საიქიო ცხოვრებას არ ველოდები, ამ ცხოვრებაშიც ყველაფერი უკან მიბრუნდება. თუ რამე ცუდს გავაკეთებ, მაშინვე გამეცემა ხოლმე პასუხი, ავადობის, წარუმატებლობის ან სხვა ცუდი რამის სახით. ნუ დაგვავიწყდება, რომ ქრისტიანობა იყო მდიდრების რელიგია მონებისა და გლეხების სამართავად. ჯვაროსნულ ომებს და ყველა დანაშაულს თუ ავიღებთ, რაც რელიგიისა და უფლის სახელით ჩაუდენია ადამიანს, ეს ხომ ძალადობაა?!
– სასულიერო პირების მხრიდან კრიტიკა ყოფილა?
– კი, როცა ათი მცნება ჩავწერე, ანათემაზე გადაცემასაც ითხოვდნენ და საინფორმაციოებში გადმოსცეს ეს საკითხი. დღესაც არ ვიცი, ვინ არიან ეს მამაოები, მაგრამ უბრალოდ გამეცინა და აქ დამთავრდა ყველაფერი.
– საიქიო ცხოვრების თუ გჯერათ?
– ალბათ, ეს სამყაროა სამოთხე. იმიტომაც მოგვეცა აქ ამდენი განსაცდელი, რომ ეს სამყარო დავაფასოთ. დამთავრდება სიცოცხლე და დამთავრდება ყველაფერი. ამ ეტაპზე ასე ვფიქრობ. საიქიო ცხოვრების, სამოთხისა და ჯოჯოხეთის არ მჯერა. აქეთ კუპრი თუხთუხებს და ეშმაკი დგას ფიწლით, იქით სამოთხეა – ეს ზღაპარი მგონია. ისედაც ეყოფა ადამიანს ამქვეყნად ამდენი განსაცდელი, იმქვეყნად თუ კუპრში უნდა მოიხარშოს, მაშინ აქ მაინც იყოს ბედნიერი. სადმე ხომ უნდა ვიყოთ ბედნიერი?!
წყარო: თბილისელები