რატომ არ მოსწონს “გრიშა კაკაჩიას” შვილს მამის როლი – ამ პერსონაჟმა ცოტა შეგვაწუხა

რუსთაველის თეატრის მსახიობი დავით კვირცხალია სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ გრიშა კაკაჩიას პერსონაჟს ასახიერებს.

ჟურნალ „სარკესთან“ საუბარში ამბობს, რომ თეატრში ძლიერი როლები აქვს ნათამაშები, თუმცა პოპულარული გრიშას პერსონაჟით გახდა.
„რუსთაველის თეატრში გოგი ქავთარაძემ სპექტაკლ „რომეო და ჯულიეტაში“ რომეოს როლი მანდო.
პარტნიორობას მარი ჯანაშია მიწევდა. ამ სპექტაკლს ჩვენს თაობაში დიდი წარმატება ჰქონდა, მაგრამ არ მახსოვს, რომ ვინმეს რომეო დაეძახოს ჩემთვის.
ახლა მთელ თბილისში, სადაც მივდივარ, მეუბნებიან, გრიშას გაუმარჯოსო. არ ვიცი, ეს პროგრესია, თუ რეგრესი, მაგრამ ასეა“, – აღნიშნავს მსახიობი.
მისი თქმით, გრიშა კაკაჩიას პერსონაჟს ახლო ნათესავებს ამსგავსებს.

„არც მიფიქრია, რომ ვინმეს პროტოტიპია, რაღაც საქციელში კი ძალიან ახლო ნათესავებს ვამსგავსებ. საერთოდ, ჩვენი ყოფა ჰგავს ამ კაცს. მის მიმართ ხანდახან სიმპათიითაც ვიმსჭვალები, რადგან არავის ეპატიჟება, არავის ატყუებს, ყველა მიდის მასთან ერთი მიზნით, რომ სთხოვოს რაღაც და ეს კაციც მიდის ამაზე, მაგრამ თუ გინდა დახმარება გაგიწიოს, მისი პირობები უნდა გაითვალისწინო“, – ამბობს მსახიობი.
მსახიობს ორი შვილი ჰყავს, რომელთაც კაკაჩიას პერსონაჟი არ მოსწონთ.
ელენე: „ყველაზე ნაკლებად გრიშა კაკაჩია მიყვარს, ვერ ვიტან ამ პერსონაჟს. თუკი არსებობს სტერეოტიპი, ვისაც ვერ ვიტან, ეს არის გრიშა კაკაჩია. თუმცა მამა ამ როლს კარგად ასრულებს“.

რუსკა: „ბევრს დაუსვამს კითხვა, მამაშენი მართლა ასე ლაპარაკობსო? მამა გრიშას საერთოდ არ ჰგავს. მიუხედავად იმისა, რომ ყოველ ზაფხულს სამეგრელოში ვისვენებთ და ნათესავები იქ გვყავს, გრიშასა და დათოს შორის მსგავსება არასდროს დამიჭერია. ამ პერსონაჟმა ცოტა შეგვაწუხა, ქუჩაში გვაჩერებენ, მამასთან ფოტოებს იღებენ“.

წყარო: ჟურნალი  “სარკე”

კომენტარები

სხვა სიახლეები