“ჩემი მეუღლე ერთ-ერთ მიღებაზე გავიცანი. მაშინ მარგველაშვილთან ვმუშაობდი”
გასულ წელს უმრავლესობა ნეგატიურად აფასებს, მაგრამ ამას ვერ ვიტყვით ანა დოლიძეზე. მის ცხოვრებაში ამ წელს ბევრი საინტერესო რამ მოხდა, მთავარი კი ისაა, რომ ის მეორედ გახდება დედა. საახალწლო თემებზე სასაუბროდ ჩვენს რუბრიკაში სხვანაირ ანა დოლიძეს გაგაცნობთ.
– როგორ შეხვდით ახალ წელს?
– რეკომენდაციებისა და ჩემი მდგომარეობის გათვალისწინებით. ვერიდები ხალხთან ურთიერთობას. თან გვერდით მყავს დედა, ასაკოვანი ხალხი, ამიტომ, ახალ წელს შევხვდით მე, მეუღლე,
ანდრო, დედაჩემი და ჩემი და. ახალ წელს ღამისთევას მიჩვეული არ ვარ, სიმბოლურად ვხვდები ხოლმე 12 საათს.
– მიხარია, რომ 2020 თქვენთვის განსაკუთრებული წელი იყო…
– მართლაც, ბევრი რამ მოხდა ამ წელს. ურთულესი წელი იყო ემოციურად, ეკონომიკურად, თუმცა, ჩემთვის საინტერესო იყო იმიტომ, რომ პირველად ჩავატარეთ საარჩევნო კამპანია და ეს იყო უსერიოზულესი გამოცდილება. თანაც, სწორედ გასულ წელს ვიქორწინე.
– ეს ამბავი არ ვიცოდით…
– არავინ იცის, საიდუმლოდ ვინახავდით. “კორონას” პირველსა და მეორე ტალღებს შორის მოვასწარით და ჯვარი დავიწერეთ. ჩემი მეუღლე პროფესიით ფინანსისტია. აპოლიტიკურია – ეს არის მთავარი. ფეხმძიმობა რომ დამიდასტურდა, ძალიან გამიხარდა. არ ვარ პატარა ასაკის და უფრო მეტი საზრუნავი მაქვს, ვიდრე ანდროს დაბადებისას მქონდა. ჯანმრთელობის კონტროლი, შაქრის კონტროლი, წყლის კონტროლი – ყველაფერი საზრუნავია. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ამ პირობებში საარჩევნო კამპანია ჩავატარე და ხალხს ვხვდებოდი. კი ვუფრთხილდებოდი თავს, მაგრამ ღმერთმაც დამიფარა. თებერვლის ბოლოდან ველოდებით პატარას.
– გოგონას ელოდებით თუ ბიჭს?
– არ ვიცით, სიურპრიზად ვინახავთ. ანდრო ფიქრობს, რომ ძმა კარგია იმიტომ, რომ მასთან ბევრს ითამაშებს. იმასაც არ გამორიცხავს, რომ შეიძლება, ბიჭი მისი ნივთებით დაინტერესდეს, ამიტომ, იქნებ, გოგოს ძმობა უფრო ადვილი იყოსო – ასე მსჯელობს.
– ახლა რამდენი წლისაა ანდრო?
– 13-ის. კორონამ ძალიან დაგვაზარალა და, მგონი, ბავშვები – ყველაზე მეტად. მეგობრები არ უნახავს ხუთი თვეა, მაგრამ ყოჩაღადაა.
– ქორწინებას დავუბრუნდები – როგორ აღნიშნეთ?
– დიდი აღნიშვნა გვინდოდა, მაგრამ რომ მივხვდით, ზაფხულში ყველაფრის აღდგენას პირი არ უჩანდა, გადავწყვიტეთ, ჯვარი დაგვეწერა.
– თქვენი სიყვარულის ისტორია როგორ დაიწყო?
– ჩემი მეუღლე ერთ-ერთ მიღებაზე გავიცანი. მაშინ მარგველაშვილთან ვმუშაობდი. მას მერე რაღაც პერიოდი გავიდა და დავიწყეთ შეხვედრა. ჯერ ყავაზე დამპატიჟა, მერე ისე განვითარდა მოვლენები, რომ ყველაფერი ქორწინებით დასრულდა.
– აღნიშნავს ხოლმე, რომ ამა თუ იმ გამოსვლაში ასეთი და ასეთი იყავით და იქნებ ჯობდა…
– არა. ჩემს გადაცემებს არ უყურებს არც გიორგი – ასე ჰქვია ჩემს მეუღლეს და არც ანდრო – ჩემი შვილი. ჩემი მთავარი მიმომხილველი და კრიტიკოსი დედაჩემია.
– წინასაახალწლო სამზადისი მოგწონთ, თუ სამზარეულოში თქვენი ადგილი არ არის?
– არა, პირიქით, ძალიან მიყვარს, ოღონდ ყოველ წელს მეშინია, წონა არ მოვიმატო. ვერიდები ჩურჩხელას, გოზინაყს, საცივს. წელს საცივი დედაჩემმა მოგვიმზადა. მე ხაჭაპური გამოვაცხვე და სალათები მოვამზადე.
ყველას ვულოცავ 2021 წლის შემობრძანებას, ვუსურვებ დასვენებას, სიმშვიდეს, რაც მთავარია – ჯანმრთელობასა და ყველა უარყოფითი მოვლენის 2020-ისთვის გატანებას.
წყარო:https://www.kvirispalitra.ge