რატომ გაარტყა ვიტოს დედამ – “კიდევ გამარტყიო, მითხრა, და მეც გავარტყი”

მორაგბე ვიტო კოლელიშვილს დღეს ყველა ქართველი იცნობს. ცნობილი მშობლების შვილმა მოახერხა, თავად მოეხვეჭა სახელი და სრულიად სხვა სფეროში. ზაზა კოლელიშვილისა და ნათია გოგოჭურის ერთ-ერთი ვაჟი საქართველოს რაგბის ნაკრების წევრი და ნამდვილი ვარსკვლავია. მორაგბეების ბოლოდროინდელი წარმატებების შემდეგ, სხვა მორაგბეებთან ერთად, რასაკვირველია, ვიტოც საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს. ცოტა ხნის წინ ლალიკო მოსიაზე იქორწინა, ხოლო როგორი იყო მანამდე და როგორ ზრდიდა დედა მას და მის ოთხ და-ძმას, ამაზე ნათია გოგოჭური ჩვენს ერთ-ერთ ინტერვიუში ჰყვებოდა. გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ამონარიდს ამ ინტერვიუდან:

– განსხვავებული იყო გოგოებისა და ბიჭების გარდატეხის ასაკი?
– გოგოებში უფრო ადრე იწყებოდა ეს პერიოდი. მთლიანობაში გარდატეხის ასაკი არის ეტაპი, როდესაც ბავშვი თვითდამკვიდრებას იწყებს, თუ ოჯახში მეგობრული დამოკიდებულებაა, მაშინ შედარებით მარტივადაა ყველაფერი, რადგან ტყუილის თქმის საჭიროება არ დგება. თუმცა, 11-12-13 წლის ასაკში განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ ბიჭებს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს, სადაც მათ უწევთ ყოფნა: სკოლა, სამეგობრო და ა.შ. ბავშვი რაც უფრო მეტადაა დაკავებული და ბევრი დრო არ რჩება სხვა რაღაცებისთვის, უკეთესია. ამდენი შვილი მყავს და ყველა სხვადასხვანაირი იყო ამ ასაკში, ერთმანეთისგან განსხვავებული მოთხოვნები ჰქონდათ. ელენე 13-14-15 წლის ასაკში გარეთ არ გადიოდა, აკეთებდა სახლში რაღაცებს და კმაყოფილი იყო იმით, რომ სწავლობდა. ვეუბნებოდი ხოლმე, წადი, ერთი დღით მაინც გადი სადმე-მეთქი, მაგრამ არა, სტუდენტობამდე ასე იყო. აი, კესოს შემთხვევაში კი აღმოვაჩინე, 13 წლის ასაკში სკოლაში რომ ვუშვებდი, კლასში არ ადიოდა და გოგოებთან ერთად სკოლის ეზოში იჯდა. მაგრამ აგრესია არ მქონია, ისე მოვაგვარეთ ყველაფერი, რომ არ გავუცხოვდით. რაც შეეხება ბიჭებს, სპორტმა უფრო იოლად გადამატანინა ეს პერიოდი, იმდენად დატვირთულები იყვნენ, სხვა რაღაცებისთვის ბევრი დრო არ რჩებოდათ.
vito
– ამ დროს სიმკაცრე გამოსავალია?
– ვერ გეტყვი. ერთად რომ სხდებიან ჩემი შვილები, იხსენებენ იმას, როგორ დავსაჯე, ერთხელ გავაპროტესტე კიდეც, დასჯის მეტი არაფერი მიკეთებია, თუ ამას რატომ იხსენებთ მაინცდამაინც-მეთქი (იცინის). ზოგადად, ვთვლი, რომ მკაცრი არ ვარ, მაგრამ ყველაზე მეტად ვერ ვიტან ტყუილს და ამის გამო კი დამისჯია შვილები. ყველამ იცის, რომ ყველაზე საშინელ სიმართლესაც კი მოვისმენ და გავიგებ და პატარა ტყუილს კი ვერ ვაპატიებ. თუ, თქმა არ უნდათ, მირჩევნია მითხრან, მეტს არ გეტყვიო და გავჩერდები, ტყუილს კი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გავიგებ. საბოლოოდ, რომ შევაჯამეთ, აღმოჩნდა, რომ ჩემი ყველა შვილი დასჯილი მყავს ტყუილის გამო.
– როგორი იყო დასჯის მეთოდი?
– შენ წარმოიდგინე, ქამრითაც მყავს ბიჭები ნაცემი, ოღონდ ფეხებში მოვარტყი, ისე, რომ დალურჯებული ჰქონდათ. ესეც ტყუილის გამო მოხდა, მთელი საღამო ვეძებე, არსად ჩანდნენ, რომ ვკითხე, სად იყავით-მეთქი, აქვე, სახლის უკანო. არადა ბოლოს გაირკვა, რომ საერთოდ სხვა რაიონში იყვნენ წასულები. მაშინ დაისაჯნენ ძალიან, დაახლოებით, 9-11 წლისები იყვნენ. ვიტოს ის ახსოვს, პირველად სიგარეტი რომ ვუპოვე ჯიბეში, გამირტყამს, კიდევ გამარტყიო მითხრა, მეც გავარტყი (იცინის). სხვათა შორის, მერე აღარ მოუწევია. დასჯა შეიძლება წელიწადში ერთხელ, ორჯერ, ეს უნდა იყოს ურთიერთობის უმაღლესი ზომა, რომელსაც დედაც უნდა უფრთხოდეს და შვილიც.

წყარო: www.mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები