რატომ გვიჭირს მიზნების მიღწევა? ორშაბათიდან დავიწყებ ახალ ცხოვრებას?
ახალი წლის ფსიქოლოგიური დილემა - ფსიქოთერაპევტი მაგდა კოტრიკაძე
ყოველი ახალი წელი გვაძლევს იმედს, რომ ყველაფერი უკეთესად იქნება. ვწერთ გეგმებს, ვამბობთ: „ამ წელს აუცილებლად შევცვლი ცხოვრებას!“ მაგრამ რატომ ხდება ისე, რომ იანვრის ბოლოს ჩვენი ენთუზიაზმი ქრება?
მიზნის დასახვისას ჩვენ ვგრძნობთ ენერგიას და მოტივაციას. მაგალითად, 1 იანვარს ვამბობთ: „ყოველდღე ვივარჯიშებ!“ პირველი რამდენიმე დღე ვვარჯიშობთ, მაგრამ შემდეგ იწყება რუტინა და მოტივაცია ქრება. ეს იმიტომ ხდება, რომ ტვინი იღებს ჰორმონ „დოფამინის ბუსტს“ სასტარტო რეჟიმში.
ხშირად ვიწყებთ ძალიან დიდი გეგმებით: „ამ წელს აღარ შევჭამ ტკბილეულს, ყოველდღე ვივარჯიშებ, დავიწყებ ახალი ენის სწავლას.“ რეალურად, ეს ზედმეტი ოპტიმიზმია. მაგალითად, როცა ვცდილობთ ერთდროულად დიეტას და ვარჯიშს, მალე ვიღლებით და უფრო სწრაფად ვნებდებით.
მეორე პრობლემა არის ნებისყოფა. წარმოიდგინეთ, რომ დილით გადაწყვიტეთ, აღარ მიირთვათ ტკბილეული. საღამოს, როცა დაღლილი ხართ, მეგობარი გთავაზობენ ნამცხვარს. ორგანიზმი უკვე გამოფიტულია, ნებისყოფა აღარ გვყოფნის და ხშირად ვამბობთ: „კარგი, ხვალიდან დავიწყებ.“
ჩვევების ჩამოყალიბება საკმაოდ რთულია. მაგალითად, თუ გსურთ ყოველდღე ივარჯიშოთ, ნუ ელით, რომ ეს ჩვევად იქცევა 2 კვირაში. კვლევები აჩვენებს, რომ ჩვევის ჩამოყალიბება საშუალოდ 2 თვეს მოითხოვს.
და ბოლოს, სოციალური ქსელები. ხედავთ მეგობრის ფოტოს, რომელიც უკვე 10 კილოგრამით გამხდარია, და ფიქრობთ: „მე ვერ ვახერხებ.“ ეს შედარება იწვევს სტრესს და გვაკარგვინებს სურვილს გავაგრძელოთ. ქრება მოტივაცია და ისევ ვნებდებით.
რა უნდა გავაკეთოთ? დაიწყეთ პატარა ნაბიჯებით. მაგალითად, ნუ იტყვით, „ყოველდღე ვივარჯიშებ“, თქვით „კვირაში ორჯერ ვივარჯიშებ“. თუ გსურთ ჯანსაღი კვება, დაიწყეთ ერთი ცვლილებით, მაგალითად, საღამოს ტკბილეულის ნაცვლად მიირთვით ხილი. ასე ტვინი ადვილად მიეჩვევა ახალ წესებს.
ახალი წელი არ არის ჯადოსნური ღილაკი. ეს მხოლოდ შესაძლებლობაა, რომ დავიწყოთ პატარა ნაბიჯებით. მთავარია, არ ვიფიქროთ „ყველაფერი ან არაფერი“. ცვლილება არის პროცესი, არა მყისიერი შედეგი.